რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ მისი დამოკიდებულება შეიცვალა და არ გამორიცხა, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს. განცხადება ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა თავის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მე პირადად შემეცვალა დამოკიდებულება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ. ხალხის მიმართ დამოკიდებულება არ შემცვლია, ის როგორც იყო კეთილი და კეთილმოსურნე ისეთივე დარჩა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, ასეთივე კეთილმოსურნე დამოკიდებულება ჰქონდა მას ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.
„ჩვენ დანაკარგები განვიცადეთ სამხედრო მოსამსახურეთა შორის. ჩამოაგდეს ვერტმფრენი და მფრინავმა სადღაც საქართველოს ტერიტორიაზე კატაპულტირება მოახერხა. მოხუცი ქალი მივიდა მასთან, თავისთან წაიყვანა, გამოკვება და შემდეგ ის რუსი სამხედროების მხარეს გაუშვეს", _ განაცხადა პუტინმა.
„ჩვენ არ დაგვიწყია ეს საბრძოლო მოქმედებები და ახლა ეს სრულიად ცხადია, ეს ყველამ აღიარა. ჩვენ ათასჯერ ვთქვით, არავითარ შემთხვევაში აქამდე არ მიიყვანოთ სიტუაცია, არ გააკეთოთ ეს. ამის მიუხედავად ეს ყველაფერი მოხდა",_ აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ახლა უკვე გარკვეული რეალობაა შექმნილი.
„შეუძლებელია ჩვენ ამას ანგარიში არ გავუწიოთ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სიგნალებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება გადმოგვცემს.
არვიცი რა ჰქონდა მხედველობაში ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, იქ შეიძლება იყოს რაღაც ფორმალური საკითხები სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ სავსებით შეგვიძლია უვიზო რეჟიმთან დაბრუნება. ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნებოდა",_ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის შესწავლა ექსპერტების დონეზეა საჭირო.
მისივე თქმით, „ეს დაეხმარება ადამიანებს უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, შექმნიდა პირობებს ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტალური ნორმალიზებისათვის".