ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ეკა ბესელიას ყოფილი თანაგუნდელები - მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" უჩივის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოქრუაშვილის პარტის საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
მასში აღნიშნულია, რომ ბესელია პარტიის რიგების დატოვების მიუხედავად, მაინც "უკანონოდ განკარგავს მოძრაობის ქონებას, ფინანსებსა და დოკუმენტაციას", რის გამოც ოქრუაშვილის პარტიის მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ის პარტიიდან გარიცხულია.
"მიუხედავად იმისა, რომ ბესელიამ პარტია დატოვა, ის დღემდე არ წყვეტს იურიდიულ კავშირს პარტიასთან და მეტიც, პარტიის ინტერესების საზიანოდ უკანონოდ განკარგავს ქონებას, ფინანსებსა და დოკუმენტაციას, რითაც პარტიას შეგნებულად ზიანს აყენებს. აშკარაა, რომ მისი ქმედებები გარკვეულ ზიანს ემსახურება და ხელისუფლების ინტერესებს შეესაბამება. გარდა სხვა საზიანო ქმედებებისა, ბესელიამ შეგნებულად ჩაშალა პარტიის საქმიანობა საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "მოძრაობის ერთიანი საქართველოსათვის" მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეკა ბესელია პარტიის რიგებიდან გარიცხულია. პარტია აფრთხილებს მესამე პირებს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები (მათ შორის ფინანსურიც) უკანონოა და პარტიის ინტერესების საზიანო. პარტია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის ამგვარ ქმედებებზე", - ნათქვამია ოქრუაშვილის პარტიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობა "ერთიანი საქართველოსთვის" ბესელიას ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის წინაამდეგ სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში შეიტანს.
შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება ბესელიამ 23 თებერვალს გააკეთა. იქამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვრცელედებოდა ინფორმაცია, რომ მას პარტიის წევრებსა და თავად ოქრუაშვილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.