დღეს თიბისი ბანკის 21 წლისთავზე, ბანკის პირველ და ყველაზე ძველ ფილიალში გაიმართა ბანკის სამი უახლესი და საქართველოსთვის ინოვაციური პროექტის პრეზენტაცია.
სიახლე #1:
iPad ბანკი, რომელიც iPad-ზე მორგებული პირველი ინტერნეტ ბანკია საქართველოში. მისი საშუალებით მომხმარებელს შეუძლია მართოს საკუთარი ფინანსები, განახორციელოს გადარიცხვები და მიიღოს უამრავი საბანკო ინფორმაცია ნებისმიერ დროსა და ადგილზე, საკუთარი iPad-დან.
iPad ბანკის დიზაინი სრულადაა მორგებული მომხმარებლის საჭროებებზე და მისი მოხმარება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. თიბისი ბანკის iPad ბანკით სარგებლობა შესაძლებელია ინტერნეტ ბანკზე რეგისტრირებული სახელითა და პაროლით. iPad ბანკის აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა App Store-დანაა შესაძლებელი.
სიახლე #2:
Aroma მარკეტინგი - პროექტი, რომელიც გულისხმობს თიბისი ბანკის საფირმო სურნელის დანერგვას ბანკის ფილიალებში. პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას თიბისი ბანკის ფილიალებში.
ვინაიდან სურნელის აღქმა ძალიან ინდივიდუალურია, მისი შერჩევა საკმაოდ ხანგრძლივ კვლევას და ტესტირებას მოითხოვდა. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, მარკეტოლოგთა ჯგუფი ჩამოყალიბდა მაქსიმალურად ნეიტრალურ, "გრილ" არომატზე, რომელიც უმცირესი რაოდენობით გავრცელდფება ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში, რათა მისი შეგრძნება ხდებოდეს ძალიან მინიმალურ დონეზე.
თიბისი ბანკის საფირმო სურნელი, სახელწოდებით „თიბისი პლატინუმი", სპეციალურად იქნა შემუშავებული პრესტიჟული ბრიტანული პარფიუმერული კომპანიის მიერ, რომელიც ამ მიმართულებით მსოფლიოს არაერთ ცნობილ ბრენდთან მუშაობს.
სიახლე #3:
ხმოვანი მარკეტინგი, რომელიც ასევე ფილიალებში სივრცის გაუმჯობესებას შეეხება. ამ პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკის ფილიალებში მომხმარებელი მოისმენს აბსოლუტურად უნიკალურ, სპეციალურად თიბისი ბანკისთვის შექმნილ ხმოვან კომპოზიციას, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა მარკეტოლოგმა, Sound Agency-ს ხელმძღვანელმა ჟულიან თრეჟერმა ფილიალების შესწავლის შედეგად შეიმუშვა.
თიბისი ბანკის ხმოვანი კომპოზიცია რამდენიმესაათიანია. ის სამუშაო საათებში პრაქტიკულად არ მეორდება და აგებულია ხუთი ქართულ საკრავის ჟღერადობაზე. კომპოზიცია ასევე თიბისი ბანკის მუსიკალური სლოგანის ელემენტებსაც შეიცავს.
ამ პროექტის მიზანია მაქსიმალურად გაათავისუფლოს თიბისი ბანკის ფილიალები უსიამოვნო ხმაურისგან და შეიქმნას ისეთი სიცრცე, სადაც მომხმარებლები მათთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში მიიღებენ მომსახურებას.
თიბისი ბანკის ხმოვანი კომპოზიცია, ისევე როგორც საფირმო სურნელი საქართველოს მასშტაბით ჯერ მხოლოდ 10 ფილიალში დაინერგა და მომავალი წლიდან მოიცავს ყველა ფილიალსა და სერვის ცენტრს.
შედეგად, თიბისი ბანკის მარკეტინგული კომუნიკაცია დაეფუძნება არა მხოლოდ ვიზუალურ ან ვერბალურ კომუნიკაციას, არამედ მომხმარებლის დამატებით ორ ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას - სმენასა და ყნოსვას, რის შედეგადაც ჩვენს სივრცეში მოსულ მომხმარებელს ბრენთან ურთიერთობის საკუთარი გამოცდილება ჩამოუყალიბდება.
სენსორული მარკეტინგის ეს ორი ინოვაციური პროექტი - ხმოვანი და არომა მარკეტინგი საქართველოს მასშტაბით პირველად თიბისი ბანკში ხორციელდება.