2010 წელს საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკში" 20 ქართველი ბავშვი გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" უკრანის საელჩოდან მიაწოდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწობით საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკში" 2001 წლიდან ყოველწლიურად საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი "შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ" ტარდება.
ფესტივალი მოწოდებულია იმისკენ, რომ ბავშვებს შორის გაცნობის მეშვეობით დამყარდეს კავშირები, რომლებიც ნაციონალურ ტრადიციებზე, ფოლკლორზე, ვოკალზე და ქორეოგრაფიაზე იქნება დამყარებული.
ბოლო ფესტივალის მთავარ მოვლენად მსოფლიო საბავშვო ერთა ლიგის შექმნის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა გახდა. ლიგის შტაბბინა საერთაშორისო საბავშვო ცენტრ "არტეკშია".
ლიგის შექმნაში მონაწილეობა მიიღო 700 -მა ახალგაზრდა დელეგატმა მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. ლიგის წევრად არჩეულ იქნა ქართული დელეგაციის წევრი, თბილისის #41 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე მანანა ანჯაფარიძე.
მიმდინარე წელს საერთაშორისო ფესტივალი "შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ" 20 ივნისიდან 5 აგვისტომდე ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა მსოფლიო საბავშვო ერთა ლიგის პირველი გენერალური ასსამბლეის ჩატარებას ითვალისწინებს. ჩატარდება ასევე კულტურული პროგრამა "პლანეტას ჰყავს ტალანტები".
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 13-15 წლის ბავშვთა ნაციონალური დელეგაციები, საბავშვო პარლამენტის წევრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სკოლის თვითმმართველობების ლიდერები, ასევე ახალგაზდრა ჟურნალისტები. საქართველოს ფესტივალში 20 ბავშვი წარადგენს. ფესტივალის ყველა ხარჯს მიმდინარე წელს უკრაინული მხარე თავის თავზე აიღებს.