გრიგოლიას მორიგი შოუ მეხის გრგვინვასავით გაისმა. პროკურატურაში ალბათ თავ-ბედს იწყევლიან, ვინაიდან სინამდვილეში არანაირი «მკვლელობის ვერსია» მათ არ გააჩნიათ და ყველა ეს განცხადება, თითქოს პროკურატურა უახლოეს მომავალში «დადებს სიმართლეს» (ანუ, იგულისხმება, იმ სიმართლეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი «სინამდვილეში მოკლულია») უბრალოდ თითიდანაა გამოწოვილი.
პროკურატურამ შესაძლოა სიმართლე იმაზე «დადოს», თუ რამ გამოიწვია საქმის ზოგიერთი უცნაურობა და შეუსაბამობა, რატომ და რა მიზნით ცდილობდნენ ზოგიერთები (განსაკუთრებით ისინი, ვინც შემთხვევის ადგილზე პირველნი მივიდნენ) გარკვეული შთაბეჭდილებების შექმნას, მაგრამ ძალზე საეჭვოა მკვლელობის ვერსია დაიდოს, რადგან ამ ვერსიას ბევრი ხიფათი ახლავს თან. პირველ რიგში, ხიფათი რეალობისგან, რაკი ზურაბ ჟვანია, სინამდვილეში, არავის არ მოუკლავს!
ჟვანიას, როგორც პოლიტიკოსის გენიალურობა (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე) პირველ რიგში იმაში მდგომარეობდა, რომ მისი სიკვდილი არავის აწყობდა: არც მიშას, არც ბუშს, არც პუტინს, არც ნინოს, არც ბაღაფშს, არც კოკოითს - არავის!!! თუმცა კონსპიროლოგიით დაავადებულ საზოგადოებაში ბუნებრივია, რომ 94%, იმავე «თოქ-შოუს» მიმდინარეობისას სწორედ მკვლელობის ვერსიას ემხრობა, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც განსჯის უნარი შეგვრჩნია, ამ ვერსიას ხბოს მორჩილებით უნდა დავეთანხმოთ, რაკი სხვა გზა არ გაგავჩნია
თუ არა და მაშინ აგვიხსნან, რას ნიშნავს, როდესაც ექს-პროკურორი ოქრუაშვილი ჯერ ამბობს: «ზურაბ ჟვანია იქ არ მოუკლავთ, მერე მიიტანესო» და შემდეგ: «ჟვანია მოკლული არ არისო». რაც მთავარია, კაცი არ გამოჩნდა მომკითხავი: ან მაშინ რატომ თქვი, ან მერე რატომ გადათქვიო. თქვა და თქვა - ვისი რა საქმეა? ან, რაც კიდევ უფრო საგულისხმოა, ვისღა ახსოვს? არავის!
არანაკლები საოცრებები ითქვა გრიგოლიას გადაცემაში. მაგალითად, პეტრე მამრაძემ გაიხსენა, რომ დაახლოებულ პირს მისთვის მოუყოლია: «ზურაბ ჟვანიას ამგვარი კონსპიროლოგიური ბინები ბევრი ჰქონდა და ვიღაცეებს ხშირად ხვდებოდაო».
კი მაგრამ, მერე? მერე?!!! არაფერი. ანუ «ვითომც არაფერი». გრიგოლიაც, რომელსაც არასდროს გამოეპარება რაიმე, რატომღაც აღარ ჩაეჭიდა (ვითომ ვერ მიხვდა): ან რას ნიშნავდა ეს, ან კონკრეტულად ვინ უთხრა, რას გულისხმობდა ან.. ან.... ან...... თავად რატომ არ უპასუხა მის მიერვე დასმულ კითვას: «რაში სჭირდებოდა პრემიერ-მინისტრს «რაღაც» კონსპირაციული ბინები «ვიღაცეებთან» შესახვედრად?!» განა ბუნებრივია კითხვა არ არის?
თვით კითხვა კი ბუნებრივია, მაგრამ არანორმალურია, როდესაც კითხვები ისე ისმება, არათუ პასუხს არ სცემს არავინ, არამედ (რაც ბევრად ამაზრზენია) პასუხის მომკითხავიც არავინაა!
ან კიდევ ერთი საოცრება: ზურაბ ჟვანიას ბავშვობის მეგობარ გიორგი ბარამიძეს უთქვამს თურმე: «ახლა ჩუმად ვარ, მაგრამ თუ პროკურატურა მართალ ვერსიას არ დადებს, მაშინ კი ავლაპარაკდებიო».
