საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის 10 მარტის განცხადებას, სკოლის დირექტორების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს.
"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორ მარტს დაგეგმილი მასწავლებელთა გაფიცვა დროებით გადაიდო იმ იმედით, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს. სპმთპ-ს მიერ მთავრობისათვის წაყენებული ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო საჯარო სკოლის დირექტორთა შრომის ანაზღაურების გაზრდა. სასიამოვნო ფაქტია, რომ ხელისუფლებამ უკვე დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა.
11 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ნიკა გილაურმა, გამოაცხადა მთავრობის გადაწყვეტილება სკოლის დირექტორების ხელფასის გაზრდის შესახებ. მისი თქმით ყველა სკოლის დირექტორის ხელფასი, საშუალოდ, 300 ლარი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" განცხადების ავტორებმა აცნობეს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მასწავლებელთა სხვა საგაფიცვო მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც შეეცდება.