პარლამენტში ლიტვის საელჩოს ორგანიზებით, ლიტვის დამოუკიდებლობის ოცი წლისთავისადმი მიძღვნილი, გამოფენა სახელწოდებით - „გზა თავისუფლებისკენ" გაიხსნა.
საგამოფენო მასალებში წარმოდგენილია ლიტველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის ლიტვის საბჭოთა ოკუპაციიდან (1940წ), დამოუკიდებლობის აღდგენამდე (1991წ) და აქცენტები გაკეთებულია საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანეს მომენტებზე.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მიხეილ მაჭავარიანმა და ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა, ლაიმონას ტალატ-კელპშამ აღნიშნეს, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ლიტვის დამოუკიდებლობის დღის სწორედ საქართველოს პარლამენტში აღნიშვნა.
„გამოფენის სახელწოდება - „გზა თავისუფლებისკენ" ძალზე სიმბოლურია, რადგან ის რაც 1940 წელს ლიტვას დაატყდა თავს 2008 წელს ნაწილობრივ საქართველოში განმეორდა," - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ლიტვის მიერ თავისუფლებისკენ განვლილი გზა საქართველოსთვის მისაბაძია და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა ხელს უწყობს საქართველოს ლიტვის გამოცდილების გაზიერებაში.
„ლიტვამ თავისუფლებას არაფერი არ არჩია და ის დღეს ევროპული ოჯახის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრია. საქართველომაც თავისუფლება არასოდეს არაფერზე არ უნდა გაცვალოს და ეს ყველაზე სწორი გზა იქნება" - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
„გამოფენა ასახავას ლიტვის მისწრაფებას დამოუკიდბლობისაკენ. გასაოცარია, რამდენად მრავალფეროვანი და რთული იყო ეს ბრძოლა. ლიტვა იბრძოდა საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ყველა სფეროში და ყველა მეთოდით. ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მთელი ერი იყო ერთსულოვანი, და სწორედ ეს ერთიანობა იყო ის დაბრკოლება, რაც ვერ გადალახა საბჭოთა რეჟიმმა," - განაცხდა ლაიმონას ტალატ-კელპშამ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ვილნიუსში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, ლიტვის საელჩოს წარმომადგენლები, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საგამოფენო მასალები პარლამენტში ერთ კვირას დარჩება და მათი დათვალიერება დაინტერესებულ პირებს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეეძლებათ.