ENG / RUS       12+

მონარქიის ტკბილი სურნელი

მუდამ სკანდალს მოწყურებული ქართული ჟურნალისტიკის წყალობით, მონარქიის აღგენის თემამ კვლავ ისეთი ძალით გაიჟღერა, რომ დღევანდელ გარდამავალ პერიოდში, პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობაც შეიძინა. მით უმეტეს, რომ ამ იდეას ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. უფრო მეტიც, ეს პროექტი დიდწილად მის მიერაა ლეგიტიმიზებული თავის დროზე: სწორედ ილია მეორემ თქვა რამდენიმე წლის წინ (როცა მიშას ხელისუფლება ურყევი ჩანდა), რომ საქართველოში მონარქია უნდა აღდგეს, მომავალი მონარქი კი ეკლესიის წიაღში აღიზარდოს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ამ განცხადებას მაშინვე დიდი სკანდალი მოჰყვა. მთავრობის სხდომაზე, როგორც დიპლომატები იტყვიან ხოლმე «გაოგნებაც გამოითქვა» და იოტისოდენი ჭვი არ ეპარებოდა არავის, რომ პატრიარქმა ისეთი რამ თქვა, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგობა «მიშას პროექტს» ქვეყნის მომავალი განვითარებისას. ბევრს ახსოვს, რომ მაშინ ილია მეორე თავად არ დაესწრო დავით ბაგრატიონ - მუხრანელისა და ანა ბაგრატიონ - გრუზინსკის ქორწილს. შემდეგ კი, როგორც ბულვარული პრესა წერდა, ეს პროექტი კინაღამ ჩაიშალა. იმდროინდელი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაბეჯითებით ამტკიცებდა (დღესაც იმავე აზრისაა), რომ პრობლემები წარმოიშვა «ვანოს ბიჭების» მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც ცნობილი ფოტო-მოდელი და შოუვუმენი მონაწილეობდა.

ნამდვილად ასე იყო თუ არა, ზუსტად დადგენა დღესაც ძნელია,. თუ მართლა ასე იყო, გასაკვირი არ არის, რადგან იმდროინდელმა შსს-მ ბევრი ამგვარი ოპერაცია განახორციელა, მაგალითად ჟურნალისტურ წრეებში, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ბედნიერ ოჯახთა შექმნით, სხვა შეთხვევებში კი მწარე «გადაგდებით» და ჟურნალისტური ოპოზიციონერობით დასრულდა.

თუმცა ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ინტერპრეტაციაა და საკუთარ თავზე ნურავინ მიიღებს. ფაქტი ისაა, რომ პროექტი ძველი ელვარებით აღდგა მაშინვე, როგორც კი მიშას ხელისუფლება «გადავარდა». თანაც, ამჯერად უშუალოდ ეკლესიის წინამძღოლის მონაწილეობით, რაკი კათოლიკოს-პატრიქრქი პირადად მონაწილეობდა ბატონიშვილ გიორგის ნათლობაში.

ბუნებრივია, «სამეფო ნათლობამ», ისევე, როგორც, თავის დროზე, «დინასატიურმა ქორწინებამ» უდიდესი ინტერესი გამოიწვია. არადა, ახალი სულაც არაფერი თქმულა: ჯერ კიდევ 1989 წელს, აკაკი ასათიანის «ტრადიციონალისტთა კავშირმა», შემდეგ კი თემურ ჯორჟოლიანის «მონარქისტულმა პარტიამ» პირველად გააჟღერეს ეს იდეა და იმდროინდელი საბჭოთა პრესა ქილიკობდა კიდეც: «მოქმედი კონსტიტიციით საბჭოთა კავშირი კვლავაც სოციალიზმს აშენებს და ამ დროს ერთ-ერთ «მოკავშირე რესპუბლიკაში» მონარქიის აღგენა გადაწყვიტესო».

მომდევნო წლებში, ედუარდ შევარდნაძე, მისთვის ჩვეული დემაგოგიით იყენებდა ამ იდეას საკუთარი ხელისუფლების განსამტკიცებლად, სანამ საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე არ თქვა (როცა ბოლომდე გამოიყენა): «ადრე მონარქიის აღდგენით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ახლა მოვიდა დრო, ამაზე უარი ვთქვათ და ისევ რესპუბლიკას მივხედოთო». არ დაუზუსტებია, მაინც როდის იყო «გატაცებული» ამ იდეით: ალბათ მაშინ, როცა სკკპ მორიგი პლენუმისათვის მოხსენებას ამზადებდა.

მიშასათვის რომ ეს პროექტი კატეგორიულად მიუღებელია, იმთავითვე ცხადი იყო. დღესაც გამორიცხულია მან მხარი დაუჭიროს. ამიტომაც ყვება ანეგდოტებს «რესტორანაზე» და აბუჩად იგდებს ბატონიშვილ დავითს. თუმცა ეს ვაჟბატონიც ისეთ აურას იქმნის გარშემო, რომ ნამდვილად აძლევს საფუძველს ხითხითისა და განქიქებისთვის.

