ტყიბულის მაღაროში მომხდარი აფეთქების მიზეზებს სამთავრობო კომისია შეისწავლის.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომელიც ტყიბულში იმყოფება.
"მინდა მივუსამძიმრო დაღუპული მაღაროელების ოჯახის წევრებს. უკვე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აფეთქების მიზეზებს სამთავრობო კომისია შეისწავლის. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა გაზის აალებამ გამოიწვია და ის დაუდევრობის გამო არ მომხდარა, თუკი გამოძიების პროცესში ვინმეს ბრალეულობა გამოიკვეთება, ის მკაცრად დაისჯება", - განაცხადა გილაურმა უბედური შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება ტყიბულის მაღაროში დღეს გამთენიისას მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. გარდაცვლილთა დაკრძალვისა და დაჭრილი მაღაროელის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.