გერმანიაში, ჰამბურგის ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი ქართველი 25 წლის დავით მარდიანია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განაცხადა.
"გერმანიაში, 7 მარტს საქართველოს საკონსულომ ჰამბურგის პოლიციისგან შეტყობინება მიიღო, რომ ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქე გვარად მარტიროსიანმა თავი ჩამოიხჩო. 10 მარტს კი თითის ანაბეჭდებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი თბილისში 1984 წელის, 17 ნოემბერს დაბადებული დავით მარდიანი იყო. ამ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც ქართული მხარეცაა ჩართული", - განაცხადა კიკვაძემ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობია იყო თუ არა გარდაცვლილის პალატაში სათვალთვალო კამერები და რატომ ვერ მოხერხდა თვითმკვლელობის ფაქტის დაფიქსირება.
რაც შეეხება მარდიანის თბილისში გადმოსვენების თარიღს, კიკვიძის ინფორმაციით, ეს საკითხი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც ექსპერტიზის პასუხი ცნობილი გახდება. ასევე უცნობია, ვინ დაფარავს გარდაცვლილს თბილისში გადმოსვენების ხარჯებს.
დავით მარდიანი ჰამბურგში სამართალდამცავებმა 7 თებერვალს დააკავეს. იგი გერმანიაში პოლონეთიდან არალეგალურად გადავიდა. დაკავების შემდეგ მარდიანმა წინასწარი დაკავების საკანში შიმშილობა გამოაცხადა, რის შემდეგაც იგი ჰამბურგის ციხის საავადმყოფოში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დავით მარდიანის ჰამბურგის ციხეში თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გერმანულ პრესაში გავრცელდა. გერმანელი ჟურნალისტები ახალგაზრდის სიკვდილში ნაწილობრივ სამართალდამცავებს ადანაშაულებს, რადგან მათ დაკავებული უყურადღებოდ დატოვეს.