მოქალაქეები ყალბი მონაცემების გასწორებისთვის საფასურს აღარ გადაიხდიან. პირადობის მოწმობაში, პასპორტში და სხვა დოკუმენტებში ყალბი საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტების შესწორებისთვის დადგენილი 150 ლარიანი საფასური გაუქმდა. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისთვის გაწვდილი ხელი, იმისთვის, რომ უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს ადამიანს საკუთარი ყალბი მონაცემების დროულად გასწორებისთვის. მისი თქმით, ამნისტიით ამ დრომდე ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.
შეგახსენებთ, რომ იმ პირებისთვის, რომელთაც გააყალბეს მათი პირადი მონაცემები ამნისტია გასული წლის ივლისში გამოცხადდა.
"ამნისტია ეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც 2010 წლის 1 ივნისამდე იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში ნებაყოფლობით გამოცხადდებიან, დოკუმენტის გაყალბების შესახებ თავად განაცხადებენ და მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები გასწორდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდებიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ სხვა სიახლეზეც ისაუბრა - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დაინერგა ფოტოსაძიებო სისტემა, რის საფუძველზეც ნებისმიერი ადამიანის ფოტოსურათით იდენტიფიცირება ხდება. აღნიშნული სისტემის საფუძველზე ამა თუ იმ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაყალბების ფაქტების პრაქტიკულად სრულად გამოვლენა მოხდება.
"თუ ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლოვით გაცხადებული, მაშინ მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ცნობილია, საიდენტიფიკაციო მონაცემების გაყალბების ყველაზე გავრცელებული ფაქტებია: მოქალაქის დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა.