ჩრდილო კორეაში ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ინის ბიძა ჩან სონ ტხეკი სიკვდილით დასაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ცენტრალურმა სატელეგტრაფო სააგენტომ გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, ჩან სონ ტხეკი სიკვდილით სამხედრო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე დახვრიტეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ჩან სონ ტხეკმა აღიარა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით დაჯგუფებაც ჩამოაყალიბა.
ჩან სონ ტხეკს ასევე წაყენებული ჰქონდა კორუფციის, ამორალური საციელის, კონტრრევოლუციური ქმედებებისა და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდება.
სააგენტოს ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ „იდეოლოგიურად გახრწნილი" ჩან სონ ტხეკი „ძაღლზე უარესი იყო".
ბოლო დრომდე 67 წლის ჩან სონ ტხეკი კიმ ჩენ ინის უახლოესი თანამებრძოლი და ერთ ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა იყო.
აშშ-ს ხელისუფლებამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ჩან სონ ტხეკის სიკვდილით დასჯის დადასტურებას დამოუკიდებელი წყაროებიდან ვერ იღებენ, თუმცა ვერ ხედავენ საფუძველს ეჭვი შეიტანონ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ახალი მაგალითი ჩრდილოკორეული რეჟიმის სისასტიკისა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩრდილო კორეაში განვითარებულ მოვლენებს და რეგიონში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციებს გავდივართ", _ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ კი განაცხადა, რომ ფხენიანი კიმ ჩენ ინის ხელისუფლების გაძლიერებისათვის ტერორის პოლიტიკას აძლიერებს.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2011 წელს, მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ გახდა.