ლა-სკალას ქართველი სოლისტი ანიტა რაჭველიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
"ეს არის არა უბრალოდ ხელოვნების მარადიული ფასეულობის ზეიმი, ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩემთვის - ადამიანის მიერ შრომით და ნიჭიერებით ყველაფრის მიღწევა ცხოვრებაში. ანიტა რაჭველიშვილი არაპრივილეგირებული ოჯახიდანაა და სწორედ ასეთი ოჯახები ქმნიან მატერიალურ დოვლათს და წინ მიჰყავთ ქვეყანა. შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება ნებისმიერი მთავრობის პირობებსა და ნებისმიერ ვითარებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის შეფასებით, საქართველოში ბოლო წლებში ქართული მუსიკალური ნიჭის უპრეცედენტო აღმასვლა ფიქსირდება.
"საქართველოს არასოდეს ჰყოლია ამდენი ოპერის ვარსკვლავი. ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანობენ წარმატებული ქართველი ბალეტის მოცეკვავეები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
რაჭველიშვილის დაჯილდოების ცერემონიას კონსერვატორიისა და ხელოვნების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ წელს ლა-სკალაში სეზონი სწორედ ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა გახსნა. გუშინ კი თბილისში მან პირველი სოლოკონცერტი გამართა.