ENG / RUS       12+

ირაკლი ხმალაძე: გვჯერა, რომ ერის და ქვეყნის სასიკეთო საქმეში სვანეთის მოსახლეობა აუცილებლად დაგვიდგება გვერდში

რესპოდენტის შესახებ

სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ორი საჯარო განხილვა - ხაიშში და შემდეგ უკვე თბილისში გაიმართა, თუმცა ინვესტორ კომპანიას და ადგილობრივ მოსახლეობას შორის შეთანხმება დღემდე არ მიღწეულა. სვანეთის მოსახლეობა ხუდონჰესის პროექტს რეგიონისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ ობიექტის აშენება ნებისმიერი რაოდენობის კომპენსაციის მიუხედავად, დაუშვებელია.

აღნიშნულ საკითხს ადგილობრივი სასულიერო პირებიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ და თემაზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და კათოლიკოს პატრიარქს შორის გამართულ შეხვედრაზეც შეეხო. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ილია მეორე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ენერგო ობიექტის მშენებლობას ემხრობდა და მან ხაიშის მოსახლეობას პროექტის გრძელვადიანი პერსპოექტივების შეფასებისკენ მოუწოდა.

ხუდონჰესის მშენებლობის საკითხის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმებზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეთავაზებულ პირობებსა და ზოგადად, პროექტის მნიშვნელობაზე "ჯი-ეიჩ-ენი" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი ხმალაძეს ესაუბრა.

- რა იქნება ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ ობიექტის მნიშვნელობა, რა ასახვას ჰპოვებს ქვეყნის ეკონომიკაზე და რა არის მისი ძირითადი დადებითი შედეგები?

- ბოლო პერიოდში საზოგადოებაში ენერგეტიკის სამინისტრო გამოიკვეთა ისე, რომ თითქოს სამინისტრო დაჟინებით ითხოვს ხუდონჰესის მშენებლობას და არა მხოლოდ ხუდონჰესის, უბრალოდ ხუდონჰესი უფრო მეტად სენსიტიური თემაა საზოგადოებისთვის. ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა არ არის სამინისტროს ახირება, ეს არ არის სამინისტროს წარმატება და ამით დაინტერესებული არ არის მხოლოდ სამინისტრო. ხუდონჰესი სამინისტროს არ სჭირდება, ეს ჰესი სჭირდება ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას. ქვეყანაში არსებობს ელექტროენერგიის დეფიციტი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში არ შექმნილა გენერაციის წყარო, მაგრამ ყოველწლიურად მოხმარება დაახლოებით 10%-მდე იზრდება. შესაბამისად, ამ მოხმარებას დაკმაყოფილება სჭირდება. დეფიციტური პერიოდი არის ზამთარი, როდესაც ჩვენი მოხმარება ივსება იმპორტით, შესაბამისად, იმპორტის ფასი ძალიან ძვირია და ეს დროთან განმავლობაში იზრდება. თუ სახელმწიფომ არ მიიღო გარკვეული ზომები, რომ იმპორტის ჩანაცვლება მოხდეს ადგილობრივი წარმოების ელექტროენერგიით, ჩვენ დავკარგავთ ორ რამეს. ერთი, რომ გაგვიძვირდება ელექტროენერგია, მეორე - ვიქნებით ენერგოდამოკიდებულები. თუ გავაანალიზებთ ამ ყველაფერს, მარტივად დასანახია, რომ ხუდონჰესი ჩვენ გვჭირდება იმიტომ, რომ ზამთრის პერიოდში საქართველოს მოსალეობას ჰქონდეს ელექტროენერგია და ჰქონდეს იმაზე უფრო იაფად, ვიდრე ამას მოგვცემდა მეზობელი ქვეყანა. ხუდონჰესის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 5.84 ცენტი ელექტროენერგიის ფასი და ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის მიაჩნდათ, რომ ეს არის ძალიან მაღალი ფასი. დღეს რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასი გაცილებით მაღალია ვიდრე 5.84 ცენტი. და ეს ფასი არის მზარდი და არა - ფიქსირებული, მეტსაც გეტყვით, ერთი სეზონის განმავლობაში ორი საფეხურითაც კი იზრდება მოლაპარაკებების დროს. აქედან გამომდინარე, წარმოვიდგინოთ, როდესაც ხუდონჰესი ექსპლუატაციაში შევა, რამდენი იქნება იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი. ეს ფასი ადრე თუ გვიან, მაინც მომხმარებლის კისერზე დაჯდება. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა იყოს ენერგოდამოუკიდებელი, არ გვინდა მეზობელი ქვეყნებიდან მოწოდებულ ენერგიაზე დამოკიდებული ვიყოთ და გვინდა ბაზარზე ელექტროენერგიის ფასებს ათამაშებდეს ადგილობრივი სუბიექტები, ადგილობრივი მწარმოებელები.