რას ნიშნავს? იოლი მისახვედრია: რაკი თვით გიორგი ბარამიძე თვლის, რომ ზურაბ ჟვანია არავის მოუკლავს, იგი აშკარად გულისხმობს, რომ თუ პროკურატურა, - 94 პროცენტიანი ბრბოს დასაკმაყოფილებლად, - დადებს მკვლელობის ვერსიას, მაშინ ალაპარაკდება და ისეთ რამეს იტყვის, რაც ჯერ არ უთქვამს. თუმცა სულ ტყუილად ღელავს, რაკი (ვიმეორებ) სონამდვილეში პროკურატურას არანაირი მკვლელობის ვერსია არა აქვს და ყველა განცხადება თუ «ნამიოკი» იმათ დასაწყნარებლად და თავიდან მოსაშორებლად კეთდება, ვინც დღენიადაგ ჩასჩიჩინებს: «ჟვანია მოკლულია და სიმართლეს რატომ არ გვეუბნებითო».
თუ არა და აგერ ვნახავთ, რა «მკვლელობის ვერსიასაც» დადებენ, როგორც თვით გრიგოლიას განცხადებაში და მის შემდგომ დაანონსდა არაერთხელ. სხვათა შორის, გენერალურ პროკურორ კბილაშვილს არასდროს უთქვამს, რომ საქმეში აღმოჩენილი ახალი გარემოებები მკვლელობის ვერსიას ადასტურებენ. ეს «ახალი გარემოებები» კი არის ნამდვილად, მაგრამ ისინი სხვა რამეს ადასტურებენ, რის შესახებაც ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს. ეს ამ ჩვენი საზოგადოების ყველაზე ამაზრზენი და ბინძური თვისებაა: როცა ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ღიად არავინ საუბრობს. კიდევ უარესი - ელენე თევდორაძემ ერთხელ ისიც თქვა: «ერთმანეთშიც არ ვსაუბრთ ამის შეასხებ მიცვალებულის მეგობრებიო».
კი ბატონო, დაველოდოთ მოვლენებს და ამასაც ვნახავთ უახლოეს მომავალში რას განაცხადებს ახალს პროკურატურა გარდა იმისა, რომ «გამოძიება დასასრულს უახლოვდება». მათემატიკაშიც არსებობს ასეთი ცნება: Limes-უსასრულობა, როდესაც სასრულამდე მანძილი უსასრულოდ მცირდება, მაგრამ საბოლოოდ არასდროს მიიღწევა.
ისიც საკითხავია, ვის წისქვილზე დაასხმას წყალს, თუ პროკურატურა მაინც ახსნის, რამ გამოიწვია საქმეში არსებული უცნაურობები ან რას გულისხმობდა გიორგი ბარამიძე (რომელიც, ვიმეორებ, პირველი მივიდა ბინაში დაცვის შემდეგ) „არ ამალაპარაკოთ, თორემ თუ პროკურატურა ტყუილს იტყვის, მე სიმართლეს ვიტყვიო». თუმცა, საეჭოა მის მიერ ნაგულისხმევმა სიმართლემ დღევანდელ ხელისუფლებას მიაყენოს რაიმე ზიანი. უფრო პირიქით.
ყველაზე გამაოგნებელი კი «ექსგუმაციის» შესახებ გაჟღერებული აზრია. ბოლოს და ბოლოს, არ უნდა მოასვენონ ის უბედური საფლავში? სულ ერთია, რაც არ უნდა ითქვას, ზემოთხსენებული 94 პროცენტს როგორც არ სჯეროდა ჟვანიას «თავისით გარდაცვალებისა», ისევე არ დაიჯერებს საპირისპიროს.
მაგალითად, ინგლისელთა დიდ ნაწილს დღემდე მტკიცედ სწამს, რომ პრინცესა დიანა თავისით კი არ მოკვდა, არამედ მოკლეს. რაც არ უნდა ელაპარაკო და რა არგუმენტებიც არ უნდა მოიყვანო, ვერ გადაარწმუნებ.
თუმცა, იქ ეს პროცენტი ბევრად ნაკლებია. ალბათ იმიტომ, რომ ინგლისი დიდი ხნის წინ შემდგარი სახელმწიფო და ბევრად ნორმალური საზოგადოებაა.
"ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე