პრემიერ მინისტრის თქმით, შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ხელმოწერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის, ვინაიდან, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა და ეს რეალობაა, ახლო მომავალში შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს ევროპის ენერგეტიკის რუკა. რაც შეეხება იმას, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს საქართველომ ამ პროექტიდან, პრემიერ-მინისტრის თქმით, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში იგეგმება 700 მილიონამდე დოლარის ოდენობის ინვესტიცია, გაჩნდება 2-დან 3 ათასამდე სამუშაო ადგილი, 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება გაზის გამტარუნარიანობა, საიდანაც 5% საქართველოში დარჩება . შესაბამისად, მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, საქართველომ კიდევ უფრო ეფექტურად აითვისოს საკუთარი დერეფანი და რაც მტავარია, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება რეგიონისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღრმა პატივისცემა აზერბაიჯანელი კოლეგების მიმართ და ორ ქვეყანას შორის საინტერესო და მრავალმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა. „აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი . ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურული, პოლიტიკური ეკონომიკური და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა და ჩემი ჩამოსვლა იყო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას"- განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები