ENG / RUS       12+

უკრაინა გატეხეს

ევროკომისარმა შტეფან ფულემ გააუქმა ვიზიტი უკრაინაში. ეს დიპლომატიური პროტესტის უკიდურესი ფორმაა. როგორც არ უნდა დამთავრდეს უკრაინის „ევროისტორია", ამ ქვეყანას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, რაკი პარტნიორებისთვის იგი უკვე არაპოგნოზირებადი სახელმწიფოა, რომელიც წამდაუწუმ ცვლის პრიორიტეტებს. მით უმეტეს ისეთ პრიორიტეტებს, რომლებიც ღირებულებებს ეფუძნება თითქოს.

ასეთივე რეაქცია მოჰყვა „ნატო" - ზე უარის თქმას იანუკოვიჩის გაპრეზიდენტებისთანავე. უკვე აღარავინ იცის რას შეიძლება ხვალ ელოდონ ამ სახელმწიფოსგან და რამდენად სანდო პარტნიორია იგი. უკრაინისთვის ამგვარი „აურის" შექმნა რუსეთის უდიდესი გამარჯვებაა! საქართველოს სხვა პრობლემები და სისუსტეები აქვს, თუმცა ამ თვალსაზრისით არათანმიმდევრულობას ვერავინ გვისაყვედურებს: ყველა ხელისუფლება მიისწრაფოდა „ნატო" -სა და ევროკავშირისაკენ. სხვა საქმეა გვიღებენ ან საერთოდ მიგვიღებენ თუ არა.

უკრაინის გატეხვა იმითაცაა ჩვენთვის საშიში, რომ ევროპაში დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, გაფართოება ყოველთვის ხდება ჯგუფრად: ანუ მოლდოვა და საქართველო განიხილებოდნენ უკრაინის „ორთქმავალს" ჩაჭიდებულ პატარა ქვეყნებად და ამ ორთმავლის გათიშვამ შეუძლებელია ჩვენი პროცესიც არ შეაჩეროს. თუმცა, ზოგიერთს გულუბრყვილოდ ჰგონია რომ პირიქით - „რუსეთის ჯინაზე„ ჩვენ უფრო სწრაფად მოგვცემენ ასოცირებას და MAP-ს. რეალურად, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის, ასე არ არის და არც შეიძლება იყოს:
ევროპას ვეებერთელა, ლამის 60 მილიონიანი უკრაინა აინტერესებდა, რომელიც გარდა უზარმაზარი ბაზრისა, გეოპოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთს საპირწონე. ხოლო საქართველო ევროპისათვის მეშვიდეხარისხოვანი საკითხია.

უკრაინის გარეშე რუსული ზესხელმწიფო კნინდება - საშუალო დონის რეგიონულ ქვეყნად იქცევა. გარდა ამისა, უკრაინა, მისი კიევის ლავრითა და დნეპრით, აგრეთვე ყირიმითა და სევასტოპილით რუსული იდენტობის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია. უკრაინაზე უარის თქმა რუსებისთვის საკუთარ იდენტობაზე უარის თქმასაც ნიშნავს. ამიტომ, თავიდანვე ნათელი იყო, რომ მოსკოვი უკრაინას იოლად არ დათმობდა და ყველაფერზე წავიდოდა, ყველაფერს ხელს მოაწერდა, რათა ევროპასთან კიევის ასოცირება არ დაეშვა.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, - შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა, - კომენტატორთა უმრავლესობა რატომღაც ტიმოშენკოს საქმეზე აკეთებს აქცენტს და ევროპასაც ანამუსებს: აქაოდა, ამ ერთი ჭკუათხელი დედაკაცის გამო (აქვე: იმ კონტრაქტს, გაზპრომთან, რისთვისაც იგი დაიჭირეს, „ჭკუათხელის" გარდა მართლა არავინ მოაწერდა ხელს) უკრაინა ევროპამ რატომ უნდა დაკარგოსო.

არადა, ტიმოშენკო აქ ნამდვილად არაფერ შუაშია.

კი, ევროპელები ბოლო დომდე „აწვებოდნენ" იანუკოვიჩს, გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმარი ან გაეგზავნა იგი ევროპაში სასწავლებლად, მაგრამ სრული დარწმუნებით შეილება ითქვას, რომ სულ ბოლო მომენტში ეს მოთხოვნა მოიხსნებოდა და ევროკომისია არ დაუშვებდა ვილნიუსის სამიტის ჩაშლას მხოლოდ ტიმოშენკოს გამო! სინამდვილეში, უარი (ფაქტია) არა ბრიუსელმა, არამედ კიევმა თქვა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა აზაროვმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები: რუსეთის მუქარა, ეკონომიკურო ბლოკადა, საზღვრების შესაძლო ჩაკეტვა, რუსეთიდან მილიონობით უკრაინელი გასტერბაიტერის გამოყრა, სავიზო რეჟიმის შემოღება, გაზის მოწოდების შეწყვეტა, სრული ემბარგო, ყირიმში სეპარატისტული მოძრაობების გამოცოცხლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

