ENG / RUS       12+

ბესლან კობახია: უნდა შეწყდეს ფუჭი ოცნებები, რომ აღიარებამდე რამე შეიცვლება

რესპოდენტის შესახებ

რა მოლოდინები აქვს აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან, რას ელიან ისინი საქართველოსგან, რამდენად მოსწონთ აფხაზებს აფხაზეთის მიწაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზები, რუსული სამხედრო ქალაქები, რა პირობებში იზრდება აფხაზი ახალგაზრდობა რომელიც „თავიანთი სახელმწიფოს" არავისთვის დათმობას არ აპირებენ. ამ და მრავალ სხვა საკითხებზე სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენისათის" მიცემულ ინტერვიუში ცნობილი აფხაზი საზოგადო მოღვაწე ბესლან კობახია საუბრობს და საქართველოს ახალ პრეზიდენტს რჩევებსაც აძლევს.

- საქართველოს ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობა ჰყავს. თქვენ, როგორც გამოჩენილ აფხაზ საზოგადო მოღვაწეს, გეცოდინებათ, რა მოლოდინები არსებობს აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ?

- გულწრფელად გეტყვით, რომ საქართველოდან მომავალი ახალი ამბები აფხაზეთისათვის პრიორიტეტული არ არის, ვინაიდან აფხაზეთს მრავალი თავისი შიდა ახალი ამბავი აქვს, რომელიც გაცილებით უფრო აღელვებს ჩვენს მოსახლეობას.

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვუყურებთ იმას თუ რა ხდება საქართველოში და შეფასება არის ასეთი: პირველად საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება განხორციელდა და ამას ყველაფერს თან სდევს არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილება არამედ მისი მმართველობის სტრუქტურის შეცვლა -საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება. არის მესამე მომენტი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო: გადადგომას აპირებს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ადგილს ახალგაზრდა პოლიტიკოსს უთმობს. არ ვიცი ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ნორმალურად იქნება.

მაგრამ, ნებისმიერი ხელისუფლება ხომ ტრადიციებს ეყრდნობა, ტრადიციები კი თავის მხრივ დროის მდინარებასთან ერთად იქმნება. ბოლო 25 წლის განმავლობაში ის ტრადიცია, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში შეიქმნა, რბილად რომ ვთქვათ არ აღგაფრთოვანებს.

იმედი დავიტოვოთ, რომ ის რაც ხდება დღეს ეს არის დასაწყისი რაღაც ახალი, კარგი ტრადიციისა საპარლამენტო ქვეყნისა, სადაც ხელისუფლება უმტკივნეულოდ გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს.

-რა კომენტარს გააკეთებთ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო ისეთ საზოგადოებას შექმნის, რომ აფხაზები და ოსები თავად მოისურვებენ მასთან ერთად ცხოვრებას?

-მე მაინც მინდა გავაფრთხილო საქართველოს ახალი ხელმძღვანელი, თუ მას ჩემი რჩევა სჭირდება, დროა უკვე ილუზიები დასრულდეს. უკვე მოვიდა დრო პრაგმატული მოქმედებებისა და პრაგმატული აზროვნებისა.

უკვე 20 წელზე მეტია აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას განვითარების საკუთარი გზა აქვს არჩეული ანუ ის დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზური სახელმწიფო მტრულადაა განწყობილი ქართული სახელმწიფოსადმი - აბსოლუტურად არა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აფხაზი ხალხის მიერ და დადასტურებული რეფერენდუმით და სრულად შეესაბამება საერთაშორის პრაქტიკას, რომელიც ხალხთა თვითგამორკვევას ეხება. ამ თვალსაზრისით აფხაზმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და უკვე 20 წელზე მეტი ხანია ამ გზაზე მიდის. ის თავის სახელმწიფოებრიობას აშენებს. თაობა, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა სწორედ ამ პარადიგმაში და არაფერი სხვა მათ არ იციან. აფხაზურ სახელმწიფოს ჩვენი ახალგაზრდობა არავის დაუთმობს. საუბარია არა მხოლოდ საქართველოზე, ვინაიდან გარესამყაროში ბევრი რისკია ჩვენი სახელმწიფოსათვის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ აფხაზეთის მოქალაქეებს სწამთ თავიანთი სახელმწიფოსი.

ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაცილებით უფრო პრაგმატული იქნებოდა დაესრულებინათ ბოლო 25-30 წლის ჩვენი ეს ტრაგიკული ისტორია, გადაეშალათ ეს ფურცელი და ეცადათ დაეწყოთ ურთიერთობების მშენებლობა ახალ საფუძველზე, რომელიც ახლა შექმნილ რეალობას დაეყრდნობოდა. რეალობა კი შემდეგნაირია: არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო - აფხაზეთი და არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო - საქართველო. ჩვენ ხელი უნდა მოვაწეროთ შეთანხმებებს ჩვენს შორის და განვავითაროთ ურთიერთობები.
თუ ეს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე გაკეთდება ეს შესაძლოა გახდეს იმპულსი ურთიერთობების ხელახალი აღორძინებისა, რომლებიც ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე და კეთილგაწყობაზე იქნება დამყარებული.

-აფხაზური საზოგადოება ახსენეთ და მინდა გკითხოთ... საქართველო ვითარდება, ჩვენთან მართალია თანდათან, მაგრამ ცხოვრების დონე უმჯობესდება, წინ მივდივართ, მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების წევრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასაც ველით. არსებობს აფხაზური საზოგადოების ნაწილი, რომელიც სარგებლობს ყველა იმ სიკეთით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს... ისინი ჩამოდიან, ისვენებენ აქ, სწავლობენ აქ, მკურნალობენ აქ. თუ მათი რაოდენობა გაიზრდება და ისინი საქართველოსთან თანაცხოვრებას მოინდომებენ აფხაზეთის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავა?

-მე არ ვიცი, თქვენ რა ფაქტებს ეყრდნობით, თუმცა, ერთეული შემთხვევები რა თქმა უნდა არსებობს. ჩვენი სამყარო დღეს გლობალიზებულია იმდენად, რომ რა თქმა უნდა ვიღაც მიდის საქართველოში, ვიღაც საქართველოდან ჩამოდის აფხაზეთში, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. ერთი, ორი, სამი, გნებავთ ათი გნებავთ ასი ადამიანი. მე თქვენ კი ზოგადად აფხაზი ხალხის განწყობის შესახებ გესაუბრებით.

აფხაზი ხალხი საერთოდ არ აპირებს შუღლი ჰქონდეს ვინმესთან ამ მსოფლიოში. ჩვენ ვმეგობრობთ და ვურთიერთობთ მათთან ვინც ჩვენ გვაღიარებს. აი შეხედეთ, როგორი ურთიერთობები გვაქვს დამყარებული რუსეთის ფედერაციასთან. უზარმაზარი სახელმწიფო 140 მილიონი ადამიანით და პატარა აფხაზეთი 300 ათასი ადამიანით, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. ამავდროულად ჩვენს შორის უკვე ხელმოწერილია 80 ზე მეტი, დაახლოებით ასი მეშინია ციფრებში არ შემეშალოს, სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ყველა სფეროს არეგულირებს.

პერიოდულად ურთიერთბების განვითარების დროს რაღაც კითხვები წარმოიშვება, რომლებიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან წყდება და თავად მოლაპარაკებები ყოველთვის მიმდინარეობს კონსტრუქციულად, ყოველგვარი ანტაგონიზმის გარეშე და გამოსავალი ყოველთვის იძებნება. აი, რა მაგალითის მომცემია დღეს რუსეთის ფედერაცია.

და რატომ არ უნდა დავამყაროთ ურთიერთობები აფხაზეთსა და საქართველოს შორის სწორედ ამ მიმართულებით?!

ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი გვაქვს საერთო და ჩვენს ხალხებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კავშირებმა ვერ იმოქმედა 20 წლის წინ, როდესაც სახელმწიფო საბჭოს ჯარი შევიდა აფხაზეთში და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურება დაიწყო. გესმით, არ შეიძლება ასე უბრალოდ შემოხვიდე, უამრავი რაოდენობის ადამიანი დახოცო , მთელი აფხაზეთი 20 წლის წინ სასაფლაოდ იყო ქცეული, გაანადგურო მთელი ეკონომიკა ...

