"ქრისტიან-დემოკრატები" პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრებენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
"პოლონეთის წონა ევროპულ პოლიტიკაში დღითიდღე იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ 40-მილიონიან ქვეყანაში ქართულ პროდუქციას ადვილად შესვლის საშუალება ჰქონდეს", - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხზე როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამაც უნდა იმუშაოს.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე წამოადგენს, ალიანსის სახელით კი დავით ბერძენიშვილი, დავით გამყრელიძე და ირაკლი ალასანია იღებს მონაწილეობას, "კონსერვატორების" - კახა კუკავა, "დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად, მას გოგა ხაინდრავა ესწრება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თბილისს დღეს ესტუმრა. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.