- ხუდონჰესის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სვანეთში და თბილისში საჯარო განხილვები გაიმართა, თუმცა ამ შეხვედრებს კონკრეტული შედეგი დღემდე არ მოჰყოლია. რა იქნება მოლაპარაკებების შემდეგი ნაბიჯი, როგორ გეგმავს სამინისტრო ადილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევას და რას სთავაზობთ ამ ადამიანებს?

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ახლა იყო გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მოსმენა. სიმართლე გითხრათ, არც ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ტაშს დაგვიკრავდნენ და დროშებს აგვიფრიალებდნენ ეს რა კარგ რაღაცას აკეთებთო. იყო მოლოდინი აგრესიული ფონის და ამას შეგუებულიც ვიყავით. როგორც ჩვეულებრივ, კანონმდებლობა ითვალისწინებს და საჯარო განხილვის მზანიც ის არის, რომ პროექტის დეველოპერებმა და სახელმწიფომ მოისმინოს დაინტერესებული პირების აზრი და პროექტში ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი და გონივრული არგუმენტების გათვალისწინება, რაც წამოყენებული იქნება საჯარო განხილვაზე. სწორედ ამ ეტაპზე ვართ. ორჯერ ჩატარდა საჯარო განხილვა, ერთი იყო სვანეთში, მეორე თბილისში. მოვისმინეთ როგორც ადგილობრივების აზრი, ასევე სპეციალისტების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მათ შორის გარემოს დამცველების აზრი მოვისმინეთ. შესაბამისად, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ოქმში თითოეულ საჯარო მოსმენაზე, რათა მოხდეს ამ საკითხების გათვალისწინება და მიზანშეწონილი გადაწყვეტილების მიღება. გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემაზე ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ ეტაპზე დავადასტურებ, რომ არ არის ჯერ გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. ამას პროცედურა ჯერ არც ითვალისწინებს და ვერც იქნებოდა გაცემული. ამ ყველაფრის პარალელურად, ინვესტორი კომპანია მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ეს არ არის ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი რიგითი პროექტი. პროექტზე ინტერესიც განსაკუთრებულია, პროექტით გამოწვეული შედეგებიც განსაკუთრებულია, მოსახლეობის დაინტერესებაც განსაკუთრებულია და შესაბამისად, პროცესიც განსაკუთრებული იქნება. ასეთი პროცესით ალბათ სხვა პროექტები არ მიდის, გაცილებით მარტივად ხდება ყველაფერი ვიდრე ეს. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჩვენ შეგუებულები ვართ. რა თქმა უნდა ყველაზე დიდი და მტკივნეული თემაა, ამას ბატონი პრემიერიც ამბობს, რომ მოსახლეობა და მოსახლეობასთან ურთიერთობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. არც ერთ შემთხვევაში არ გვინდა ხელების გადაგრეხვა და ძალდატანება, ეს არ არის ჩვენი საქმე, ეს არ არის ჩვენი მეთოდი, ჩვენ რა თქმა უნდა ამ მეთოდს არ მივმართავთ. ჩვენი მიზანია და ღრმად გვჯერა, რომ ეს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეა და გვჯერა, რომ ერის და ქვეყნის სასიკეთო საქმეში სვანეთის მოსახლეობა აუცილებლად დაგვიდგება გვერდში.

- პროექტის განხორციელების შემთხვევაში რამდენ ოჯახს მოუწევს საცხოვრებლიდან გასახლება და რა ალტერნატიული შეთავაზება მიეცათ მათ?

