ამ წესს გამონაკლისი არა აქვს, თუ წინა შემთხვევებს გავიხსენებთ და გავანალიზებთ.
ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბევრად ნაკლებ კონსოლიდირებულია, ვირე წინა, ასეთი განცხადებები სულ უფრო გახშირდება, რისი მოწმენიც ვიქნებით უახლოეს თვეებში.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც პატრიარქი და ეკლესია ბრძანებენ „საერო საქმეებთან" დაკავშირებით, უსაფუძვლო ან არასწორია. ისეც მომხდარა, რომ სრულიად გამართლებული შეშფოთებაც გამოუთქვამთ. მაგალითად, როგორც ახლა, როცა ჩვენი პოლიტელიტა მორიგ ავანტიურას იწყებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ღრმა რეფორმირებას აპირებს იმ სისტემური რისკებისა და პრობლემების გაუთვალისწინებლად, რაც ქართულ სახელმწიფოებრიობას დაჰყვა დაბადებიდან.
აქვე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ხსენებული პოლიტელიტის, ანუ „ქართული პოლიტოკრატიის" საყვარელი „გასაბერი ქალია" უკვე 25 წლის განმავლობაში. აი, ამსტერდამის ბუტიკებში რომ იყიდება - იმგვარი. ისევე, როგორც „საარჩევნო კოდექსი". ვინ მოთვლის, რამდენჯერ . . . ვინ არა . . . როგორ არა . . . საიდან არა . . . . რატომღაც ჰგონიათ, ვირტუალურობის გამო საფრთხე არ ელით. არადა, აქ იმდენი სისტემური პრობლემაა, შეიძლება ნებისმიერი გაუფრთხილებელი ან თუნდაც მხოლოდ მკვეთრი მოძრაობის შედეგად ეს სახელმწიფო საბოლოოდ დაგვემხოს თავზე!
თავდაპირველად, ზოგადი შენიშვნის სახით უნდა ითქვას იმ ჩლუნგი ანალოგიების საპასუხოდ, რომ „ევროპაში ასეა და იქ გაამართლა": ადგილობრივი თვიმმართველობის ევროპული სისტემა ამართლებს მხოლოდ მაშინ და იქ, როდესაც არსებობს „ერი-სახელმწიფო", ანუ, ევროპულად თუ ვიტყვით Nation - ერთიანი და განუყოფელი საზოგადოება საერთო ღირებულებებითა და შეგნებით. ხოლო იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მესამედი სახელმწიფო ენაზე არ საუბრობს და მეზობელი ქვეყნის „ახალ ამბებს" უყურებს ტელევიზიით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება ნამდვილად ნიშნავს არა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციისკენ, არამედ შემდგომი დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯს.
ეს ჯერ კიდევ ავტომატურად, აუცილებლად და თავისთავად არ გულისხმობს სეპარატიზმს. გააჩნია რესურსებს და გეოპოლიტიკურ კონტექსტს. დავით უსუფაშვილმა, „რესპუბლიკელებისათვის" ტრადიციულად ჩვეული, ძალზე უცნაური ლოგიკით, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" მოიყვანა მაგალითად: „რა, ადგილობრივი თვითთმმართველობა რომ არ გვქონდა, ამან აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს განა ხელი შეუშალაო?!"
აფხაზ და ოს სეპარატისტებს ადგილობრივი თვითმმართველობა არ სჭირდებოდათ, რადგან თვითმმართველობის ბევრად მაღალი დონე ჰქონდათ - ავტონომია. ჰოდა თუ ეს ტერიტორიები, სწორედაც ავტონომიურობის შედეგად, საბოლოოდ დაიკარგა, მართლაცდა რა უცნაური ლოგიკაა, რომ ახლა სხვაგან (მაგალითად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში) ჩავატაროთ ექსპერიმენტები?
მაგრამ პოლიტიკოსებს სპეციფიურად მოწყობილი გონება და განსაკუთრებული მენტალობა აქვთ. საკუთარ პროექტში ისინი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათთვის სასურველ სიკეთეს ხედავენ და არა საფრთხეებსა თუ რისკებს, რაკი მძიმე შედეგი ყოველთვის შუძლიათ სხვას გადააბრალონ.
