სიღნაღში, ცოტნე დადიანის ქუჩა 1-ში მცხოვრები მატილდა მირზოევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში, პროტესტის ნიშნად, უვადო შიმშილობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მირზოევა მესამე წელია საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას უშედეგოდ ითხოვს. სიღნაღის გამგეობამ მირზოევების ოჯახს აღნიშნულ ტერიტორიაზე უალკოჰოლო სასმელების გაყიდვაც აუკრძალა. ცოტა ხნის წინ, წინააღმდეგობის გაწევის მიზეზით მირზოევები პოლიციელებმა დაარბიეს, მატილდა მირზოევა და დედამისი დააკავეს და დააჯარიმეს.
საბოლოოდ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მირზოევების სახლის შესასვლელთან მდებარე მიწის ნაკვეთი თავად დაირეგისტრირა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის გამგეობის წარმომადგენელმა კახი ღვინიაშვილმა განუცხადა, გამგეობამ მიწის ნაკვეთი შესაძლოა გაყიდოს.
მატილდა მირზოევა მარტოხელა დედაა და ორ მცირეწლოვან ბავშვს ზრდის.