სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქსნის კოლონიიდან პატიმრების გადაყვანას არ ადასტურებს.
~კოლონიაში ცეცხლის გაჩენის მიუხედავად პატიმრების გადაყვანის აუცილებლობა საჭირო არ გამხდარა. ამ დროისთვის ყველა მსჯავრდებული ადგილზე რჩება~, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, დაზიანებული შენობის ნაწილის აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და უახლოეს 4-5 დღეში დასრულდება.
ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქსნის კოლონიაში ცეცხლის გაჩენის შემდეგ 20 პატიმარი სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ქსნის კოლონიის ტერიტორიაზე ხანძარი 6 მარტს, 18.30 საათზე ბარაკის ტიპის საკანში გაჩნდა.
ხანძრის დროს დაიღუპა პატიმრი ბესარიონ ავსაჯანიშვილი. არსებული ინფორმაციით, ბესარიონ ავსაჯანიშვილი ინვალიდი იყო, მან საკნიდან გასვლა ვერ მოახერხა და ცეცხლის ალისგან გაიგუდა.
ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები.
კოლონია გუშინვე მოინახულეს დეპუტატებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ჯონდი ბარათურიამ და ეკა ხერხეულიძემ.
კოლონიიის მიმდებარე ტერიტორია პატიმრების ახლობლებმა მას შემდეგ დატოვეს, როდესაც სასჯელაღსრულების სამინისტროსა დაციხის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ პატიმრებთან ტელეფონით გასაუბრების საშუალება მიეცათ.