„პოზიტიური ზეწოლა," რომელიც თითქმის არასდროს გასცილებია დიპლომატიური ტაქტის და ეტიკეტის ფარგლებს, ბევრმა საქართველოში ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევად და ერის შეურაცხყოფადაც კი აღიქვა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც თომას ჰამარბერგისადმი ჩვენი საზოგადო მოღვაწეების ერთ ნაწილის მიერ გაგზავნილი საკმაოდ მკვახე შინაარსის ღია წერილი. შეგახსენებთ, რომ თავის ანგარიშში ჰამარბერგმა, რომელიც სამართლებრივ და ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველია, საქართველო და მისი ხელისუფლება გააკრიტიკა სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების არასაკმარისი დაცვის გამო.
ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაუფარავი აღშფოთება მოჰყვა აშშ-ს და ევროკავშირის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ზეწოლას სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი დევნის გამო, რომელიც დასავლეთში პოლიტიკურ დევნად და შერჩევითი სამართალის პრეცენდენტებად აღიქმება. აქ არ შევუდგებით იმის განხილვას თუ რატომ აღიქვამენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და დონორები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ ქმედებებს, რომელიც კანონის სრული დაცვით მინდინარეობს. ეს ცალკე განსახილველი თემაა.
ხოლო მათ ვისაც დასავლეთის „პოზიტიური ზეწოლა" არ მოსწონს, შევახსენებთ, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ჩვენი სახელმწიფო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანწილად „მხარდაჭერისა და პოზიტიური ზეწოლის" შედეგია. მოდით ვაღიაროთ, რომ „პოზიტიური ზეწოლის" არარსებობის პირობებში ჩვენი ქვეყნის არცერთი ხელისუფლება არ იყო მოწადინებული ბოლომდე შეესრულებინა ის რეკომენდაციები და რჩევები, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები დახმარებისა და მხარდაჭერის პარალელურად გვთავაზობდნენ. ის კი არადა და ბევრი რეკომენდაცია ზეწოლის მიუხედავად, დღემდე შეუსრულებელი რჩება, რის გამოც ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაც დროში იწელება.
რაც უფრო ვუახლოვდებით ევროპას, მით უფრო მკაფიო ვდგებით რიგი ჩვენი ტრადიციებისა და ადათ-წესების გადახედვის ან გაუქმების აუცილებლობის წინაშე. იგივე შეიძლება ითქვას ათწლეულობით ჩამოყალიბებულ მიდგომებზე პრაქტიკულად ყველა სფეროში, მათ შორის მართლმსაჯულებაში, რომლებსაც ჯერ კიდევ მრავლად ატყვიათ საბჭოური ატავიზმის ნიშნები. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ დასავლეთიდან „პოზიტიურ ზეწოლას" ამ გარდაქმნების დაჩქარების მიზნით, ქართულ საზოგადოებაში ბევრი ფარული და აშკარა მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, რომლებმაც კომფორტული ფსიქოლოგიურ-მენტალური გარემოდან ამოვარდნის საფრთხე იგრძნეს. 17 მაისის ცნობილი დარბევა და ევროპულ ღირებულებებთან და პრინციპებთან შეუთავსებელი სხვა მოვლენები ამის ნათელი დემონსტრირებაა. სხვათა შორის, ჰამარბერგისადმის გაგზავნილი ცნობილი წერილი მხოლოდ აისბერგის წვერია. პროცესს გაცილებით უფრო სიღრმისეული ხასიათი აქვს.
ამიტომაც ევროპასთან რეალური ინტეგრაცია ღირებულებითი ინტეგრაციით უნდა დაიწყოს და არა მხოლოდ ფორმალური პროცედურებით, რომლითაც ხელისუფალნი მოსახლეობის „დაბოლებას" ცდილობენ.
საქართველოში ევროინტეგრაციასთან დამოკიდებულებაზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები და საზოგადოების რეალური განწყობები ერთმანეთისგან პარადოქსალურად განსხვავდებიან. მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარ თავს ევროპელად არ მიიჩნევს და ევროპელივით არ იქცევა, თუმცა, გამოკითხვის დროს სრულიად დარწმუნებულია ქვეყნის ევროინტეგრაციის აუცილებლობაში. ეს გასაგებიცაა, რადგანაც ევროპა ასოცირდება კარგ, უზრუნველ ცხოვრებასთან, თავისუფლებასთან, დაცულობასთან და ა.შ.
