აღმაშენებლის ხეივანში, მშენებლობაზე მომხდარ ნგრევის საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო. განცხადება ამის შესახებ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად კერვალიშვილმა გააკეთა.
"დეტალურ მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ჩამონგრევა, არასწორმა მშენებლობამ თუ იყო სხვა მიზეზი, გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე დაწყებულია", - განაცხადა კერვალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე დღეს თბილისის მერის პირველი მოადგილე მამუკა ქაცარავაც იმყოფებოდა.
მისი განცხადებით, ნგრევის შედეგად დაზარალებული ორი მუშის მკურნალობის ხარჯებს სამშენებლო კომპანია "ელკანი" დაფარავს.
ქაცარავა არ გამორიცხავს, რომ მოკვლევის პროცესში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანში წუხელ მოხდა. ერთ-ერთ მშენებარე კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.