„ადამიანი, კანონი, თავისუფლების" თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე და ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ელისაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს შეწყალების კომისიის სამომავლო გეგმების გაცნობა და თანამშრომლობის შესაძლებლობები წარმოადგენდა. ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ შეწყალების სახელმწიფო კომისია სრულად სამოქალაქო ნიშნით დაკომპლექტდა. უახლოეს მომავალში კომისიის წევრებს შორის იგეგმება მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმის პირობით, თუ განსახილველი იქნება კომისიის რომელიმე წევრის ნათესავის, ახლობლის, ან დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის საქმე, კონკრეტული კომისიის წევრი არ მიიღებს საქმის განხილვაში მონაწილეობას. იგეგმება დებულებაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა, რათა იგი გახდეს უფრო ჰუმანური.
აღსანიშნავია, რომ კომისიის უახლოეს სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელებენ იმ კრიტერიუმებზე, რომელიც სამომავლოდ სავალდებულო პირობა იქნება მსჯავრდებულის შეწყალების მოთხოვნის განსახილველად. კერძოდ, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაწესდება მოხდილი სასჯელის ხანდაზმულობის ვადები, რის საფუძველზეც კომისია დაიწყებს საქმის განხილვას.
წინა ხელისუფლების პირობებში არსებული შეწყალების კომისიისგან განსხვავებით, მოქმედი კომისიისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მუხლით იქნებიან მსჯავრდებულები გასამართლებული, განხილული იქნება ყველა თხოვნა, განურჩევლად მათი სიმძიმისა, რადგან არსებობს მრავალი კითხვა წინა პერიოდში გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით.
უახლოეს მომავალში იგეგმება შეწყალების კომისიის ვებ-გვერდის შექმნა, სადაც განთავსდება სრული ინფორმაცია შეწყალების კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. ელექტრონული სისტემის მეშვეობით გაადვილდება, როგორც შეწყალების მოთხოვნის გაგზავნა, ასევე განმცხადებელს საშუალება ექნება რეგისტრაციის ნომრის მეშვეობით თვალი ადევნოს განხილვის რა ეტაპზეა მისი განცხადება.
ორგანიზაცია შეხვედრაზე საახალწლოდ არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონახულების და მათთვის საჩუქრების გადაცემის ინიციატივით გამოვიდა. კომისიის თავმჯდომარემ თანხმობა განაცხადა ორგანიზაციის წევრებთან ერთად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ აქციაში.
კავშირი „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიმდინარე კვირაში გეგმავს, თხოვნით მიმართოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს, რათა მიეცეს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების მონახულების შესაძლებლობა.