- რიცხვში შეიძლება შევცდე, მაგრამ როგორც მე ვიცი, დაახლოებით 175 კომლია, რომელსაც მოუწევს თავისი საკარმიდამო ნაკვეთების დატოვება. მე როგორც ვიცი, ძირითადად ხაიშის მოსახლეობა და თუ არ ვცდები კიდევ რამდენიმე პარტარა სოფელს შეეხება ეს პროცესი. რაც შეეხება შეთავზებას, ამ ეტაპზე ჯერ არ გადასულა საქმე შეთავაზემაზე. აქ არის პრინციპული წინააღმდეგობა ჯერ და არა - პირობებზე წინააღმდეგობა. ჯერ საზოგადოებამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროცესმა ჩაიაროს წარმატებით და უკვე ინდივიდუალური მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეთ თითოეულ მოსახლესთან. პირობას გაძლევთ და ამის მყარი გარანტიაა ენერგეტიკის სამინისტრო და მთელი მთავრობა, რომ ეს იქნება სამართლიანი, ადეკვატური და ობიექტური კომპენსაცია, რომელსაც მიიღებს თითოეული ოჯახი. მოხდება ინდივიდუალურად მოლაპარაკება, ინდივიდუალურად აღწერა მათი ქონებრივი მდგომარეობის, რასაკვირველია, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში წყევლით და ლანძღვა-გინებით აშენებული პროექტი არ გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ სასიკეთო საქმე გავაკეთოთ კეთილ ფონზე, სიხარულის ფონზე და როდესაც საქმე დასრულდება, ეს იზეიმოს სახელმწიფომ კიდევ ერთხელ ერთი გიგანტური მნიშვნელოვანი პროექტის აშენება, რომელიც ქვეყანას ისევ კარგ გზაზე გააგრძელებინებს სხვლას.

- კატეგორიული წინააღმდეგობის ფონის შენარჩუნების და მოსახლეობასთან შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს საქართველოს მთავრობა?

- მინდა გითხრათ, რომ 100%-იანი წინააღმდეგობა დღესაც არ არის იქ. არის გარკვეული და მნიშვნელოვანი კონტიგენტი, რომელიც ამ პროექტს ეთანხმება, არის ოჯახებში განხეთქილებებიც, ვგულისხმობ ოჯახის წევრებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას. ჩვენი მიზანი არის, რომ ეს ხალხი დავიყოლიოთ ამ პროექტის განხორციელებაზე. ანუ, იმთავითვე გამორიცხულია, რომ ჩვენ იქ 100% -იანი წინააღმდეგობა შემოგვრჩეს ბოლომდე. დღესვე არ გვაქვს 100%-იანი წინააღმდეგობა. დღეს ადგილობრივი მოსახლეობის მნშვნელოვანი ნაწილი ამას დადებითი თვალით უყურებს. არსებობს გარკვეული შიშის, უხეხულობის და გაურკვევლობის ფაქტორები, რის გამოც ეს ადამიანები მათ პოზიციას დღეს ხმამაღლა არ გამოხატავენ და ეს ჩვენი სისუსტე არის. ან, ჩვენთვის ცუდია, რომ ეს ადამიანები არ გამოხატავენ პოზიციას, იმიტომ, რომ არ ჩანს თუ ვინ გვიჭერს ამაში მხარს და თუ რატომ გვიჭერენ მხარს. თუ პროექტის მოწინააღმდეგეთა აზრი გასატვალისწინებელია, იმათაც მოვუსმინოთ და მათი აზრიც გავითვალისწინოთ ვინც ამ პროექტის მშენებლობას ემხრობა. ის, რომ მათ დღეს პურის ფლი არ აქვთ, ის, რომ მათ დღეს საყოფაცხოვრებო პირობები არ აქვთ, ის რომ სახლში მაცივარი, ფერადი ტელევიზორი არ აქვთ, ამის საშუალება არ აქვთ, არიან დაინტერესებულები არიან რომ აიღონ კომპენსაცია, საცხოვრებლად სხვა ადგილზე გადავიდნენ, მატერიალურად უკეთესი პირობები შეიქმნან, ეს ინტერესები იქ დღესაც არის, უბრალოდ ამას ხალხი ვერ გამოხატავს, იმიტომ, რომ ძალიან აგრესიულია ფონი. უარყოფითი კი არა, აგრესიულია ფონი. შეიძლება ამ ხალხს იქ უკვე პრობლემები შეექმნათ. ამ პოზიციის და დამოკიდებულების გამოვლენა შეიძლება იმ ეტაპზე, როდესაც უკვე დაიწყება პროექტის განხორციელება. პროექტი აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ როდესაც ეს კონტიგენტიც, რომელიც დღეს არის თანახმა ამის აშენების და დარწმუნდება, რომ ხორციელდება, ისინიც უკვე იტყვიან, რომ ეს უნდა აშენდეს. დღეს ისინი რისკის ქვეშ არიან, რომ გამოვიდნენ და ეს თქვან ხმამაღლა და მერე ამ მეორე კონტიგენტის აგრესიის ფონზე პროექტი გაჩერდეს, უკვე ამ ადამიანებს სერიოზული პრობლემები ექნებათ იმ ადგლზე, სადაც დარჩებიან მოსახლეობასთან ერთად. აქედან გამომდინარ, თუ მოწინააღმდეგეების ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, გავითვალისწინოთ მეორე ხალხის ინტერესიც, რომლებიც დღეს უბრალოდ არ გამოხატავენ პოზიციას რიგი მიზეზების გამო. პროექტის წარმომადგენლები ადგილზე რეალობას ეცნობიან, აქვთ პრივატული საუბრები, აქვთ კამათიც და იციან იქიდანაც, რომ ორგვარი პოზიცია მოდის. უბრალოდ, ძალიან აფიშირებულია და წინა პლანზეა წამოწეული აგრესიული ხალხი, თორემ ვინც ჩუმად არის და ხმას არ იღებს, აპრიორი შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მათ უნდათ პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ჩვენ ამ ხალხსაც ვუყურებთ რა თქმა უნდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში ასეთი აგრესიული ფონი დაგვრჩება. ჩვენი აზრი არის ის, რომ სხვანები ძალიან გვიყვარს ძალიან ერისმოყვარე და კაცთმოყვარე ხალხია და გვჯერა, რომ ერის და ქვეყნის სასიკეთო საქმეში წინ არ დაგვიდგებიან.

- ხუდონჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა რიგებში სასულიერო პირებიც იყვნენ. როგორ ფიქრობთ, მათი პოზიცია ხომ არ არის ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების განმსაზღვრელი? პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხს შეეხო საუბარი და საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, რიგი სასულიერო პირები პოზიციას არ იცვლიან.

- სასულიერო პირთა პოზიცია რომ ადგილობრივების განწყობის განმსაზღვრელი გახდეს,ა მის ალბათობა რა თქმა უნდა დიდია და ამის დაშვებაც შეიძლება. მე მაინც მგონია, რომ სასულიერო პირთა პოზიცია ამ შემთხვევაში გაცილებით ერთსულოვანია და ერთი გუნდის ინტერესებით არის ნაკარნახევი. ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ ასევე მოხარული ვარ რომ ამ თემაზე საუბარი შედგა პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრს შორის და პრემიერმა კიდევაც გააკეთა განცხადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ეკლესია და მართლმადიდებლური ეკლესია დაინტერესებულია ამ თემით და რადგანაც პატრიარქი ესაუბრება ბატონ პრემიერს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც ერთი სასულიერო პირი გადაწყვეტილებას არ მიიღებს წავიდეს პატრიარქსი პოზიციის საწინააღმდეგოდ. ეს პოზიცია ნაკარნახევი იქნება ჩვენი პატრიარქის მხრიდან და ეს იქნება რეალურად ქართული ეკლესიის პოზიცია. ამ კუთხით ცაკლკეულ საგამონაკლისო ამბოხებებს მე ნაკლებად მოსალოდნელად მივიჩნევ და მდგონია, რომ ადგილობრივი სასულიერო პირების პოზიცია და საპატრიარქოს პოზიცია იქნება ერთსულოვანი და ერთიანი. რა თქმა უნდა რელიგია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ელექტროენერგიაზე გაცილებით მეტად, შესაბამისად ამ ორი პოზიციის ერთმანეთთან თავსებადობა უნდა მოხდეს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ პროექტის განხორციელებაზე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქართული ეკლესია ამის წინააღმდეგ არ წავა.

- იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ პროექტისადმი უარყოფითად განწყობილი მადამიანები იგივე პოზიციაზე დარჩნენ, თუნდაც რომ 10-მა ადამიანმა ბოლომდე შეინარჩუნოს მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიცია, დადგება თუ არა დღის წესრიგში პროექტის განხორცელები ან არგანხორციელების საკითხი?

- მე მგონია, რომ ასეთ შედეგამდე არ მივალთ. ამაზე არ მიფიქრია. რთულია ამაზე პასუხი. სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ერთ ალტერნატივად არ განვიხილავთ, რომ პროექტი არ განხორციელდება. ამას არ ვამბობთ ჰაერიდან. როდესაც სამინისტროში ბატონი კახაც მოვიდა, თავიდანვე არავის დაუფიქსირებია რაღაც პოზიცია, რომ ამას აუცილებლად ავაშენებთ. მოხდა ყველა გარემოების და ყველა ინფორმაციის გაანალიზება, ამ პროექტის მნიშვნელობის შესწავლა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ეს აქამდე გაკეთდა, უკვე ხელმეორედ. ხუდონის პროექტი დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში, მათაც ჩათვალეს, რომ საწირო იყო ეს პროექტი და დაიწყეს სამის გაკეთება. ახალი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტი ანალიზი გაკეთდა - ფინანსური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, გარემოს დაცვითი, სოციალური კუთხით შეფასების მეშვეობით და ამის შედეგად ვამბობთ, რომ ეს უნდა აშენდეს. ამიტომ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ამას ააშენებს კანონიერი, სამართლიანი, ჰუმანური გზით.


- პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, როდიდან დაიწყება ხუდონჰესის მშენებლობა და როდიდან იგეგმება მისი ექსპლოატაციაში გაშვება?

- ხელშეკრულებით, რაც მთავრობასთან აქვს ინვესტორ კომპანიას გაფორმებული, ვადები გაწერილია, მაგრამ ფეხდაფეხ ამ ვადების მიდევნა ცოტა რთულია და მე მგონი, არ გამოვა, იმიტომ, რომ პროცესის გარკვეული გარემოებები განსაკუთრებულია. არ არის ეს ჩვეულებრივი პროცესი, შესაბამისად შეფერხებებს აქვს ადგილი. სხვა შემთხვევაში თუ რაღაცას სჭირდება 1 თვე, აქ საჭიროა 3 - 4 თვე, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ პროექტზე, რადგან ძალიან დიდი პროექტია და ინვესტიციაც ძალიან დიდია. რაც შეეხება როდის დაიწყება და როდის დასრულდება, ეს პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, საჯარო მოსმენას ვგულისხმობ, ეს ყველაფერი ემსახურება მშენებლობის ნებართვის აღებას. გარემოზე ზემოქმედების ნებართვის და ეკონომიკის სამინისტროსგან მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ კომპანიას შეუძლია დაიწყოს მშენებლობა. სანამ კომპანია მოსახლეობასთან შეთანხმებას არ მიაღწევს, მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს, რადგან მიწა, რაზეც პროექტი უნდა განხორციელდეს, ან კომპანიის საკუთრებასი უნდა იყოს, ან სარგებლობაში. მასზე სამართლებრივი გზით მოპოვებული უფლება უნდა ჰქონდეს. გამომდინარე აქედან, ამ პროექტის დაწყება დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე და იმის პროგნოზი, თუ როდის დასრულდება მოლაპარაკება თითოეულ მოსახლესთან, ცოტა რთულია. მშენებლობის დასრულებას რაც შეეხება, ხელშეკრულებაში 72 თვეა მითითებული და ეს არის 6 წელი. დიდი პროექტია და 6 წელი გონივრული ვადა არის.

- რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება თუ ინვესტორი კომპანიის მიერ ჩამოყვანილი მუშა ხელი და არის თუ არა ხეხლშეკრულებით ეს განსაზღვრული?

- სიმართლე გითხრათ, ხელშეკრულება ასეთ საკითხს არ არეგულირებს. ეს არის კერძო პროექტი და ამის აუცილებლობა არ არის. პროექტზე დასაქმებული ადამიანები რამდენიმე კატეგორია არიან, არიან ინტელექტუალური ნიშნით შერჩეულები, არიან ფიზიკურად მომუშავე ადამიანებიც. ამაზე არჩევანი თვითონ კომანიას აქვს. ძალიან მცირე ნაწილის, ძირითადად მთავარი ინჟინერი, მთავარი გეოლოგი და მცირე რაოდენობით ძირითადი პირების ჩამოყვანა ხდება უცხოეთიდან. ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ და პრაქტიკული მაგალითებიდან. აჭარაშიც მიმდინარე პროექტებზე ასე არის - სულ 300 ადამიანია დასაქმებული და სულ რაღაც 30 - 40 კაცია თურქეთიდან ჩამოყვანილი, დანარჩენი ქართველები მუშაობენ. ასე იქნება აქაც. ეს ურჩევნია თვითონ კომპანიასაც, ეს იქნება მოსახლეობასთანაც შეთანხმება. გარდა იმისა, რომ ეს ხალხი კომპენსაციას მიიღებს, დასაქმდებიან და 6 წლიანი სამშენებლო პერიოდის განმავლობაში გარანტირებული სამუშაო ადგილები და ხელფასი ექნებათ. რა თქმა უნდა, ჰესის ექსპლოატაციის დროსაც ძალიან ბევრი ადამიანი იმუშავებს. ძალიან დიდი პროექტია და აქაც ქართველი ხალხი იქნება ჩართული.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი ხუხია

 

ავტორი: . .