-ერთი წუთით, ჩვენ ახლა ომზე არ ვსაუბრობთ და მოდით არგვინდა ამ საკითხებზე საუბარი ...

მე მინდა კონსტრუციული ვიყო, აქეთ მივდივარ ...

-დიახ, გისმენთ...

-მიმაჩნია, რომ არავითარი სხვა გამოსავალი, გარდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისა დღეს არ არსებობს. ეს ნაბიჯი გაბედულმა პოლიტიკოსმა, გაბედულმა ადამიანმა უნდა გადადგას. საქართველოში უნდა გამოჩნდეს დე გოლის მასშტაბის პოლიტიკოსი, რომელმაც თავის დროზე უარი თქვა ტუნისზე, ლიბიაზე თუ არ ვცდები და ახალი პოლიტიკის გატარება დაიწყო. შედეგად, მან პრეზიდენტის თანამდებობა დაკარგა, მაგრამ ცხოვრებამ აჩვენა, რომ მისი არჩევანი სწორი იყო. იმიტომ, რომ დღეს არავითარი ანტაგონიზმი აფრიკულ ქვეყნებსა ( რომლებიც მაშინ საფრანგეთის კოლონიები იყვნენ) და საფრანგეთს შორის არ არის. პირიქით, მათ შორის ნორმალურ ურთიერთობებია.

მიმაჩნია, რომ სწორედ ასეთი დონის პოლიტიკოსი აცილებლად უნდა გამოჩნდეს საქართველოში, იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც დრო გვკარნახოვს დღეს. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვალთ 20 წლის წინანდელი მოვლენებიდან.

-რუსეთისა და აფხაზეთის ურთიერთობა მაგალითად მოიყვანეთ, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო უარს აცხადებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. რა მოგცათ რუსეთის მხრიდან აღიარებამ თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს აფხაზეთში არ აქვს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რომელიც დღეს თანამედროვე მსოფლიოში არსებობს და ხდება. მთელი მსოფლიო რუსეთია თქვენთვის?

-რატომ მიგაჩნიათ, რომ აფხაზეთს არ აქვს საშუალება ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით რაც დღეს თანამედროვე მსოფლიოში ხდება?! თქვენ რაღაც მცდარი წარმოდგენები გაქვთ თანამედრივე აფხაზეთის ცხოვრებაზე.

პირიქით, ყველა გზა გახსნილი გვაქვს მსოფლიოში და ყველგან დავდივართ და ყველგან ვართ. ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ჩვენ ამაში პერიოდულად ხელს გვიშლის არის სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო. რამდენიმე რამეს ჩამოგითვლით კიდეც, რომლებიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს იერსახეს საერთოდ არ შეესაბამება.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენი სტუდენტებისათვის პერიოდულად ხელის შეშლას ცდილობენ იმაში, რომ მათ ვერ მიიღონ ვიზა, კარგ ევროპულ სასწავლებლებში განათლების დასაუფლებლად.


-ერთ-ერთი რაც ვიგულისხმე სწორედ ეს იყო...

საქართველო ამას ყოველთვის ეწინააღმდეგება. რაღაც კულტურულ ღონისძიებებს ვატარებთ, მაგალითად გერმანიაში ვიყავით 2 წლის წინ. იქ ეცადა საქართველოს საელჩო და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელი შეეშალათ ამ ღონისძიების ჩატარებაში.

ჩვენი ავადმყოფები, რომლებიც ცდილობენ გავიდნენ სამკურნალოდ ევროპულ კლინიკებში ასევე სამწუხაროდ აწყდებიან წინააღმდეგობებს იმის გამო, რომ საქართველო ყოველივე ამის გამო პროტესტს აცხადებს. საბავშვო კოლექტივები გამოდიოდნენ ბულგარეთში, თურქეთში არ მისცეს ბავშვებს გამოსვლის საშუალება.

ყოველივე ეს აფხაზეთისა და საქართველოს პოზიციების დახლოებას ხელს არ უწყობს და პირიქით, ეს ჩვენ ერთმანეთისგან გვაცილებს. მიმაჩნია, რომ გაცილებით უფრო კონსტრუქციული იქნება დასრულდებს მთელი ეს ისტორია, ხელი მოეწეროს სამშვიდობო შეთანხმებას და დავიწყოთ ურთიერთოებების განვითარება.

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ ამ შემთხვევაში რა შესაძლებლობები გაიხსნება საქართველოსთვისაც და აფხაზეთისთვისაც. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ მოსაზღვრედ ვართ. აქ არის ენგურჰესი, ნახეთ რამდენი კომუნიკაციაა მის ირგვლივ. არის საავტომობილო გზა, არის რკინიგზა, არის პორტები ფოთის, სოხუმის, არის საშუალება ოჩამჩირის პორტის განვითარებისა, არის საშუალება დაიწყოს პროექტის რეალიზაცია ჩრდილოკავკასიის გზის მიმართულებით.

ეს ხომ მასშტაბური საინვესტიციო პროექტებია, რომელთა ამოქმედება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ და თქვენ შევძლებთ და გამოვალთ ჩვენი ურთიერთობების ჩიხიდან, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთია - ურთიერთაღიარება, სამშვიდობო და ეკონომიკური ურთიერთქმედების შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერა. ამ შემთხვევაში ჩნდება შესაძლებლობების მასა, რომელიც ათეულობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც დღეს ძალიან მწვავედ სჭირდება, როგორც საქართველოს ისე აფხაზეთს.

-როგორც აფხაზეთის პატრიოტს გეკითხებით. პირადად თქვენთვის და პატრიოტულად განწყობილი აფხაზური საზოგადოებისათვის, რამდენად მისაღებია და მოსაწონია რუსული ბაზები, რომელიც დღეს აფხაზეთის მიწაზე ფუძნდება, რუსული სამხედრო ქალაქები, რომლებსაც რუსეთი თავისი სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აფხაზურ მიწაზე აშენებს... იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას არ დატოვებს. მაინტერესებს, თქვენ ეს მოგწონთ?

-მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ის რაც დღეს აფხაზეთში ხდება არის შედეგი იმ მოვლენებისა, რომლებიც 20 წლის წინ მოხდა - ეს ერთი. მეორე - გარდა აფხაზეთის და გარდა საქართველოს ინტერესისა არსებობს კიდევ მსხვილი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესი. მხედველობაში მაქვს რუსეთი რა თქმა უნდა, მხედველობაში ასევე მაქვს ევროკავშირი და აშშ. არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ აქ თავმოყრილია ყველა ამ დიდი სახელმწიფოს ინტერესი.

აფხაზები დღეს მოქმედებენ ისე, როგორც მათ შეუძლიათ იმოქმედონ ამ სიტუაციაში, ჩვენ პრაქტიკულად სხვა გამოსავალიც არ გვაქვს. დღეს, რუსეთის ფედერაცია არის სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს აფხაზეთის მოსახლეობის უსაფრთხოებას, ხოლო რა მისცა მაგალითად აფხაზეთის აღიარებამ რუსეთის ფედერაციას, მე მგონია და ასეც არის ალბათ, ამან მას საშუალება მისცა ლეგალურად განეთავსებინა თავისი სამხედრო კონტიგენტი აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობასთან გაფორმებული სამხედრო შეთანხმებით.

მიმაჩნია, რომ ეს ბაზები, რომლებიც იქ დგას არ არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ. ეს ბაზები წყვეტენ აბსოლუტურად სხვა გლობალურ ამოცანას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების დაცვას. ასე რომ, არსებობს ნატო, არსებობს დაპირისპირება დსთ-ში... დაპირისპირება ამ რეგიონში გრძელდება და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის.
ჩვენი და თქვენი ამოცანა კი არის ის, რომ ავაშენოთ ურთიერთობა ისე, რომ ეს მომგებიანი იყოს ჩვენი სახელმწიფოებისათის - ქართული სახელმწიფოსთვის და აფხაზური სახელმწიფოსთვის.

ამიტომაც არ არის საჭირო ამაში ტრაგედიის დანახვა, რადგან არის ისე როგორც არის, ხოლო ჩვენთვის კი აუცილებელია ურთიერთშორის ნორმალურ ურთიერთობებზე გავიდეთ.

ერთი მარტივი რამე გაიგეთ, შესაძლოა გლობალურ მსოფლიოში ჩვენ არაფერს ვნიშნავთ აფხაზეთი და საქართველო, მაგრამ თუ ჩვენ შევძლებთ ამოვიდეთ ჩვენი ურთიერთობების ჩიხიდან და შევძლებთ ურთიერთობების დალაგებას ერთმანეთში ამას მთელს კავკასიაში სიტუაციის ცვლილება მოჰყვება. საერთოდ შეიცვლება სიტუაცია - ეს გავიგოთ
და მაშინ საქართველოც და აფხაზეთიც სულ სხვანაირად გამოჩნდებიან.

-აფხაზური საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი აფხაზური ეთნოსის, თვითმყოფადობისა და ენის შენარჩუნებაა. რბილად რომ ვთქვათ, თქვენი ძალზე ახლო ურთიერთობები რუსეთთან ხომ არ აყენებს პატარა ერს ასიმილაციის ან გაქრობის საფრხის წინაშე?

-აფხაზური ენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს და მუდმივად იარესებებს. ეს აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული იმაზე, ამაზე გავლენა აქვს რუსეთის სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოს თუ სხვა რომელიმე სახელმწიფოს. სამწუხაროდ, მე-19 საუკუნის ტრაგედის გამოძახილს, როდესაც აფხაზების 90 % იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი სამშობლო დღემდეგ ვგრძნობთ.

თუმცა, ჩვენ დღეს გვაქვს მთავარი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ არ გავქრეთ ამ მსოფლიოში და ამ ინსტრუმენტს ჰქვია - აფხაზური დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ჩვენ დღეს მხარს ვუჭერთ ისეთ პოლიტიკას, რომ დავიწყეთ ჩვენი მოქალაქეების რეპატრიაცია. ეს პროცესი დაიწყო და ხალხი თანდათან, ვისაც სურვილი აქვს ბრუნდება და აფხაზური სახელმწიფოც თავისი მოკრძალებული შესაძლებლობებით ცდილობს მათ ნორმალური პირობები შეუქმნას - ეს ერთი.

მეორე - თანამედროვე მსოფლიოს პირობებში სულაც არ არის აუცილებელი ყველა აფხაზი აფხაზეთში მოაგროვო. ეს ამოცანა არ დგას, ისევე როგორც არ დგას ამოცანა ყველა ქართველის საქართველოში მოგროვებისა.

უბრალოდ ყველა აფხაზისა და ყველა ქართველს უფლებაა თავისი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეს. ეს ჩვენს კონსტიტუციაში დაფიქსირებულია, რომ ნებისმიერ ეთნიკურ აფხაზს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლება აქვს. ჩვენ ამ გზით მივდივართ. რა თქმა უნდა, რისკი ჩვენი ხალხისათის ბევრია , თუმცა მე რატომღაც მგონია, რომ გონივრული შიდაპოლიტიკის წყალობით ჩვენ ყველა სიძნელის გადალახვას შევძლებთ.

-როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ურთიერთობები თუნდაც ხილულ მომავალში ?

მგონია, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს შორის გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება და ჩვენ ნორმალური ურთიერთობა გვექნება.

ძალიან გთხოვთ, მიიტანეთ ქართულ საზოგადოებამდე ჩვენ აფხაზეთში ახალგაზრდობას ქართველების, საქართველოსადმი და ყოველივე ქართულისადმი სიძულვილის პირობებში არ ვზრდით.

ჩვენ უბრალოდ ჩვენს სახელმწიფოს ვაშენებთ, ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ეს ჩვენი მიზანია, სიმპატიური ძალიან. ნებისმიერი ხალხი რომელიც თავისი გადარჩენისათვის იბრძვის ასევე მხოლოდ სიმპატიას იმსახურებს.

