ENG / RUS       12+

პუტინის ფენომენი

რუსეთის დღევანდელი პრეზიდენტი უღიმღამო არარაობად ითვლება. „რას ჰგავს" - ჯერ ერთი! ოოოოო . . . ეს არც თუ ისე ცოტაა. აბა როგორ შეედრება ჩვენს „ლამაზსა და ახოვანს" - როგორც მიშა დაახასიათა ერთმა ქართველმა „ელიტარულმა ინტელიგენტმა" 2004 წლის პრეზენტაციისას. პუტინი რას მოვიდოდა ან მასთან, ან ამერიკელ არისტოკრატებთან? მაგალითად ჯო ბაიდენთან, რომლის დახვეწილმა მანერებმა ქართული ელიტა აღაფრთოვანა. მაგრამ . . . . ერთი აბეზარი კითხვა კი მუდამ შემოგეპარება ხოლმე: როგორ მოახერხა ამ „არარაობამ", ამ „უღიმღამობამ" (რუსულად Посредственность - სხვათა შორის, სწორედ ასე ახასიათებდა სტალინს იმდროინდელი ინტელექტუალური „არისტოკრატი" ტროცკი - ბრონშტეინი) ესოდენ „დაეჩმორებინა" მთელი დასავლეთი ჯერ 2008 წელს, შემდეგ სირიისა და ახლა უკვე უკრაინის შემთხვევაში?

ვითომ მხოლოდ ნავთობის ან ბირთვული იარაღის გამო? ბირთვული იარაღი და ნავთობი საბჭოთა კავშირს რომ ჰქონდა . . . . . უპირატესობებსა და რესურსებს გამოყენება უნდა. თანაც, ჭკვიანური გამოყენება. პუტინი კი ძალიან ჭკვიანურად და ოსტატურად იყენებს; მუშაობს უხმაუროდ, ჩუმად, განსაკუთრებული პრომოუშენისა და ფიარის გარეშე. შედეგად კი გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევს, ხოლო რუსეთმა, ამ „სიმახინჯის", ამ „არარაობისა" და „უღიმღამობის" უკვე მრავალწლიანი ხელმძღვანელობით, ზესახელმწიფოს სტატუსი დაიბრუნა და მსოფლიო ლიდერადაც იქცა!
დიახ, დიახ, არა ამერიკა, რომლის ბოლოდროინდელმა გონებაჩლუნგმა და მთხლე მმართველებმა თავისი დიდი ქვეყანა ესოდენ დააკნინეს და რამდენჯერმე კიდეც შეარცხვინეს, არამედ სწორედ „არარაობა პუტინის" რუსეთი განსაზღვრავს ამჟამად მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგს. მოგვწონს ჩვენ თუ არა.
ჰო, მართლა, ალბათ „გაზპრომმა" მოისყიდა „Forbes"-ი, რომელმაც ეს „უღიმღამობა" (ქართული „პროდასავლურ-სვეტსკი" საზოგადოებისა და ვესტერნიზებულ ფსევდოინტელექტუალთა მუდმივ ამრეზას რომ იწვევს) მსოფლიოს ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად დაასახელა. ვითომ მარტო ნავთობის გამო? ამ ლოგიკით, ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი მისი უდიდებულესობა აბდალლა იბნ აბდელ აზიზ ალ საუდი უნდა იყოს, რაკი საუდის არაბეთში მოპოვებული ნავთობის თვითღირებულების გათვალიწინებით, მსოფლიო ბაზარზე ნებისმიერ დროს შეუძლია თერმობირთვული ზეგავლენა მოახდინოს. მაგრამ არა - ის „სიმახიჯე და არარაობა" პუტინია დღეს მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი. ერთადერთი ზესახელმწიფოს პრეზიდენტი და ევროპელი ლიდერები კი სადღაც მის უკან მიჩანჩალებენ საწყალობლად.
ისე, გარეგნობა მართლა არ უწყობს ხელს. ჩვენი „ლამაზი და ახოვანისგან" განსხვავებით. ანუ, ცნობილი პიანისტის საჯარო ექსტაზის თემა იგი ნამდვილად ვერ გახდებოდა. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას (რომელიც, როგორც ცნობილია, შედეგით ფასდება), დავაკვირდეთ, რა დიდოსტატურად აკეთებს საქმეს ყველაფრის მიუხედავად. მხოლოდ ერთი ასპექტი ავიღოთ: ელიტათა და მასის დაპირისპირება პოსტსაბჭოურ ქვეყნებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინა ბობოქრობს, აპროტესტებს, ანგრევს, გლეჯს, მოითხოვს . . . მაგრამ მართლა უკრაინა მოითხოვს თუ მხოლოდ მისი პროდასავლურ-ვესტერნიზებული ელიტა? აბა ასე რომ იყოს, ანუ ევროინტეგრაცია თუ უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობის ღირებულებითი არჩევანი და მისწრაფებაა, მაშინ იანუკოვიჩს რა რჯიდა, ბოლო მომენტში გადაეთქვა და ამით ახალი „მაიდანის" სამკვდრო-სასიცოცხლო რისკზე წასულიყო? ხომ ნათელია, რომ თუ ეს „მაიდანი" განხორციელდა, მისი ბოლო დნეპროპეტროვსკის ციხე იქნება?
მართლაცდა, რატომ?
იმიტომ, რომ რაც ვილნიუსის სამიტზე ხელმოწერის შემთხვევაში ელოდა, ის ბევრად უარესი და ბევრად რეალური იყო!!! მაშინ არა ელიტა მხოლოდ, არამედ მილიონობით „უბრალო უკრაინელი" გამოვარდებოდა ქუჩაში, რაკი რუსეთის ბლოკადის გამო დაკარგავდა სამუშაოს და დარჩებოდა მშიერი.
უკრაინელი ელიტარებისთვის (ისევე, როგორც მათი ქართველი „კოლეგებისთვის") „ევროპა" კურფიურსტერდამზე ცივი ლუდის წრუპვაა, ან ბოსტონის სანახებში მოდური ველოსიპედით სეირნობა - ჰარვარდის რომელიმე School-ში სემინარის დაწყებამდე. მათ, რასაკვირველია, ევროპასთან ასოცირება უნდათ და არა იმ „გოიმური რუსეთის" საბაჟო კავშირი. თუმცა, „არარაობა" პუტინს რომ არასწორად გაეთვალა, იანუკოვიჩი მათ გადაკიდებას ნამდვილად არ არჩევდა მასათა მოსალოდნელ მძვინვარებას.
იგივე მეთოდი გამოიყენება საქართველოშიც: ახლა კი შეუშვეს მანდარინი რუსულ ბაზარზე, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რათა ერთი წლის შემდეგ, როცა ჩვენც მივადგებით „ხელმოწერას", ბაზარი კვლავ ჩაკეტონ. მერედა, რა ამით, ქართულ ელიტას? არც არაფერი! სულ არ „კიდიათ", ის „გოიმი გლეხი" მანდარინს გაყიდის თუ არა როსტოვში, ან რამდენად რეალურია, ლონდონში გაყიდოს იგივე მანდარინი „ასოცირების" შემდეგ. მთავარია, თვითონ ჰქონდეთ პარიზის ბუტიკებში ზანტად სეირნობის საშუალება.
საერთოდ, სოციალური თემატიკა ამ ქვეყანაში უცნაურად ტაბუირებულია. „მოვე ტონად" ითვლება, რაც უპასუხისმგებლობით გათახსირებულ და გაქსუებულ ქართულ ელიტას, უკვე მრავალი წელია, საშუალებას აძლევს, „დაიკიდოს" უბრალო აჭარელი „მემანდარინე" თუ გორელი „მევაშლე" გლეხის ინტერესები.
ძალზე საეჭვოა, ერთი წლის შემდეგ, ამ „გლეხებისა და გოიმების" ისევე შეეშინდეთ, როგორც იანუკოვიჩს შეეშინდა უბრალო უკრაინელთა გარდაუვალი რისხვისა. ჩვენი ხალხი, უკვე მეტისმეტად დიდი ხანია, ქეციანი ძაღლივით მორჩილი და უტყვია. ამიტომ მის რეაქციას (ისევ და ისევ, განსახვავებით უკრაინისგან, სადაც ხალხი ელიტამ ასე ვერ დააბეჩავა) შეიძლება სულაც არ მიაქციონ ყურადღება. რა ენაღვლებათ რუსეთთან უვიზო რეზიმი, როდესაც შენგენის ხუთწლიანი ვიზები ჯიბეში უდევთ?
ანუ აქ თითქოს ყველაფერი „დალაგებული" აქვთ, მაგრამ . . . კიდევ არის ერთი „მაგრამ": როდესაც 2008 წელს „საქმე საქმეზე მიდგა", იმ უბრალო გლეხებმა თქვეს: „ჰოდა თუ ასეა და თუკი ჩვენი სახელმწიფო ჩვენს ინტერესებს ასე ფეხებზე იკიდებს, მაშინ თქვენ იომეთ ამ სახელმწიფოსთვის თქვენი დედაც . . . . . . !"
ისე, მრავლისმნახველ ქართულ ტელესივრცეში ერთი დაუვიწყარი ინტერაქტივი იყო: 2006 თუ 2007 წელს, „იმედმა", თოქ-შოუს მიმდინარეობისას, ტელემაყურებელთა გამოკითხვა მოაწყო და აღმოჩნდა (თუ ბიჭები და გოგოები არიან, უარყონ), რომ უბრალო ქართველი ტელემაყურებლის უმრავლესობას პუტინი უფრო მოსწონდა ვიდრე იუშჩენკო ან საკუთარი „ლამაზი და ახოვანი". ამან კიევიდან ჩართული სავიკ შუსტერის გაოგნება გამოიწვია და იმედის პროდიუსერთა დაკივლებისთანავე (არ არის გამორიცხული ტელევიზიის იმდროინდელ მფლობელს დაერეკა დედის ....ს გინებით: „ამათ ეს უნდათ კიდევ, რას მიშვრებითო") ტელეეკრანზე ციფრები, რა თქმა უნდა, უმალ შეიცვალა.
ამ ფაქტს ვერ უარყოფენ, იმიტომ, რომ ზუსტად ასე იყო!
„ეს რა დებილი და დეგენერატი ხალხის შვილები ვყოფილვართო".
დებილები, დეგენერატები და უპასუხისმგებლო ნაძირალები თქვენ ხართ! თორემ ეს სახელმწიფო რომ მართლა გამოხატავდეს ხალხის (და არა უზნეო და გაქსუებულ ელიტათა) მისწრაფებებს, მაშინ იმედის ეკრანზე ის ციფრები სამუდამოდ არ დაფიქსირდებოდა.
"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .