სტუდენტებთან შეხვედრისას ბატონმა ნორლანდმა მრავალმნიშვნელოვნად თქვა: ქართველები აფხაზებსა და ოსებს ექცეოდით ისევე, როგორც თქვენ გექცეოდნენ რუსები. ამიტომ ბოდიში უნდა მოუხადოთო.
ამ განცხადებას შემდეგ «დიპლომატიური დაზუსტება» მოჰყვა: აქაოდა, დისკუსიის გამოწვევა მინდოდა და არც კი ვიცოდი თუ ჩემს გამოსვლას ვინმე იწერდაო. არადა, ნორლანდი მეტისმეტად გამოცდილი დიპლომატია, ნამდვილი «მგელია», უბრალოდ ჭკვიანი ადამიანია, რათა ასეთი «იაღლიში» უნებლიედ მოსვლოდა.
რაც თქვა, თქვა იმიტომ, რომ «გარეთ გამოსულიყო» და ყველას გაეგონა. სხვაგვარად ასეთი დონის დიპლომატები არ იქცევიან.
რა გვითხრა ამ ფრაზით ელჩმა ნორლანდმა? ძალიან მნშვნელოვანი რამ: დისკურსი, რომელსაც ქართველები გვთავაზობთ უკვე 20 წელია, თითქოს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ომები სინამდვილეში იყო ომი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, ჩვენთვის, ამერიკელებისთვის, სტრატეგიულად მიუღებელია! ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სიმართლე. სინამდვილეში კი, პრობლემა შექმნა თქვენმა სურვილმა, არ გეცნოთ აფხაზებისა და ოსების უფლება, მათაც შეექმნათ დამოუკიდებელი სახელმწიფო მაშინ, როდესაც თავად ამჟღავნებდით ამგვარ მისწარფებას.
არავინ მოატყუოს შემდგომმა «დაზუსტებებმა», თითქოს აქ რაიმე კონკრეტული შეცდომები იგულისხმება; სინამდვილეში იგულისხმება სწორედ სტრატეგია, რომელიც, როგორც ჩანს, ამერიკელებს ახლა სწორედ ასე ესმით (რაკი ასე აწყობთ) და მომავალშიც სწორედ ამაზე ააგებენ პოლიტიკას: თუ საბჭოთა იმპერიის დაშლის პროცესში ქართველებს ჰქონდათ თვითგამორკვევისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლება, ასეთი უფლება ჰქონდათ აფხაზებსა და ოსებსაც! კონფლიქტი ორივე რეგიონში სწორედ ამიტომ დაიწყო 1989 წელს.
აბა სხვა რა უნდა იგულისხმებოდეს ფრაზაში: «როგორც რუსები გეპყრობოდნენ ქართველებს?» ნუთუ ის, რომ რუსები ქართველებს ჩაგრავდნენ ეთნიკური ნიშნით? რასაკვირველია იგულისხმება, რომ რუსებსაც არ სურდათ ამ უფლების (საქართველოს დამოუკიდებლობის) აღიარება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ნიშანდობლივია, რომ ეს ფრაზა ითქვა «მიშას წასვლის» მომენტში, ანუ მაშინ, როდესაც ამერიკა წარმატებით ამთავრებს საქართველოდან «გეოპოლიტიკური უკანდახევის» რამდენიმეწლიან ოპერაციას (ოღონდ «სახის დაუკარგავად» და მოკავშირის აშკარა «ჩაბარების» შთაბეჭდილების შეუქმნელად), რომელიც 2008 წლის ომისთანავე დაიწყო.
«ჩვენ რა, მზად ვართ საქართველოს გულისთვის ვეომოთ რუსეთს?!» (აზრობრივად იგულისხმება «. . . . . როგორც ვიომებდით მასთან ესტონეთის ან ისრაელის გულისთვის?» -ავტ.) - იკითხა მაშინ პრეზიდენტ ბუშის მრჩველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში სტივ ჰედლიმ.
«არა, არ თქმა უნდა არა ვართ მზად!» - ერთხმად აღმოხდათ თეთრი სახლის «სიტუაციურ დარბაზში» შეკრებილთ.
დღეს კი, როცა ე.წ. «ვარდების რევოლუციისა» და ამ რევოლუციის უკრაინის, ხოლო საოცნებო შემთხვევაში რუსეთის მიმართულებით ექსპორტის ოპერაცია (რომელშიც ესოდენ ბრიყვულად ჩავეთრიეთ და გადამწყვეტ მომენტში კი პამპერსები გამოგვიგზავნეს) დასასრულს უახლოვდება, ხოლო მისი განმახორციელებელი «მიშა» ევაკუირებულია და ამ მხრივ სახის საბოლოოდ დაკარგვა ამერიკელებს აღარ ემუქრებათ, უკვე შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან, რომ, თურმე, რაც დაგვემართა ჩვენივე ბრალია: ელჩ ნორლანდის განცხადებიდან აბსოლუტური ლოგიკით გამომდინარეობს, რომ რუსეთმა მცირერიცხოვან ხალხთა უფლება დაიცვა და მიუხედავად იმისა, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა თუ არა, ეს საქციელი ისტორიულად მაინც გამართლებულია!
ამერიკასაც ხომ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა, როდესაც გერმანიას ომი გამოუცხადა, თუმცა კონკრეტული საბაბი ჰოლოკოსტი იყო?!