უკრაინა ვალებში იხრჩობა. აზაროვი სავალუტო ფონდს ეხვეწებოდა, 10-15 მილიარდი მაინც გაეღო გარდამავალ პერიოდში, მაგრამ ვაშინგტონიდან სასტიკი პირობები მიიღო: ელექტროენერგიასა და გაზზე ფასის მომატება მოსახლეობისთვის, კომუნალური სახდელების გაზრდა და ასე შემდეგ. ამის გაკეთება უკრაინას არ შეეძლო, რადგან მოსახლეობა იქ კვლავინდებურად საბჭოური მენტალობის მატარებელია, ანუ მიაჩნია, რომ „დენი უფასო უნდა იყოს მშრომელი ხალხისთვის".

განა არ შეეძლო დასავლეთს რაღაც შეღავათი ან გამონაკლისი დაეშვა? მაგრამ საქმეც სწორედ ისაა, რომ მეტისმეტიც არ უნდათ გადაიხადონ უკრაინაში. თითქოს ეუბნებიან: გინდათ ევროპა და დასავლეთი? თქვენს ნაცვლად ჩვენ ვერ გადავიხდით ვალებს, თქვენ უნდა გაიჭირვოთ და ზიდოთ ეს ტვირთი, რასაც ევროპელობა ქვია.

ისევე, როგორც ჩვენ გვითხრეს მხრების აჩეჩვით 2008 წელს: ძვირფასო ქართველებო, ყველაფერში მხარს გიჭერთ, მართლები ხართ, მაგრამ ნუთუ გეგონათ, რომ თქვენს ნაცვლად ჩვენ ვიომებდით და ჩვენ დავღრიდით სისხლსო?

ამდენად, იანუკოვიჩის მთავრობას უბრალოდ შეეშინდა, რომ თუ ასოცირებას ხელს მოაწერდა და რუსული ბლოკადა სრული ძალით ამოქმედდებოდა (ნაწილობრივ უკვე მოქმედებს) მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდოდა დემაგოგიური ლოზუნგით: ოლიგარქებმა ზიდონ ევროინტეგრაციის ტვირთი და არა უბრალო ხალხმა და ასე შემდეგ.

ეს ყოველივე ოსტატურად იქნებოდა ორკესტრირებული კრემლიდან, რომელიც უკრაინას, სულ ერთია, მაინც არ მოეშვება: სრული გარანტია მხოლოდ და მხოლოდ ევრაზიულ კავშირში უკრაინის შემოსვლა იქნება. ამიტომ ბლოკადა (შერბილებული სახით) მაინც იარსებებს.

უკრაინის ხელისუფლებამ კი „ნაკლები ბოროტება" არჩია. თუმცა, სულ ერთია, იგი უკვე დგას იმ მოლიპულ გზაზე, რომელიც მას უკან, ანუ ევრაზიული კავშირისკენ მიაქნებს, ხოლო ტიმოშენკოს ციხიდან გამოსვლა და მისი გაპრეზიდენტება მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკრაინული სახელმწიფოებრიობის აღსასრული მხოლოდ დაჩქარდება.

რა არის ამ დილემის მიზეზი? არამც და არამც ის, რომ ევროპას არ სურს ვინმე კვებოს და არჩინოს საკუთარი გადასახადის გადამხდელების ფულით. მთავარი მიზეზი (ჩვენთვისაც აქტუალური) ისაა, რომ ევროპა, ევროპული ღირებულებები, ევროპული ცხოვრების წესი და ზოგადად, ევროპული ცივილიზაცია, რომელიც ესოდებ გასაგები და მახლობელია უკრაინის ნაციონალისტური ელიტისთვის (ისევე, როგორც ქართული ელიტისთვის), სრულიად უცხო და შორეულია მასისთვის, ე.წ „უბრალო ხალხისთვის", რომელსაც არ ემის, რატომ უნდა გაიჭირვოს, რატომ იომოს, რატომ უნდა „აიტანოს", „მოიკლოს" თვითონაც და საკუთარ შვილებსაც „მოაკლოს" წლების განმავლობაში მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში (ასე 50 წლის შემდეგ) შთამომავლობამ ბედნიერად იცხოვროს ევროპაში.

ამის ახსნა საკუთარი ხალხისთვის ქართულ ელიტასაც მოუწევს. თორემ ვინმეს ხომ არ ჰგონია, მოსკოვი, ახლა რომ დაგვიტკბა (რაკი ჯერ მხოლოდ პარაფირებას ვაპირებთ და არა ხელმოწერას) კლანჭებს არ გამოაჩნს, როცა, მომავალ წელს ხელმოწერაზე მიდგება საქმე?


"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

 

ავტორი: . .