ENG / RUS       12+

ბარაქ ობამას სირ(ი)ული ისტორია

ალფრედ ნობელს ალბათ ძალიან გაუკვირდებოდა, რომ მისი სახელობის მშვიდობის პრემია რომელიმე პოლიტიკოსისა და მთელი ქვეყნისთვის უბედურებად იქცა. თუმცა, ამაშიც არის რაღაც სიმბოლური და ისტორიულად სამართლიანი, რაკი ნობელი დინამიტის გამომგონებელი და ევროპაში უდიდესი იარაღის მწარმოებელი კონცერნის მფლობელი იყო.

რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას „წამოაძახა": „მშვიდობის პრემიის ლაურეატი სირიაში ომს არ უნდა იწყებდესო". როგორც ჩანს, ობამასათვის, რაოდენ საოცარი და უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს „წამოძახება" მართლა მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ პუტინი ანამუსებს. უბრალოდ, წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც და ნობელის პრემიის მიღების პროცესშიც იმდენი სწორი და მართალი ფრაზა თქვა მშვიდობაზე, ომთან შედარებით მის უკეთესობაზე, ანუ, „სასარგებლო იდიოტებისთვის" იოლად გასაგებ მატერიებზე, რომ ახლა თავად იქცა ამ დაპირებათა ტყვედ და ამერიკაც ჩიხში შეიყვანა.

საოცარი რამ ხდება ჩვენსა და მთელი მსოფლიოს თვალწინ: რუსული დიპლომატია საქვეყნოდ „აჩმორებს" ამერიკას, „აშავებს" მას მთელი მსოფლიოს წინაშე, აყენებს მდგომარეობაში, როდესაც იგი მუდამ თავს იმართლებს, მოკავშირეებს ეხვეწება მხარი დაუჭირონ, ყოყმანობს, ანუ აშკარა სისუსტეს ამჟღავნებს, მოსკოვი კი მყარად ფლობს ინიციატივას და რაუნდს - რაუნდზე იგებს: პუტინმა ობამას შესთავაზა „დახმარება" სირიის ქიმიურ იარაღზე კონტროლის დამყარების საქმეში. ვაშინგტონში, როგორც ჩანს, გაუხარდათ და შვებით ამოისუნთქეს. სახელმწიფო მდივანი ქერი ჟენევაში ლავროვს ხვდება, მოსკოვი კი ასეთ პირობას აყენებს: დამასკო დაგვეთანმხმება ქიმიური იარაღის კონტროლზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა დადებს პირობას, რომ არ ჩაერევა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში და აღარ დაეხმარება ბაშარ ასადის ოპოზიციას.

რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ბაშარ ასადმა ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს! მაგრამ თუ მან ძალაუფლება შეინარჩუნა, ეს ხომ ამერიკის უსასტიკესი მარცხი იქნება?! ასადი, ასეთ შემთხვევაში, რუსების ფარული მხარდაჭერით და მოსკოვიდან მიღებული იარაღით, აუცილებლად დაამარცხებს ოპოზიციას და ძალაუფლებასაც განიმტკიცებს. მთელი მსოფლიო იხილავს, რომ ამერიკა დამარცხდა, რადგან ამერიკელების მიზანი რეგიონში არა მხოლოდ და არა იმდენად ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დამყარება იყო, რამდენადაც ბაშარ ალ ასადის დიქტატორული და ტირანული რეჟიმის დამხობა.

ამასობაში კი, რუსული „გოსდუმა" იღებს დადგენილებას, რომლითაც იმუქრება: თუ სირიას დაარტყამთ, ირანს უახლეს იარაღს მივაწვდიო. და ეს ქვეყანა „დასავლეთის პარტნიორია", იქ ოლიმპიადები და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატები ტარდება პუტინისათვის „სასაჩუქრე კანფეტების" სახით. ეს კი არა, „დიდი რვიანიდანაც" კი ვერ რიცხავენ. ეშინიათ. ძალიან ეშინიათ. იმდენად, რომ მზად არიან საქვეყნოდ დაისხან თავსლაფი. თუ ამერიკა და დასავლეთი სირიაში საბოლოოდ დამარცხდა (ანუ ბაშარ ასადმა ძალაუფლება შეინარჩუნა), ამ რეგიონიდან ადრე თუ გვიან ფეხის ამოკვეთაც მოუწევთ.

არადა, ჯერ-ჯერობით, რუსული დიპლომატია ამერიკულს სჯაბნის, რაც თითქოს უცნაურია, რადგან ანგლოსაქსურ დიპლომატიას ბრწყინვალე, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ყველაფერი იცვლება: სისუსტე და მთხლეობა დასჯადია. მით უმეტეს საერთაშორისო პოლიტიკაში, სადაც არათუ მგლური, არამედ კანიბალური კანონები მოქმედებს.
ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რუსული პროპაგანდისტული დივერსიები უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებად მივიღოთ. საქართველოში უკვე გამოჩნდნენ „სასარგებლო იდიოტები", თუთიყუშებივით რომ იმეორებენ: „ერაყზეც ამბობდნენ ამერიკელები, სადამ ჰუსეინს ქიმიური იარაღი აქვსო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ჰქონია. სულ ტყუილად იომეს და დახოცეს ამდენი ხალხი".

ამ „სასარგებლო იდიოტებს" ერთი რამ მინდა ვკითხო: „ქიმიური ალი" თუ გაგიგიათ? სადამ ჰუსეინის ნათესავი და ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. 2010 წელს ჩამოახრჩვეს, რაკი უეჭველად დამტკიცდა, რომ მისი ბრძანებით, ერაყის არმიამ და უშიშროების ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენა ქურთების წინაარმდეგ. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ბუნებრივად ისმის კითხვა: თუკი პრეზიდენტი ბუში და სახელმწიფი მდივანი კოლინ პაუელი (როგორც რუსული პროპაგანდა მატკიცებს) თურმე „მთელ მსოფლიოს ატყუებდნენ და ერაყში არანაირი ქიმიური იარაღი არ ყოფილა", მაშინ ეს „ქიმიური ალი" და ქურთების ქიმიური იარაღით გაწყვეტა რას ნიშნავს? რას ნიშნავს და იმას, რომ როგორც კი ნათელი გახდა, ამერიკელები ერაყში შეიჭრებოდნენ, ვლადიმერ პუტინმა ბაღდადში ათეულობით АН-22 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი გააგზავნა და ქიმიური იარაღი რამდენიმე რეისით რუსეთში გაზიდა. ხოლო რაც ვერ გაზიდა, ირანში გაიტანეს. მით უმეტეს, რომ ეს იარაღი ერაყსაც, სირიასაც და ირანსაც თავის დროზე სწორედ მოსკოვმა მიაწოდა. ანუ, თუ ერაყის ომი სადამ ჰუსეინისათვის ქიმიური იარაღის ჩამორთმევას ისახავდა მიზნად, იგი „უაზრო" სულაც არ ყოფილა და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია თუნდაც ინტერნეტში გადავხედოთ „ტონობით" მასალას ერაყის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

თუმცა ბარაქ ობამას, რომელიც ბუშის ადმინისტრაციას, პირველ რიგში, სწორედ „ერაყის უაზრო ომისთვის" და „ქიმიური იარაღის ვერაღმოჩენისთვის" აკრიტიკებდა, ეს არგუმენტები აღარ უშველის. სირიაში დამარცხება მას ისტორიაში ყველაზე უაზრო და სამარცხვინო პრეზიდენტად ჩაწერს, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ ამერიკის ზესახელმწიფო მოუსავლეთის გზას დააყენა და საქვეყნოდ თავსლაფი დაასხა.


„ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი

ავტორი: . .