"ალიანსი საქართველოსთვის" თბილისის ოსური მოსახლეობისათვის შეკრების ადგილის გამოყოფას ითხოვს. ამის შესახებ "ალიანსის" ლიდერებმა ირაკლი ალასანიამ და სოზარ სუბარმა თბილისის ოსურ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. აღნიშნული შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ~მარავალეროვანი საქართველოს~ ინიციატივით დღეს სასტუმრო "თორში" გაიმართა.
ალასანიას განცხადებით, თბილისის ოსურ მოსახლეობას არ სურს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ ნათესავებთან კონტაქტის დაკარგვა, ამის საშუალება მათ ხელისუფლების დახმარებით უნდა მიეცეთ.
~მათ უნდა ჰქონდეთ თბილისში შეკრების ადგილი და პერიოდული გამოცემა, სადაც თავიანთი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრებენ. გვინდა, თბილისის ოსური მოსახლეობა, ისევე როგორც სხვა ეროვნული უმცირესობები, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში~, - განაცხადა ალასანიამ.
"ალიანსის" ლიდერის თქმით, მაშინ, როცა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ, აუცილებლად უნდა გამოინახოს გზები ოს მოსახლეობასთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით.
როგორც ცნობილია, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ~მრავალეროვანი საქართველო~ ორგანიზებას უწევს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგნლებსა და თბილისის მერობის კანდიდატებს შორის შეხვედრებს. თავდაპირველად ოსური, ბერძნული და სომხური თემების წარმომადგენლები ხვდებიან კანდიდატებს. მეორე ეტაპზე კი აზერბაიჯანული, ქურთი იეზიდებისა და სხვა თემების წარმომადგენლები შეხვდებიან.