რიჩარდ ნორლანდის განცხადებიდან უეჭველად გამომდინარეობს ისიც, რომ რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ჩვენთვის და რა გაკაპასებითაც არ უნდა უარყონ (თუმცა უარყოფენ კი?!) ამგვარი ინტენცია თბილისში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებმა, ამერიკის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ დროის საქმეა!!! დროისა - ისტორიული თვალსაზრისით, ანუ ხვალ არ იქნება, არ მოხდება არც 5 წლის შემდეგ, მაგრამ ადრე თუ გვიან, ანუ 10 - 20 - 30 წელიწადში . . . . .
პოლიტიკის «ოქროს კანონია», რომ როდესაც ზესახელმწიფო ხარ და არ (ვერ) უპირისპირდები რეალობას ანუ მისი შეცვლა არ (ვერ) ძალგიძს, ეს რეალობა უნდა სცნო!
ამას წყალი არ გაუვა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს რომ სწორედ ასეა, და არა სხვაგვარად, ანუ ელჩ ნორლანდის განცხადება რომ «შეთხვევითი წამოცდენა» ან ლიაფსუსი არ იყო, სხვა სიმპტომებითაც ჩანს: დავაკვირდეთ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით მოქმედი რადიო «ეხო კავკაზას» (რადიო «თავისუფლების» შვილობილია) საინფორმაციო პოლიტიკას და გავითვალისწინოთ, რომ ეს რესურსი ჩააბარეს «ხალხთა თვითგამორკვევის» ისეთ ამაგდარ მოღვაწეს, როგორიც ანდრეი ბაბიცკია.
ვითომ შემთხვევით? რასაკვირველია არა. ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფის იმაზე ძლიერი, ჭკვიანური და კვალიფიციური პროპაგანდა, როგორსაც ეს (ამერიკული!) რადიოსადგური და მისი საიტი ეწევიან, რუსულ რესურსებშიც კი არ მოიძევება. თანაც, «ეხო კავკაზა» ჰქვიათ, მაგრამ ჩრდილო კავკასიაში კვლავაც მიმდინარე გენოციდი, ადამიანების ყოველდღიური გატაცება, ხოცვა - ჟლეტა «რატომღაც» საერთოდ არ აინტერესებთ.
ქართული «დოყლოპატია» (ჩვენ რომ «დიპლომატიას» ვუწოდებთ) ამის გამო ყურსაც არ იბერტყავს. აბა რა შეუძლაით ბეჩავთ? ამერიკის ელჩს შენიშვნას ხომ არ მისცემენ?
ასეთი რამ შემთხვევით არასოდეს ხდება და ილუზიები ნუ გვექნება: როგორც კი სახის შენარჩუნებისა და რუზველტისეული «. . . . . . . but he's our son of a bitch» (ირონიაა, რომ ქართულად ჟღერს, როგორც «ბიჭი») ევაკუაციის ოპერაციას დაასრულებენ და საბოლოოდ ხელს დაიბანენ საქართველოს მომავალი ბედის გამო, real policy-ს ფარგლებში კავკასიაში ჩამოყალიბებული რეალობის აღიარება ამერიკული სტრატეგიის იმპერატივად იქცევა. ამის ნიშნები უკვე არის და ნორლანდის განცხადებაც ერთ-ერთი სიმპტომია.
დიახაც, მხოლოდ და მხოლოდ დროის საქმეა: ზესახელმწიფო ვერ შეეგუება რეალობის არცნობას და ეს საქართველოს რუსეთისათვის «ხურდაში დაბრუნების» მორიგი გამოვლინებაც გახდება, რაც იმავე «ხუთდღიანი ომის» შემდეგ («შემდეგ» და არა უშუალოდ «ხუთდღიანი კონფქლიტის» დროს, რაკი ბირთვულ ომს ნამდვილად ვერ დაიწყებდნენ და ამას არც არავინ ითხოვს მათგან) გამომჟავნდა, როცა, ერთი ქართველი პუბლიცისტის გენიალურობამდე ზუსტი გამონათქვამით: «ჩვენმა მეგობრებმა გაგვიღიმეს, თვალი აგვარიდეს და განაგრძეს რუსეთთან თანამშრომლობა ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარა»
ჰოდა, თუკი სადღაც 2050 წელს, რომელიმე ქართველი რომელიმე ამერიკელს უსაყვედურებს: «2008 წლის ომის შემდეგ (!) რატომ მხარი არ დაგვიჭირეთ, რუსეთის გავლენის სფეროში რატომ დაგვტოვეთ და MAP-ი მაინც რატომ არ მოგვეცითო», პასუხად მომავალი სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოკითხულ, ელჩ ნორლანდის თეზისს შეახსენებენ «საუკუნეთა განმავლობაში ქართველების (მათ შორის «ქართველი სტალინისა» და «ქართველი ბერიას») მიერ მცირერიცხოვან ხალხთა უსამართლოდ ჩაგვრის შესახებ და არა ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის პათოსურ სიტყვებს პარალმენტის ტრიბუნიდან, რომ «ამერიკის შეერთებული შტატები მუდამ საქართველოს გვერდით იდგება».
ბაიდენის ფრაზა ნამდვილად არ შევა იმ სახელმძღვანელოში. ისევე, როგორც «ვარდების რევოლუციისა» და «მიშას» ხსენებაც არ იქნება იქ.
„ჯი-ეიჩ-ენი", მალხაზ ლებანიძე