16 დეკემბერს, გიორგი კვირიკაშვილმა წავკისში პროექტი "ბიოლის" მიმდინარე სამშენებლო სამუშოები მოინახულა. პროექტს კომპანია "მედგრუპ ჯორჯია" ახორციელებს, რომელიც 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს, რაც წავკისში გამაჯანსაღებელი კომპლექსის ველნეს კურორტის მშენებლობას და მის საერთაშორისო ბაზარზე წარდგენას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 14 ერთეული ლუქს (7*) კლასის სპა და ველნეს კოტეჯების მშენებლობა და ერთიანი საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც 2014 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მშენებლობის პროცესშია ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზი"ბიოლი ჰოლი".
დღეს, გიორგი კვირიკაშვილმა "მედგრუპ ჯორჯიას" დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესთან ერთად პირველი დასრულებული კოტეჯი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მშენებლობის პროცესს. კოტეჯი ორსართულიანია და ულტრათანამედროვედ არის მოწყობილი. მასში შედის ორი საძინებელი, სპა სალონი, ფიტნესის, კოსმეტოლოგიის, დაბერების საწინააღმდეგო მედიცინის, დიეტოლოგიისა და ფიტოთერაპიის კაბინეტები.
,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია. ვფიქრობთ, რომ გამაჯანსაღებელი ცენტრების განვითარება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ განავითარა ინვესტორმა ეს ტერიტორია. სახელმწიფოს მხრიდან მას ექნება აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა, რათა მან მსგავსი პროექტები არამხოლოდ ამ ტერიტორიაზე, არამედ სხვა ტერიტორიაზეც გადაიტანოს და შეიქმნას გარკვეულწილად მოდელი თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში გამაჯანსაღებელი ცენტრების ბიზნესი. ეს არის გათვლილი ფოკუსირებულ ნიშაზე, რომლის მოზიდვაც შესაძლებელია უცხოეთიდან. ამას ექნება სერიოზული ეფექტი მთლიანად ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ მივესალმებით ამ ინვესტიციას" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"მედგრუპ ჯორჯიას" სახელმწიფოს წინაშე აღებული აქვს ვალდებულება, რომ განახორციელებს წავკისი-კოჯრის ტყე-პარკის რეაბილიტაციას. რაც გულისხმობს, როგორც მოვლა-აღდგენას, ისე ტურისტული ბილიკებისა და ინფრასტრუქტურის ფორმირებას.
"ამერიკაში ველნეს ინდუსტრიას ტრილიონი დოლარის ბრუნვა აქვს. საქართველო ამ მიმართულებისთვის ასი პროცენტით იდეალური ქვეყანაა. მსოფლიოში ძალიან მოთხოვნადია ველნეს კურორტები და ე.წ. ანტი ეიჯ მედიცინა. ეს კურორტი საქართველოში ძალიან მდიდარ ხალხს მოიზიდავს, ვისაც შესაძლებლობა აქვს დიდი თანხა დატოვოს ჩვენს ქვეყანაში" - განაცხადა "მედგრუპ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, მედიცინის დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ.
კომპანია "მედგრუპ ჯორჯია" 2007 წლის 24 მაისს დაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას გამაჯანსაღებელი კომპლექსების შექმნა წარმოადგენს, რისი საბოლოო მიზანიცაა საქართველოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრად გადაქცევა.