ალიანსი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრაზე ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს დააყენებს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ "ჩვენი საქართველო -თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს განვიხილავთ. მინდა პოლონეთის პრემიერმა ნათლად დაინახოს, რომ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას მხარს აქტიურად უჭერს", - აღნიშნა ალასანიამ.
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შეფასებით კი, პოლონეთის სტაბილური პარტნიორი მხოლოდ დემოკრატიული საქართველო შეიძლება იყოს.
"ვარშავაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, არაერთხელ მითქვამს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული საქართველო იქნება პოლონეთისთვის სტაბილური პარტნიორი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საპარლამენტო ოპოზიციას "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე წამოადგენს, ალიანსის სახელით კი დავით ბერძენიშვილი, დავით გამყრელიძე და ირაკლი ალასანია იღებენ მონაწილეობას, "კონსერვატორების" - კახა კუკავა, "დაიცავი საქართველოს" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად, მას გოგა ხაინდრავა ესწრება.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი თბილისს დღეს ესტუმრა. ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ტუსკი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.