ENG / RUS       12+

ვილნიუსის „სულელური წვრილმანები"

ნებისმიერი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი სრულდება „ოფიციალური ფოტოთი", ანუ სპეციალური სესიით, რომლის დროსაც ტელე და, განსაკუთრებით, ფოტო ჟურნალისტებს საშუალება აქვთ ერთობლივად დააფიქსირონ ყველა მონაწილე. ამ ფოტოსესიის დროს თითოეული დეტალი გათვლილი და წინასწარ შეთანხმებულია. დაწყებული „დრეს-კოდით", დასრულებული (რაც მთავარია) ადგილის მიჩენით. სესიის დაწყებამდე იატაკზე ფურცლებსაც ალაგებენ პრეზიდენტებისა და პრემიერების სახელებით, რათა არავის შეეშალოს და იქ არ დადგეს, სადაც არ არის მისი ადგილი. ამავდროულად, სამიტის შეჯამებისას გადაღებული „ოფიციალური ფოტო" გონიერ დამკვირვებელს იმაზე მეტს ეუბნება სამიტის შინაარსისა და მისი რეალური (!) შედეგების შეასხებ, ვიდრე დეკლარაცია თუ კომიუნიკე.

დავხედოთ ვილნიუსის სამიტზე გადაღებულ ოფიციალურ ფოტოს და დავაკვირდეთ მონაწილეთა განლაგებას. ცენტრში, რასაკვირველია, დგანან ევროკავშირის ხელმძღვანელები: ჰერმან ვან რომპეი და ჟოზე მანუელ ბაროზუ. აგრეთე მასპინძელი ქვეყნის, - ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. მაგრამ ვინ დგას მათ გვერდით? ჰერმან ვან რომპეისგან მარჯვნივ გაჯგიმულა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. იმ აზერბაიჯანისა, რომელმაც არათუ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირებაზე, არამედ მედიდურად მიუთითა ევროპელებს, რომ მხოლოდ მის მიერვე შემუშავებულ „პარტნიორობის შეთანხმებაზე" თუ მოუწერს ხელს. დიპლომატიის ენაზე ეს არის სახეში შეფურთხება!

იქვე, ცენტრში, ჟოზე მანუელ ბაროზუსგან მარცხნივ, ასევე გაჯგიმულა სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სრგსიანი. ანუ იმ ქვეყნის ლიდერი, რომელმაც პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არათუ ევროკავშირთან ასოცირებას არ აპირებს, არამედ ევრაზიულ კავშირში წევრიანდება!

სად არის ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი? იმ ქვეყნისა, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამდენი დაკარგა, ამდენი იტანჯა, ამდენი დარტყმა მიიღო და ამდენი წამება გამოიარა სწორედ ევროატლანტიკური ორიენტაციის აბსოლუტურად ურყევი და უცვლელი კურსის გამო პირველი პრეზიდენტიდან - მეოთხემდე?

ტელეკადრში გიორგი მარგველაშვილი საერთოდ ვერ მოხვდა, რადგან ტელეკამერები უფრო ცენტრისკენ „ავიწროვებენ" ხოლმე კადრს. რაც შეეხება ფოტოს, უცბად მასზეც ვერ იპოვი და მხოლოდ მერე აღმოაჩენ, რომ სადღაც შორს ცენტრიდან, - უკიდურესად მარცხენა კიდეში დგას.

მართლა გული დაგწყდება ადამიანს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ შენი ქვეყნის პრეზიდენტია. ვიმეორებ: იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც, 9 აპრილიდან დაწყებული - დღემდე უმაგალითოდ დაისაჯა სწორედ დასავლური ორიენტაციისა და მისწრაფებების გამო. გარდა ამისა, თვით გიორგი მარგველაშვილის პირველი ნაბიჯები და მისი პირველი „საქციელები" ნამდვილად სიმპათიას იწვევს. ბოლოს და ბოლოს, პიროვნულადაც, გიორგი მარგველაშვილი ბევრად უფრო „ევროპელია" თავისი განათლებითა და ღირებულებებით, ვიდრე ეს მასტოდანტები - ალიევი და სრგსიანი.

თუმცა ამაზე უეჭველად გვეტყვიან, რომ „მნიშვლელობა არა აქვს". და რომ „განლაგება" ანბანის მიხედვით ხდება, ხოლო იმ სახელმწიფოთა სახელწოდება, რომელსაც სარგსიანი და ალიევი წარმოადგენენ, იწყება ასოთი A.