ამგვარი მდგომარეობის ფესვები კი ადამიანების განათლებულობასა და ცნობიერებაში უნდა ვეძებოთ. ცნობიერების ევროპულ რელსებზე გადაყვანას სხვა ფაქტორებთან ერთად ისიც უშლის ხელს, რომ ევროინტეგრაციის შესახებ თითქმის ყველა საჯარო დისკუსია (მცირე გამონაკლისის გარდა) ძირითადად ეძღვნება იმ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს რასაც საქართველო ევროკავშირისგან ელოდება (სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ.). ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი ითქმის იმ ევროპულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე (თუნდაც უმცირესობებთან და მათ უფლებებთან მიმართებაში) რომელთა გაზიარების გარეშეც რეალური ევროინტეგრაცია უბრალოდ წარმოუდგენელია. 17 მაისის მოვლენები იყო ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, თუ გნებავთ ტესტი საზოგადოებისათვის. ამ მოვლენებზე ევროპის მკაცრი რეაქციისა და „პოზიტიური ზეწოლის" შემდეგ ჩვენმა საზოგადოებამ გაიგო, რომ ევროპაში ინტეგრაციას თავის საფასური აქვს. თუმცა იქვე აღმოჩნდა, რომ საზოგადოების საკმაოდ ანგარიშგასაწევ ნაწილს ამ საფასურის გაღება არ სურს.
იქნებ ეს იმიტომაც ხდება რომ ევროკავშირისადმი ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს და როდესაც ამ „მომხმარებლური ჩარჩოების" გარეთ გასვლა უწევთ, თავს მყისვე არაკომფორტულად გრძნობენ. „ღირებულებათა ჩიხი" შეიძლება ვუწოდოთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდა მოცემულ ეტაპზე. პერმანენტულმა დაპირისპირებამ „ტრადიციონალისტებსა" და „მოდერნისტებს" შორის, ასევე თაობათა კონფლიქტმა გამოიწვია ის, რომ დღემდე ვერ შედგა პოლიტიკური ელიტებისა და საზოგადოების კონსენსუსი ქვეყნის ორიენტაციისა და საზოგადოების ფუნდამენტალური ღირებულებების თაობაზე.
საქართველოს ევროპისკენ სწრაფვას კი ევროპაში სერიოზულად აღიქვამენ, მაშინ როდესაც ეს სწრაფვა მხოლოდ ოფიციოზის არტიკულირების დონეზე არ იქნება გამოხატული. ევროინტეგრაცია არ შედგება თუ ევროპაში არ დაინახეს ევროპული ფასეულობების საკანონმდებლო დონეზე ხორცშესხმა, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ სფეროებში რომლებიც ეხება ქსენოფობიის, ჰომოფობიის და უმცირესობების მიმართ ტოლერანტობის პრობლემებს. იგივე შეიძლება ითქვას სამართლიანობის აღდგენის სახელით ცნობილ პროცესზე, რომელიც დღეს ევროპასა და საქართველოს შორის ლამის მთავარ განხეთქილების ვაშლად იქცეს.
თუ ხელისუფლებას უნდა რომ ევროპას დაანახოს რომ საქართველოს ევროპისკენ რეალურად მიისწრაფვის, მან უპირველეს ყოვლისა ევროპას უნდა დაანახოს რომ ამ არჩევანს რეალურად და გაცნობიერებულად უჭერს მხარს საზოგადოების და პოლიტელიტის აბსოლუტური უმრავლესობა. მაგალითად მოლდოვის პროევროპულმა კოალიციურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ვილნიუსის სამიტის წინ ეს დაენახვებინა ევროპისათვის და 3 ნოემბერს კიშინიოვში მასშტაბური მრავალათასიანი აქცია მოაწყო, რომელზედაც მოქალაქეებმა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და რუსეთზე ორიენტაცია გააპროტესტეს. აქციამ რომელსაც 100,000 ზე მეტი ადამიანი დაესწრო, აჩვენა, რომ ხელისუფლების პროევროპულ კურსს საზოგადოებაში საიმედო მხარდაჭერა აქვს. ბუნებრივია ამ ყოველივეს ბრიუსელში სათანადო შეფასება მიეცემოდა. არადა, საინტერესოა რამდენი ადამიანი გამოვა საქართველოში ნებაყოფლობით მსგავს აქციაზე, თანაც ისე რომ მათი მობილიზებისათვის ადმინისტრაციული რესურსი არ იქნას გამოყენებული?!
არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ევროპა საქართველოს უყურებს როგორც პაციენტს რომლის გამოჯანმრთელების იმედი ჯერ კიდევ ბჟუტავს და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება არის ის ერთ ერთი სამკურნალო აბი რომელიც უნდა გადაგვაყლაპონ.
სამკურნალო კი ამ მხრივ ბევრი გვაქვს. ევროინტეგრაციის კუთხით ქვეყანაში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემები. საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ევროპაზე მყარად ორიენტირებული ძლიერი და მრავალრიცხოვანი საშუალო კლასი, რომელიც ევროპული ღირებულებების ყველაზე საუკეთესო პროპონენტი იქნებოდა. ევროკავშირთან ხანგრძლივი პარტნიორობა (მაგალითად, როგორც თურქეთის შემთხვევაში) გვაძლევს ამის მიღწევის საშუალებას. ევროპასთან პარტნიორობის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ურთიერთობის მანძილზე თურქეთმა თანდათანობით დაიწყო „გამოჯანმრთელება". დემოკრატიის და პროევროპული საშუალო კლასის ფორმირების კუთხით ხელშესახები პროგრესი იქნა მიღწეული. ეს კი სწორედ იმ „მხარდაჭერისა და პოზიტიური ზეწოლის" შედეგია, რომელსაც ევროპა თურქეთის მიმართ იყენებდა და იყენებს. 2013 წელს ოფიციალურმა ბრიუსელმა კრიტიკული შეფასება გააკეთა თურქეთში ადამიანის უფლებების სფეროში მდგომარეობის გაუარესების შესახებ. რაზედაც თურქეთის მთავრობამ 270 გვერდიან მოხსენებით უპასუხა, რომელშიც ევროკავშირის კრიტიკას „შეუწყნარებელი" და „პოლიტიკურად მოტივირებული." უწოდა. როგორც ვხედავთ, მარტო საქართველო არ განიცდის „პოზიტიურ ზეწოლას." ამიტომაც ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული მოთმინებით აღჭურვა და პრობლემების ნაბიჯ ნაბიჯ გამოსწორებაა, თუნდაც საზოგადოების ერთი ნაწილისათვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების ხარჯზე. საბჭოურ-კომუნისტური მეტასტაზებისგან განკურნება არ არის იოლი საქმე. ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის ორიენტაციასა და ძირითად ფასეულობებზე პოლიტელიტებისა და საზოგადოების მდგრადი კონსენსუსი მიღწეული არ არის, ჯერ კიდევ არსებობს რუსეთისკენ მობრუნების რისკი, თუკი საზოგადოებაში გაჩნდება განცდა, რომ ევროპა „არაფერს ღირებულს არ გვთავაზობს".
იქნებ სწორედ ეს საფრთხე გააცნობიერეს ევროკავშირში მას შემდეგ რაც სომხეთმა პირი რუსეთისკენ იბრუნა, უკრაინამ დაამუხრუჭა, ხოლო ბელარუსი და აზერბაიჯანი უბრალოდ მზად არ აღმოჩნდნენ ასოცირებისათვის. შესაძლოა მსგავსი პროცესების პრევენციის მიზნით, ევროკავშირმა საქართველოს ერთგვარი ავანსიც მისცა, როდესაც ტექსტის პარაფირებიდან ერთ წელზე ნაკლებ ვადაში 2014 წლის სექტემბრისთვის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა შესთავაზა. ამ ხნის მანძილზე და შემდეგაც საქართველოს „პოზიტიური ზეწოლის" რეჟიმში ცხოვრება მოუწევს.
"ჯი-ეიჩ-ენი", ზაალ ანჯაფარიძე