18 დეკემბერს 20:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ „ავტოგრაფის" პრეზენტაცია გაიმართება.
ფონდი „ავტოგრაფი" საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანების შემოქმედების ხელშეწყობის მიზნით დაფუძნდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა კომპოზიტორების შემოქმედებითი და საავტორო საღამოების ჩატარება, კონცერტებისა და წარმოდგენების ორგანიზება, წიგნებისა და ალბომების გამოცემა, გამოფენების მოწყობა, CD და DVD ალბომების გამოშვება, ვიდეო რგოლების დამზადება და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა პროექტების განხორციელება იქნება. ფონდი, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, მუდმივად ითანამშრომლებს მსგავსი ტიპის სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ფონდებთან და მონაწილეობას მიიიღებს ხელოვნების სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებში.
პრეზენტაციაზე ზაქარია ფალიაშვილის, მელიტონ ბალანჩივაძის, დიმიტრი არაყიშვილის, ოთარ თაქთაქიშვილისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ქართველი კომპოზიტორების უნიკალური ხელნაწერი ნოტების გამოფენა გაიმართება, მათი ნაწარმოებები ცოცხლად შესრულდება. საღამოს სტუმრებს გადაეცემათ ამ ნაწარმოებების აუდიო CD და ასევე საინფორმაციო ბროშურები ფონდის შესახებ.
პრეზენტაციას ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მოღვაწეები, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.