ეს არის პირწავარდნილი დემაგოგია და აი, რატომ: თუ განლაგება ინგლისური, ლიტვური ან ლათინური ანბანის მიხედვით მოხდა, მაშინ რატომ დგას იქვე, ცენტრში, უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი? რამდენადაც ვიცი, ნებისმიერი ანბანით, U შორსაა პირველი ასო-ბგერისგან.

ისევ და ისევ, ეს იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელმაც, საქართველოსგან განსახვავებით, უკანასკნელ მომენტში უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების გაფორმებაზე, რაც ევროკავშირისათვის პირდაპირ თავსლაფის დასხმა და მისი გეოპოლიტიკური სისუსტის დემონსტრირება იყო მთელი მსოფლიოსათვის.

სინამდვილეში, ზღაპრები „ანბანის" შესახებ აქ აბსოლუტურად არარელევანტურია. როცა სჭირდებათ, ორგანიზატორები იმ ანბანს გამოიყენებენ და ისე „დაალაგებენ" ყველაფერს, რომ პრიორიტეტებს შეუსაბამებენ ფორმალობებს და არა პირიქით, რისი უამრავი მაგალითიც ყოფილა დიპლომატიის ისტორიაში. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე სჭირდებოდათ და ასე მიიჩნიეს. თუ რატომ - სხვა თემაა.

მათ შორის იმიტომაც, რომ სომხურმა, აზერბაიჯანულმა და უკრაინულმა დიპლომატიამ იბრძოლა! მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სინამდვილეში ეს „ოფიციალური ფოტო" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემაჯამებელი დეკლარაცია, რაკი თანამედროვე მსოფლიოში „ვიზუალური ხატი" წყვეტს ბევრ რამეს. ხშირად ყველაფერსაც კი. ან იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი ვითომ „წვრილმანები", როგორიცაა პრეზიდენტის ადგილი ოფიციალურ ფოტოსესიაზე, წინასწარი ბრძოლისა და ზოგჯერ დიპლომატიური ომის თემა არ არის?

ქართული „დოყლოპატია" კი ამ შემთხვევაშიც უკანასკნელთა შორისაა. არა მგონია ეს პიროვნულად მაია ფანჯიკიძის ბრალი იყოს. უფრო ჩვენი დიპლომატიის სისტემური სისუსტეა, ანუ წლების განმავლობაში შეძენილი თვისება.

ან ავიღოთ მეორე კაშკაშა მაგალითი: ამაზრზენი „შალახო" ხელმოწერის ცერემონიალზე. მას შემდეგ, რაც რეზო რეზო ლაღიძის, გოგი ცაბაძისა და გია ყანჩელის გენიალური (!) მელოდიების პატრონ ქვეყანას ამ უბადრუკობით მიულოცეს ისტორიული მოვლენა, მთავრობის გენერალურმა PR-მენეჯერმა ყანდიაშვილმა ჩვეული პრეტენზიულობით დაგვმძღვრა: „ნუთუ არ იცით, თქვე გოიმებო, რომ ასეთ საკითხებს ორგანიზატორი ქვეყანა წყვეტს და სხვა არავინ ერევაო".

ძალიან კარგად ვიცით.

დიახ, ფორმალურად ასეა. მაგრამ ელჩის (საელჩოს, სამინისტროს, ზოგადად დიპლომატიის) პროფესიონალიზმი და უნარიანობა სწორედ იმაში მჟღავნდება, რომ მას ამგვარ „წვრილმანებთან" და ექსკლუზივებთან უნდა „მიესვლებოდეს", წინასწარ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, სიტყვა უნდა ეთქმოდეს და მის აზრს მასპინძლები ანგარიშს უნდა უწევდნენ იმის მიუხედავად, არის თუ არა ეს მისი პრეროგატივა.

ვთქვათ, მასპინძელი ქვეყნის რომელიმე წარმომადგენელთან ფინჯანი ყავით ხელში საუბრისას, დიპლომატმა რბილად, ვითომ სასხვათაშორისოდ უნდა იკითხოს, როგორ იქნება ორგანიზებული ცერემონია და როცა ეტყვიან „შალახოს დავუკრავთო", ასევე დიპლომატიურად, ღიმილით, ძალიან რბილად, თუმცა მტკიცედ მიანიშნოს: „იქნებ გია ყანჩელის აი ეს მელოდია სჯობდეს - ფორტეპიანოზე განსაკუთრებით კარგად ჟღერსო".

მაგრამ ამას ხომ დიპლომატიური მარიფათი, უნარი, ცოდნა, ნიჭი, მოხერხება და პროფესიონალიზმი სჭირდება?

„ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .