პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუები მისი მმართველობის უკანასკნელი აკორდი აღმოჩნდა. საეჭვოა მან ამაზე უფრო საინტერესო და ნიშანდობლივი თქვას რაიმე ნოემბრის შუა რიცხვებამდე. რასაკვირველია, ყველამ უმალ სკანდალურ დეტალებს მიაქცია ყურადღება, მაგრამ უფრო ნიშანდობლივი აზრობრივი სისტემა და მთავარი მესიჯია, რომელსაც მიშა ხშირად ნიღბავს ეპატაჟით, როცა თავს „იგიჟიანებს". სინამდვილეში „გიჟი" სულაც არ არის. უფრო ზუსტად, იმ კატეგორიას განეკუთვნება, ჩვენში „ჭკვიან გიჟებს" რომ უწოდებენ.
ყველა მის ინტერვიუს, 2008 წლიდან - დღემდე, წითელ ხაზად გასდევს რუსეთ-საქართველოს დისკურსი. ანუ პოსტულატი: „ეს იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის". სააკაშვილის ესტონელი მრჩეველი, მარტ ლაარი განცვიფრებას ვერ მალავდა და პირდაპირ ამბობდა: „ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ უთითებენ ქართველები უტყუარ, დოკუმენტურად დადასტურებულ ფაქტზე, რომ ომის პირველი მსხვერპლი სოფელ ავნევში მყოფი ორი ქართველი „სამშვიდობო" იყო? რატომ არ ამტკიცებენ სიმართლეს, რომ ოსური არტილერია განუწყვეტლივ ბომბავდა ქართულ სოფლებს?!".
მართლაც უცნაურია არა თითქოს? პრეზიდენტ სააკაშვილს არც ერთხელ (!) არ უხსენებია 7 აგვისტოს ავნევის საგუშაგოზე დაღუპული ორი ქართველი „სამშვიდობო", არც ოსური არტილერიის მიერ ქართული სოფლების განუწყვეტელი დაბომბვა 4 აგვისტოდან და არც ედუარდ კოკოითის მუქარა „ქართული სოფლების გაწმენდის" შესახებ, რომელიც სეპარატისტთა ლიდერმა 3 აგვისტოს გააჟღერა რუსული ტელეარხებით. ამის ნაცვლოდ, სააკაშვილი გამუდმებით აპელირებს რუსული ტანკების შემოსვლის დროზე როკის გვირაბში (12 საათით ადრე თუ 12 საათით გვიან), რუსული ქვედენაყოფების გადაადგილებაზე ჯავის რაიონში, პუტინ-მედვედევთან კონტაქტებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ უცნაურობას სავსებით რაციონალური ახსნა აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ მიშა შეიძლება გიჟია, მაგრამ იდიოტი არ არის და ყოველთვის ზუსტად იცის, რა უნდა.
საქმე ისაა, რომ იგი მაშინაც და დღესაც იმ კონფლიქტს უყურებს „დასავლელი მაყურებლის" თვალით. დასავლეთის რეაქცია კი მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ისეთი მწვავე (სიტყვიერად და პოლიტიკურად მაინც) როგორიც იყო, რომ სააკაშვილმა მოახერხა მოვლენები დასავლეთის თვალში წარმოჩენილიყო არა როგორც „ქართულ-ოსური", არამედ „რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი!". როგორ მოახერხა? პირდაპირ ვთქვათ: არა მხოლოდ ინტერვიუებში დასმული აქცენტებით, არამედ იმით, რომ გადამწყვეტ მომენტში მან აიძულა რუსეთი (მათ შორის ქართულ სოფლებში სრულიად ფუჭი „თავდაცვითი ბრძოლების" ნაცვლად ცხინვალზე პირდაპირი შეტევით და ე.წ. „სამშვიდობოთა" ბაზის დაბომბვით) გამოსულიყო ძალზე კომფორტული „საფარიდან" და პირდაპირ, აშკარად ჩართულიყო საბრძოლო მოქმედებებში!
აბა გავიხსენოთ, რა მოხდა 20 წლის წინ აფხაზეთში: მთელი მსოფლიოს თვალში ის ომი წარმოჩინდა, როგორც „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი". რუსეთი გამოდიოდა შუამავლად, მიმდინარეობდა გაუთავებელი დიპლომატიური რაუტები . . . . სოხუმში კი უვნებლად იდგა რუსული სამხედრო ქვედანაყოფი. სწორედ ის, ედუარდ შევარდნაძე რომ, 1993 წლის სექტემბერში, ქალაქის გადარჩენას ეხვეწებოდა. ამასობაში, სეპარატისტულმა ფორმირებებმა, მოსკოვის ფარული ლოგისტიკური, ტექნიკური, სადაზვერვო, დიპლომატიური, საინფორმაციო და სხვა სახის მხარდაჭერით ძალა მოიკრიბეს, შეტევა განახორციელეს, სოხუმი აიღეს და საშინელი სასაკლაო მოაწყვეს. „გიჟ მიშას" რომ ისე არ ემოქმედა 2008 წლის 2 ივლისიდან (როცა ომი უკვე გარდაუვალი გახდა, რაკი სეპარატისტთა მიზანი ლიახვის ხეობის „გაწმენდა" იყო) როგორც იმოქმედა, მოვლენები ამ ბოლო ომშიც დაახლოებით ისევე განვითარდებოდა, როგორც 20 წლის წინ აფხაზეთში, ოღონდ ბევრად უფრო მძიმე შედეგებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთხელ სააკაშვილს უცნაური ფრაზა წამოსცდა. მხოლოდ ერთხელ თქვა, შემდეგ არასდროს გაუმეორებია: „შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ თბილისზე ოსური დროშა აღმართულიყოო". დავაკვირდეთ: „რუსული დროშაო" კი არ უთქვამს, არამედ „ოსური დროშა!". „ამ საშიშროებას მაშინაც და ახლაც ბევრი ვერ აცნობიერებსო" - დაამატა. აშკარად იმის თქმა სურდა, რომ რუსეთი, სინამდვილეში, სწორედ „აფხაზურ სცენარს" ამზადებდა. ამ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია ისეთივე იქნებოდა, როგორც 1993 წელს გამოდგა. ანუ „მხრების აჩეჩვა" და „ქართულ-ოსური მოლაპარაკებებისაკენ მოწოდება".
როცა ამბობენ „იმაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო, რაც მოხდაო". „იმაზე" უარესი ის იქნებოდა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანებულ ჯარს, წლის ან წელიწადნახევრიანი პოზიციური ბრძოლების შემდეგ (როგორც აფხაზეთში), მართლა რომ აეღო ჯერ ცხინვალი, შემდეგ გორი და თბილისი. მერე გენახათ ძარცვა გლეჯა და გაუპატიურებები ვაკე-საბურთალოზე!
„რა სისულელეა, როგორ შეძლებდნენ - ჩვენი ლომივით მამაცი მებრძოლები ამას როგორ დაუშვებდნენ, სულ ადვილად გავანადგურებდითო". კი მაგრამ . . . . . განა იგივე არ გვესმოდა აფხაზეთის ომის დაწყებისას? ვინ - ვინ გაანადგურა, ერთ წელიწადში გამოჩნდა. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ კოკოითის ბანდას 700 000-იანი უშუალო რეზერვი ჰყავდა ჩრდილო ოსეთის სახით. შეიარაღება კი ბევრად იმაზე მეტი, ვიდრე არძინბას 1993 წელს. აი, ოფიციალური მონაცემები „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალთა" შესახებ 2008 წლის ივლისში: 15 ტანკი, 25 თვითმავალი ქვემეხი, 12 ჰაუბიცა, 6 „გრადის" ზალპური ცეცხლის დანადგარი, 4 საბრძოლო ვერტმფრენი (!), აგრეთვე თავზე საყრელად ნაღმსატყორცნები, ავტომატური იარაღი . . . . . . რაც მთავარია, ბრძოლის უნარი და ჟინი!
ცხინვალის აღებას ჩვენი ჯარი ისევე იოლად შეძლებდა, სადღაც 15 აგვისტოსთვის, როგორც გაგრა და სოხუმი ავიღეთ თავის დროზე, მაგრამ მერე . . . . . სეპარატისტთა ფორმირებების შეიარაღებას დაემატებოდა იარაღის ის „მთები", რაც ქართულ პოზიციებზე დახვდებოდათ მას შემდეგ, რაც ამ პოზიციებიდან, პირველივე მძლავრი შეტევის შედეგად, მოწინააღმდეგეს გააქცევდნენ - როგორც გაგრაში მოხდა 1992 წელს. განსხვავება მხოლოდ ის იქნებოდა, რომ როდესაც გორს, ხაშურს, ფოთს, ქუთაისს, თბილისს, მედვედევი და რუსული არმია უტევდნენ, ეს „ნაკლები ბოროტება იყო", რადგან მედვედევი კიდევ რაღაცნაირად უწევდა ანგარიშს დასავლეთს, ხოლო კოკოითს დასავლეთი ისევე ფეხებზე ეკიდებოდა, როგორც არძინბას ეკიდა.
ჯავა ბუნებრივი ციხე-სიმაგრეა და ჩვენი ჯარი მის აღებას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლებდა. ისევე და იმავე მიზეზებით, როგორც და რატომაც გუდაუთის აღება ვერ შევძელით 1992 წელს.
სწორედ ამ სცენარს გულისხმობს მიშა, როცა ამბობს: „არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის გვიხდებოდა". „უარესში" იგი მრავალთვიან, თუმცა საბოლოოდ კიდევ უფრო გამანადგურებელ ქართულ-ოსურ ომს გულისხმობს, რომლის თავიდან აცილება მხოლოდ იმის ხარჯზე მოხერხდა, რომ ცხინვალის აღებითა და რუს სამშვიდობოებზე პირდაპირი დარტყმით მიშამ აიძულა რუსეთი ღიად გამოსულიყო სცენაზე და მთელი მსოფლიოს თვალში ეს კონფლიქტი დაფიქსირებულიყო, როგორც არა „ქართულ - ოსური" (ანალოგიით „ქართულ-აფხაზურთან"), არამედ „რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი".
მხოლოდ ამის შედეგად მოხერხდა თავიდან აგვეცილებინა იმ საშინელ აგვისტოზე უარესი აგვისტო!
„ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე