,საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატოს", _ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში მიმდინარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.
,, შეხვედრა შესაფერის დროს იმართება, რადგან საქართველოს ახალი პრეზიდენტი სულ ახლახან შეუდგა საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას. ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, ხუთი წლის წინ, ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შემდეგ. ცოტათი კიდევ დავუახლოვდით იმ დაპირებას რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მტკიცე და ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის პროგრამას ეფუძნება", _განაცხადა რასმუსენმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. როგორც რასმუსენმა განმარტა საქართველომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებით საჩვენებელი დემოკრატია ჩამოაყალიბა.
,,თქვენ ასევე ბევრი რამ გააკეთეთ შიდა დონეზე. გაატარეთ შთამბეჭდავი რეფორმები თავდაცვის სფეროში. ჩამოაყალიბეთ საჩვენებელი დემოკრატია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მაგრამ მთლიანობაში საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატოს. ალიანსი გადაწყვეტილება, რომ მხარი დაგიჭიროთ კვლავ მყარია. ჩვენ მტკიცედ უჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - განაცხადა რასმუსენმა.