ეს წინააღმდეგობა ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო, როდესაც ზვიად გამსახურდიამ „პრეფექტები" დანიშნა. ლამის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ხოლო მოწინააღმდეგეებს მაშინაც ევრაფერით შეასმენდი, რომ პრეფექტი არა მხოლოდ სამტრედიაში ან სენაკში ინიშნებოდა, არამედ ახალქალაქსა და მარნეულშიც. და რომ როგორც კი, რეგიონულ ელიტებს, ხელ-ფეხს გაუხსნი, რათა ცენტრისაგან დამოუკიდებლად ანაწილონ რესურსები, ეს აუცილებლად (აუცილებლად!) გამოიწყევს არა ცენტრისკენულ, არამედ ცენტრიდანულ ტენდენციებს, რომლებიც, ჩვენი სამეზობლოს გათვალისწინებით, სულ მალე აშკარა ირიდენტიზმში გადაიზრდება, „ნაციის" ჩამოყალიბების პროცესი კი უფრო შეფერხდება.
საქართველო დღეს არ არის „ერი-სახელმწიფო", ესე იგი, არ არის Nation. ამიტომ ისეთი მგრძნობიარე და საშიშ თემებზე, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობაა, პოლიტელიტას არათუ შვიდჯერ ან ცხრაჯერ, არამედ ათასჯერ გაზომვა მართებს და მხოლოდ ერთხელ გაჭრა
დისკუსია, რომელიც ამ თემაზე მიმდინარეობს, ძალიან ჰგავს „მეოცნებეთა" მითებს „ბიზნესის დახრჩობის" შესახებ „ნაციონალთა" მმართველობისას. ვითომდაც იმათი „კლანჭები" უშლიდა ხელს ეკონომიკის აყვავებას, ბენზინის ფასიდან ნახევარს მიშა იდებდა ჯიბეში და ა.შ. და ა.შ. რეალურად კი, მას შემდეგ, რაც ბიზნესს აღარავინ ახრჩობს და ინვესტირებას პოლიციური მეთოდებით აღარ აიძულებენ, ეს უკანასნელი, ნაცვლად გააქტიურებისა, პირიქით - გაქსუვდა, ჩაიკეტა და მხოლოდ უკვე ნაშოვნით ტკბება. ამიტომაც შეფერხდა ეკონომიკური ზრდა.
პარადოქსია? კი, პარადოქსია. თანაც წმინდად ქართული პარადოქსი: გამომდინარე ჩვენი ეროვნული მენტალობიდან. თორემ ევროპაში ყველაფერი მართლა პირიქით იქნებოდა.
საქართველოში საძოვარს არავინ გადააქცევს სახნავად, უფრო მომგებიანიც რომ იყოს. იმიტომ, რომ ხვნა „სახლაფორთოა". ძოვას კი რა უნდა? არც არაფერი!
ზუსტად იგივე სისტემური თვისება გამოვლინდება ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაშიც: „მიშვება" და „ცენტრის ჩაურევლობა" გამოიწვევს არა გააქტიურებას და შემოქმედებით ინიციატივას, როგორც ბრიყვულად ჰგონიათ ახალი კოდექსის ავტორებს, არამედ „ძოვისა" და „მუქთამჭამელობის" ინსტიქტის გამოვლენას, როდესაც რესურსები არა განვითარებისთვის, არამედ „მხართეძოზე წამოსაწოლად" და „ფეხის-ფეხზე გადასადებად" იქნება გაფლანგული.
მაგრამ ეს სისტემური საფრთხეები რომ გაიაზრო, ესე იგი, თბილისურად თუ ვიტყვით „მოტვინო", ან თუნდაც მიხვდე რაზეა აქ საუბარი, არასტერეოტიპული და პარადოქსული აზროვნების უნარი უნდა გქონდეს, რაც ქართულ პოლიტელიტას კატეგორიულად არ გააჩნია და, რაკი 25 წლის განმავლობაში ვერ ისწავლა, აწი აღარც რაიმე ეშველება.
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი