ვილნიუსში თანამედროვე ქართული ხელოვნების გამოფენა „საქართველოს ხელოვნება ვილნიუსში" მიმდინარეობს.
ექსპოზიციაზე საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი განძთსაცავი - ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის კოლექციაა წარმოდგენილი.
ისტორიული მუზეუმი 1912 წელს დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში მასში ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის 150 ათასზე მეტი ნიმუში დაგროვდა. მათ შორისაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანისა და ანტიკური პერიოდის ძეგლები, ქართული, ბერძნული, რომაული, ბიზანტიური და აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის, ყოფისა და კულტურის ამსახველი იშვიათი ნაკეთობები, უნიკალური ეპიგრაფიკული ძეგლებისა და ხელნაწერების კოლექცია, ეთნოგრაფიული მასალები, ოქრომჭედლობის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინის,ქსოვილის, ხის ნაწარმის ნიმუშები და სხვა. არქეოლოგიის ფონდი 40 000 ექსპონატს ითვლის (ქვედა პალეოლითის ეპოქიდან მოყოლებული, გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით). მათ შორისაა: სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული საბრძოლო, საყოფაცხოვრებო, სამუშაო და საკულტო დანიშნულების საგნები, დამზადებული სამკაულები, ლითონმქანდაკებლობის ნიმუშები: გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX-VII სს.), ბრინჯაოს ჭვირული ბალთები (ძვ. წ. II ს._ახ.წ. III სს.), ბრინჯაოს ანთროპომორფული ქანდაკებები, მამაკაცისა (ძვ. წ. VIII ს., ფერსათი) და ქალის (ძვ. წ. VII ს., გორისი,ძვ. წ. VI ს., გეგუთი) ითიფალური ქანდაკებები,ანტიკური ხანის კერამიკისა და სხვა იმპორტული ნაწარმის ნიმუშები: ძვ. წ. III ს-ის ვერცხლის რიტონი, გრიფონის მრგვალი ქანდაკება (ბრინჯაო, IV-V სს.) და სხვა.
თანამედროვე ქართულ ხელოვნებას ვილნიუსში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს, ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან ერთად.
გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.