გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით, სტიქიის მიერ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ყველაფერი კეთდება.
"ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ზარალი მიაყენა. ჩვენ სამინისტრო რამდენიმე უწყებასთან კოორდინებულად მუშაობს, რომ დამატებითი გართულებები თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს გარემოს დაცვის სამინისტრო დაზიანებული ჯებირების შეკეთებას კვლავ გააგრძელებს.
"2009 წელს ჩვენ მდინარეებზე 8 მილიონი ლარის ღირებულების ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩავატარეთ, რომლის დამსახურებითაც დამატებითი უბედურები თავიდან ავიცილეთ. საქართველოში სულ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 135 მილიონი ლარი გვჭირდება, რაც ფიზიკურად არ არის, თუმცა ეტაპობრივად ყველაზე კრიზისული ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება", - განაცხადა ხაჩიძემ.
დასავლეთ საქართველოში სტიქიამ მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენა. მდინარეების ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლები დაეტბორა და სახნავ-სათესი მიწები გაუნადგურდა.