ENG / RUS       12+

ოლიმპიური განხეთქილება

სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის თაობაზე გამართული ფართო დისკუსიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორიული ფაქტი გაირკვა: თურმე, პეკინის ოლიმპიადის პირველ დღეებში, ანუ 2008 წლის ომის დაწყებისას, ჩინეთში მყოფი ქართველი სპორტსმენები განიხილავდნენ საპროტესტო დემარშის საკითხს. ანუ მსჯელობდნენ იმაზე, დაეტოვებინათ თუ არა ოლიმპიადა რუსული აგრესიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

როგორც ახლა ხდება ცნობილი, მაშინ აზრი ორად გაიყო. ანუ იყვნენ დელეგაციის წევრები (ოლიმპიური დელეგაცია კი მხოლოდ სპორტსმენებისგან არ შედგება), რომლებიც მხარს უჭერდნენ პროტესტის ნიშნად ოლიმპიადის დატოვებას, მაგრამ სხვები არ ეთანხმებოდნენ. ამ «სხვების» ლიდერი იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმდროინდელი ვიცე-პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
აქვე უნდა ითქვას, რომ თუ მაშინ საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია მოახერხებდა ერთობლივი პოზიციით გამოსვლას, ანუ, ვთქვათ, მოაწყობდა ბრიფინგს, ასეულობით ჟურნალისტის წინაშე წარსდგებოდა სრული შემადგენლობით და იტყოდა: «მოულოდნელი რუსული აგრესიის საწინააღმდეგოდ პოროტესტის ნიშნად, ჩვენ ვტოვებთ ოლიმპიადას და ვბრუნდებით სამშობლოში, რომელიც ბარბარუსულად იბომბება», ეს რასაკვირველია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემდგომ სანქციებს გამოიწევვდა, მაგრამ იმ სამკვდრო-სასიცოცხლო მომენტში ამგვარი პროტესტი უდიდეს დარტყმას მიაყენებდა აგრესორი რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ პოზიციებს მსოფლიოში!
«სამი ოქროს მედალი ხომ მოვიპოვეთ იმ ოლიმპიადაზეო». ის სამი ოქროს მედალი მსოფლიოში ვერავინ შეამჩნია და აღარავის ახსოვს, აი ქართველი ოლიმპიელების ერთობლივი, კონსოლიდირებული პროტესტი კი უდიდესი, თანაც ისტორიულად უპრეცედენტო მსოფლიო სენსაცია იქნებოდა და (ვიმეორებ) ძალიან დააზარალებდა რუსეთს. ამით მსოფლიო საზოგადოებრივ აზრში მოხდებოდა იმ ჭეშმარიტების დამკვიდრება, რომ სწორედ რუსეთია აგრესორი, ხოლო საქართველო თავს იცავს, ხოლო რუსული აგრესია ქართველი სპორტსმენებისათვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
მაგრამ ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ოლიმპიური დელეგაცია ამ საკითხში არ იყო ერთიანი. ამგვარ პროტესტს კი აზრი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ რუსეთს არ მიეცემოდა საშუალება მერე ეთქვა: «საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მხოლოდ ნაწილმა დატოვა პეკინი, ხოლო მეორე ნაწილი ეწინააღმდეგება აგრესორ სააკაშვილის პროვოკაციულ მოთხოვნას და პეკინში დარჩენით გმობს ოსი ხალხის გენოციდს».
სწორედ ამიტომ უთხრეს თბილისიდან სპორტსმენებს, რომ ამგვარ «წამოსვლას» ისევ «დარჩენა» სჯობდა, რადგან თუ განხეთქილება დაფიქსირდებოდა, ეს უარეს შედეგს მოიტანდა. წარმოვიდგინოთ, როგორ ჩაეჭიდებოდნენ რუსეთის «საინფორმაციო ჯარების» წარმომადგენლები (არ გაგიკვირდეთ: პუტინმა ჯერ კიდევ 2002 წელს შექმნა ჯარების ეს სახეობა) საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის საპასუხო პრეს-კონფერენციას, რომელიც «ოლიმპიური ქარტიის» დემაგოგიური მოშველიებით «სააკაშვილის გადაწყვეტილების» წინააღმდეგ წავიდოდა და იტყოდა, რომ ქართველი სპორტსმენებისა და ოლიმპიური დელეგაციის მეორე ნაწილი რჩება პეკინში და აგრძელებს ასპარეზობას.
ღრმადპატივცემულ ლერი ხაბელოვთან ვერანაირი პრეტენზია ვერ გვექნება დღეს. იგი ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა იმ ბრიყვულად ნაივური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც სწორედ წინა ხელისუფლება (ანუ მიშას ხელისუფლება) ატარებდა. ლერი ხაბელოვს არასდროს არავინ მოუტყუებია და გადამწყვეტ მომენტში, ანუ 2008 წლის აგვისტოში, იმოქმედა თავისი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც მაშინ წარმატებით ამთავრდებდა ასწლოვან ბრძოლას საქართველოსგან დამოუკიდებლობისა და შიდა ქართლში ქართული კერიის სამუდამოდ მოთხრისათვის.
რაც შეეხება სოჭის ოლიმპიადას, აქ რაიმე ილუზიები ნუ გვექნება: რუსული მედიის ცნობით, «ოლიმპიურ სოფელში» უკვე შენდება «აფხაზური სახლი» და «ოსური სახლი». ეს მიღებული პრაქტიკაა ოლიმპიადების დროს. ორივე «სახლი» ძალიან მასშტაბური იქნება: მოსკოვი ამისათვის სახსრებს არ დაიშურებს. ოლიმპიადის მსვლელობისას «აფხაზურ» და «ოსურ სახლებს» ეწვევიან სხვა ქვეყნების დელეგაციები, - ამერიკელები, გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები და ა.შ. როგორც მოქმედი ოლიმპიელები, ასევე ლეგენდარული სპორტსმენები. . . . . . . .
მათ იქ ტკბილად და თბილად დახვდებიან, მოუთხრობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიას, «ქართული ფაშიზმის» წინააღმდეგ ბრძოლის პერიპეტიებს, დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობებს . . . . . აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები არა მხოლოდ ოლიმპიურ სოფელში უმასპინძლებენ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს, არამედ ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დროს საპატიო სტუმართა ლოჟაშიც დაბრძანდებიან სხვა სახელმწიფოთა პრეზიდენტებთან და პრემიერებთან ერთად.
ხოლო სოჭში ჩასული ქართული ოლიმპიური დელეგაციის საპროტესტო კნავილს (თუმცა ესეც საეჭვოა, რადგან «ეოკ» - ის დღევანდელი პრეზიდენტი არც ამას მოაწერს ხელს, ისევე, როგორც პეკინში) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიც და რუსეთიც მხრების აჩეჩვით უპასუხებს: «არავინ გიშლიდათ ქართველებს, თქვენც მოგეწყოთ ოლიმპიურ სოფელში «ქართული სახლი», გეცეკვებინათ «ერისონი» და გემღერათ «სულიკო». ვინ დაგიშალათ?»

 

"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე

ავტორი: . .