ისე, ძალიან საინტერესოა, რას დაუპირისპირებენ მონარქისტები ამ ნაიღვარს, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო გაძლიერდება: იქნებ კანადის მსგავს კანონს მიიღებენ, რომლითაც დიდი ბრიტანეთის მონარქის გაკიცხვისა და «გადაბრუნებული სიტყვისთვის», სულ ბოლო დრომდე, 14 წლიან ციხე იყო გათვალისწინებული?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბაგრატიონთა დინასტიამ ნამდვილად დიდი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, თუმცა გარკვეულ ისტორიულ პერიოდებში ეს როლი სულაც არ იყო ერთმნიშვნელოვანი. ქართულ ისტორიოგრაფიას ამ თვალსაზრისით ნამდვილად აქვს ტაბუირებული თემები, რომლებსაც, უმცირესი გამონაკლისის გარდა, ქართველი ისტორიკოსები არ ეხებიან. მაგალითად სკოლის მერხიდან ვიცით, რომ პირსისხლიანმა ურჩხულმა თემურ-ლენგმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში და ისე მაოხრა, რომ დღემდე (დღემდე!!!) ვიმკით შედეგებს.

მაგრამ ქართველ ისტორიკოსებს ძალიან არ უყვართ თუნდაც კითხვის დასმა იმის შესახებ, პასუხისმგებლობის რა წილი უნდა დაეკიროთ იმდრონდელ მირონცხებულ მეფეებს: ბაგრატ მეხუთესა და გიორგი მეშვიდეს, რომელთა მოქმედებამ (ძალიან რომ ჰგავდა 2008 წლის უპასუხისმგებლობას) მეტისმეტად დიდი როლი შეასრულა იმ მხეცის საბოლოოდ გაცოფებაში. მერე თვითონ გაიქცეოდნენ (რაიმეს ხომ არ გაგონებთ?) მთაში და საწყალ ხალხს შეატოვებდნენ მხეცს რვაჯერ გასაუპატიურებლად და ამოსაწყვეტად.

როცა რვაჯერ ერთი და იგივე მეორდება, ეს არ შეძლება მხოლოდ მტრის ბრალი იყოს. მაშასადამე, რაღაცას შენც არ აკეთებ სწორად, როგორც ხელისუფალი და ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელი. სახელმწიფოებრივი ცნობიერების ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია «კომპრომისის კულტურა», რეალობის შეგრძნება და ამ მხრივ «მოდუს-ვივენდის» მიგნების უნარი სასურველსა და შესაძლებელს შორის. და თუ რაიმე ახასიათებდათ ისტორიულად ბაგრატიონებს 1000 წლის განმავლობაში, სწორედაც ამ ძალზე იშვიათი და უძვირფასესი უნარის ნაკლებობაა. ამიტომაც წავიდა ფსკერისკენ მათი სამეფო (უფრო ზუსტად, სამეფოები!) XVIII საუკუნის ბოლოს.

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია და დღეს ამაზე მსჯელობას შესაძლოა აზრიც აღარ ჰქონდეს. ისტორია ისტორიაა და ის თვისება აქვს, რომ თანამედროვე საიდანაც აწყობს, იქედან «მოაბავს ყურს». მით უმეტეს, როცა ესოდენ ლამაზ და პრესტიჟულ «ეთნონაციონალურ მითზეა» საუბარი.

ამ დღეებში უამრავი მიზეზი სახელდება, თუ «რატომ არ გამოვა». ოღონდ გააჩნია, რას ვგულისხმობთ ამ «არ გამოვაში»: თუ იგულისხმება, რომ კონსტიტუიციური მონარქია ვერ აღდგება - ეს სულაც არაა შეუძლებელი. ქართულმა პოლიტელიტამ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენს საწყალ ხალს როგორც უნდა, როცა უნდა, საითაც უნდა იქით შეატრ-შემოატრიალებს. მთავარია თვითონ შეთანხმდეს. ანუ მთავარია ერთმანეთში მოილაპარაკონ.

ოღონდ შედეგად ისეთივე გულგრილობას მიიღებს, როგორიც ვიხილეთ თუნდაც იმავე 2008 წელს, როცა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ისე იქცეოდა, თითქოს მას საერთოდ არ ეხებოდა ის, რაც მაშინ ხდებოდა ქვეყანაში.

თორემ 20 ათასი კაცი, «რამე რომ იყოს», ყოველთვის მოიძებნება, რომელიც მწვადის სურნელითა და კახური ღვინით გაჟღენთილ ატმოსფეროში შეიკრიბება სვეტიცხოვლის გარშემო და აღტკინებით შესძახებს: დიდება მეფეს!

"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .