ვარკეთილში მინიმუმ 25 მლნ ევროს მოცულობის საინვესტიციო პროექტის განხორციელება იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია „მგ თბილისის ზღვის ინოვაციებს" პირდაპირი მიყიდვის ფორმით ვარკეთილის IV მიკრო/რაიონის მდებარედ, 378081 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სიმბოლურ ფასად - 1 ათას დოლარად გადაეცემა. „მგ თბილისის ზღვის ინოვაციებს " კი საპრივატიზებო პირობებად განესაზღვრა: გადაცემული ქონების ნაწილზე თანამედროვე სპორტულ სტანდარტებთან შესაბამისი მულტიფუნქციური სპორტის სასახლის აშენება. საუბარია 3 დარბაზის მშენებლობაზე, მათ შორის, ერთი საშეჯიბრო არანაკლებ 7000 მაყურებელზე გათვლილი. ასევე პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 1-ელ მარტამდე აშენდება ოლიმპიური აუზი და მძლეოსნობის არენა.
საინვესტიციო პროექტის ფარგლებში ინვესტორი 2015 წლის 1-ელ აგვისტომდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ააშენებს ასევე, 4 საფეხბურთო მოედანს.
გაწერილი გეგმის თანახმად, ინვესტორმა პროექტის განხორციელებისათვის მინიმუმ 22,5 მლნ ევროს ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სახელმწიფოსთან შეთანხმებით ინვესტორი ვალდებულებას იღებს ასევე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე, არანაკლებ 32 700 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე მინიმუმ 2000 კვ.მ. განაშენიანების ფართობისა და ასევე მინიმუმ 7000 კვ.მ საერთო ფართობის შენობის მშენებლობა განახორციელოს. სადაც სამომავლოდ სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განთავსდება, რაც ინვესტორს 2,5 მლნ ევროზე მეტი დაუჯდება.
აღსანიშნავია, რომ „მგ თბილისის ზღვის ინოვაციებს" სპორტული ინფრასტრუქტურის (მულტიფუნქციური სპორტის სასახლის, ოლიმპიური აუზის, მძლეოსნობის არენისა და ოთხი საფეხბურთო მოედნის) სპორტული პროფილით ფუნქციონირება, მისი მოწყობიდან 49 წლის განმავლობაში მოუწევს.