აფხაზური სახელმწიფო არავის არ ემუქრება მსოფლიოში. ამიტომ უნდა დავასრულოთ ეს ისტორია - სხვა გზა არ არსებობს.

სხვა ვარიანტები, რომლითაც ადრე საქართველოს წინა ხელისუფლება ხალხს ატყუებდა, ფუჭ ილუზიებს უქმნიდა და ეუბნებოდა, რომ თავის დროზე ყველაფერი შეიცვლება უნდა შეჩერდეს - არაფერი არ შეიცვლება.

იმისათვის რომ ყველაფერი შეიცვალოს კარდინალური მოქმედებებია საჭირო. კარდინალური ქმედებები კი არის: პირველი - ომის განვილვა, რომელიც 1992 -1993 წლებში მიმდინარეობდა და მისი შეფასება, როგორც დანაშაულის ჩადენილს აფხაზი და ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ეს ჩემი ღრმა რწმენაა.

მეორე - საქართველოში უნდა ჩატარდეს სასამართლო სხდომები სადაც გასამართლებულნი იქნებიან ისინი ვინც აფხაზეთში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო და მესამე - მე ვფიქრობ, რომ ომი დაიწყო თბილისში, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთში ჯარის შეყვანის შესახებ და ომი იქვე უნდა დასრულდეს, თბილისში, პარლამენტის სხდომაზე, იმ პარლამენტის სხდომაზე, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

ხოლო თუ ყველაფერი ეს შესრულდა აქედან უკვე გამომდინარეობს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მასთან მსოფლიოში მიღებული ყველა შეთანხმების გაფორმება.

-თქვენ ახლა მითხარით, რომ არც აფხაზ ახალგაზრდობას ზრდით ქართველებისადმი სიძულვილით და ზოგადად ხაზი გაუსვით რომ აფხაზეთი თანამშრომლობისთვის ღიაა. მე მაგალითად, საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთში არ მიშვებენ გნებავთ პირადი და გნებავთ პროფესიული მიზნებით. მე ხომ არ მოვდივარ ავტომატით, მე ფურცელი და კალამი მაქვს თან. ეს რა პოლიტიკაა?

-იცით, მინდა გესმოდეთ, რომ არა მხოლოდ ეს საკითხი, არამედ მრავალი სხვა საკითხი, როდესაც ადამიანი მოდის თბილისიდან ეს საკითხი მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით განიხილება, ამ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ ფაქტიურად ომის პირობებში ვიმყოფებით.

ჩვენ მშვიდად მხოლოდ 5 წელია რაც გვძინავს. ვიდრე არ იყო რუსული ჯარი აფხაზები თავად იცავდნენ საზღვარს, მსახურობდდნენ ჯარში და ასე მონაცვლეობით იდგნენ ენგურზე და ეს ყველაფერი 15 წელიწადს გრძელდებოდა 1992 წლიდან.

ამ სიტუაციაში, ნებისნიერი ისეთი განცხადება, რომელზეც თქვენ საუბროთ სწორედ ამ თვალსაზრისით იქნება აღქმული.

ხოლო როგორც კი ჩვენ განვსაზღვრავთ, რომ ყველაფერი დასრულდა, რომ ყველაფერი ეს წარსულშია, ყველაფერი დაგმობილია და დასჯილი და მიღებულია გადაწყვეტილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ხელმოწერილია შეთანხმება ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ყველა ეს საკითხი პოლიტიკური სფეროდა ჰუმანიტარულში ინაცვლებს.

და ამის მერე უკვე, კი ბატონო თუ ჩვენ ვმეგობრობთ, თუ ჩვენ ვთანამშრომლობით და თუ ჩვენ ერთმანეთს ვაღიარებთ რატომაც არა, რა თქმა უნდა ადამიანები ივლიან აფხაზეთშიც , აფხაზეთიდან საქართველოშიც და ამის აღქმა ისეთი არ იქნება როგორც დღეს, მაგრამ აქამდე უნდა მივიდეთ.

„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკატერინე მომცელიძე

 

ავტორი: . .