საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ახალი მეთოდოლოგია საარჩევნო პროცესშიც იქნას გამოყენებული და შესაბამისი ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაშიც აისახოს. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს პარლამენტში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მეორე მოსმენით განიხილება კანონპროექტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
აღნიშნული კანონპროექტი კანონპროექტთა იმ პაკეტიდან გამოცალკევებით განიხილება, რომელიც სახელმწიფოს ახალ მიდგომას ითვალისწინებს ნარკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
ახალი ინიციატივით საჯარო სამსახურებში ნარკოლოგიური შემოწმების ახალი სისტემა დაინერგება. დიმიტრი ლორთქიფანიძე კი აღნიშნული პრინციპის განხორციელებას ითხოვს საარჩევნო პროცესშიც. ამასთან იგი აქცენტს იმაზედაც აკეთებს, რომ თუკი აღნიშნული პრინციპის საარჩევნო სისტემაში დანერგვა მოხდება "ქართული პოლიტიკური სპექტრიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ პარტიებში საარჩევნო სიების პირველი ათეულიდან ბევრი გვარი გაქრება", - აცხადებს ლორთქიფანიძე.
თმის ღერის ექსპერტიზის მეთოდით ნარკოლოგიური გამოკვლევის შედეგად, ლორთქიფანიძის განმარტებით, ხდება მთელი სპექტრის შესწავლა უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, ხოლო დღეს მოქმედი მეთოდი მხოლოდ 24 საათის განმავლობაში მოხმარებულ ნარკოტიკს აღმოაჩენს.