ვიქტორ იანუკოვიჩის მოსკოვში ვიზიტთან დაავშირებით, ოპოზიცია მაიდანზე საერთოსახალხო შეკრებას იწვევს.მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, რომ იანუკოვიჩი მოსკოვში არ აპირებს ევროინტეგრაციის პროცესზე უარის თქმასა და საბაჟო კავშირის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელმოწერას ოპოზიცია შიშობს, რომ ეს დაპირება ვერაგულად იქნება დარღვეული.
საერთოსახალხო შეკრება - ვეჩე - მაიდანზე დღეს ადგილობრივი დროის 18:00 საათზეა დაანონსებული.
„იმისათვის, რომ ასობით ათასმა ადამიანმა მხოლოდ თავისი აქ ყოფნით შეძლოს და იანუკოვიჩს სახელმწიფოს ღალატის აქტი ააცილებინოს თავიდან, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რამე მოხდა მიიღონ ოპერატიული გადაწყვეტილებები და უკრაინის სუვერენიტეტი დაიცვან", _ წერს „ლიგა ნოვოსტი".
ამას გარდა, კიევში ამჟამად გრძელდება რამდენიმე სამთავრობო შენობის პიკეტირება, მათ შორის შს სამინისტროს შენობის. აქციის მონაწილეები თავდაცვით რაზმში ეწერებიან. ევრომაიდანის კომენდანტმა ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ ხუთი ათასზე მეტმა ადამიანმა მობილიზაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოსვლის მზადყოფნა უკვე გამოთქვა.
ამასთან ერთად პარუბიმ აღნიშნა, რომ თუ მოხალისეთა რაოდენობა ექვსი ათასს მიაღწევს ეს სპეცდანიშნულების დანაყოფ „ბერკუტის" პირადი შემადგენლობის რაოდენობის ტოლი იქნება. ამ შემთხვევაში მომიტინგეები არა მხოლოდ თავის დაცვას, არამედ „ბერკუტზე" იერიშის მიტანასაც შეძლებენ. მან მომიტინგეებს ამეღამ სიფხიზლისკენ მოუწოდა.
ამავე დროს, საფრთხის ქვეშ დგას თავად ვიქტორ იანუკოვიჩის მოსკოვში გამგზავრებაც. დილით დაახლოებით 200 -მა ადამიანმა ის გზატკეცილი გადაკეტა, რომლითაც პრეზიდენტის კორტეჟი კიევის „ბორისპოლის" აეროპორტისაკენ უნდა გაემგზავროს.