ხვალ, 16 დეკემბერს 13:00 საათზე სახალხო დამცველი გამართავს პრესკონფერენციას და საზოგადოებას სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრის შედეგების გააცნობს.
სახალხო დამცველის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა 2013 წლის 15 და 16 დეკემბერს იმართება. ამ მიზნით, საქართველოში ჩამოვიდნენ ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ბატონი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი ბატონი იორგენ იოჰანსენი და გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სოლიდარობის საკითხებში ქალბატონი ვირჯინია დანდანი.
საბჭოს წევრია ასევე, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებათა საკითხებში მაინა კიაი, რომელიც სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში ვერ მონაწილეობს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს მრჩეველთა საბჭოს მიზანია - რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოსაფხვრელად; გაუზიაროს თავისი ცოდნა და გამოცდილება და დაეხმაროს სახალხო დამცველის აპარატს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში.
მრჩეველთა საბჭო წელიწადში 2 შეხვედრას გამართავს.