ENG / RUS       12+

,,თბილისის შემოვლითი რკინიგზა მომავლის პროექტია და მისი გაჩერება ან დაკონსერვება არ უნდა მოხდეს,,

რესპოდენტის შესახებ

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტზე ავსტრიული კომპანიის დასკვნის შემდეგ, ხელისუფლების მიერ "მომომავლის პროექტად" შეფასებული მშენებლობა, ახალმა ხელისუფლებამ სავარაუდოდ, დროებით შეაჩერა და მის დაკონსერვებაზე ალაპარაკდა. აღნიშნულ სარკინიგზო პროექტს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და თბილისის მერი მთავრობას პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყეტილების მიღებამდე ერთობლივ მსჯელობას სთავაზობენ.

ეკონომიკის მინისტრ გიორგი კირიკაშვილის თქმით, "ამ ეტაპზე არაა გამორიცხული, რომ მშენებლობის დროებით კონსერვაცია მოხდეს".

"საქართვლოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე კი, მიიჩნევს, რომ სალიანდაგო გზის მშენებლობის უკან ყოფილი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი ინტერესები უფრო დგას.

აღნიშნულ საკითხს, თბილისის მერი გიგი უგულავაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ერთი კომპანიის ინტერესებს ქალაქის ინტერესები არ უნდა შეეწიროს, მით უმეტეს, როდესაც აღნიშნული პროექტის თითქმის 80 % უკვე დასრულებულია".

ვინ უშვებს შეცდომას, ახალი ხელისუფლება პროექტის დაკონსერვებით თუ დაუშვა წინა ხელისუყფლებამ პროექტის დაწყებით? ამ საკითხებზე "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა.

ირაკლი ლექვინაძე: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მომავლის პროექტია და რადგან მშენებლობა დასასრულისკენაა მისული, მისი გაჩერება ან დაკონსერვება არ უნდა მოხდეს. "ეს არის მომავლის პროექტი და მისი ამ ეტაპზე გაჩერება არ უნდა მოხდეს. ამასთან, დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც ძალიან საინტერესო პროექტია.

- პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ პრეტენზიებს გამოთქვამენ და კონკრეტულ არგუმენტებსაც ასახელებენ თუ რატომ არ უნდა მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის თქვენი შეფასება სუბიექტური?

- რა თქმა უნდა, ამ სარკინიგზო პროექტის მშენებლობის დასრულებას ვემხრობი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შესაძლოა რაიმე სახის ფინანსური ან სხვა ტიპის დარღვევებიც არ იყოს. პროექტის დეტალები შესაძლოა, გადახედვას მართლაც ექვემდებარებოდეს, თუმცა საერთო ჯამში ამ პროექტის მშენებლობის შეჩერება გაუმართლებელია.

- განხორციელების შემთხვევაში, რა იქნება თბილისის შემოვლითი რკინიგზის მიერ დედაქალაქისთვის მოტანილი მთავარი სარგებელი?

- პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები გამოთავისუფლდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა. ეს ტერიტორიები შესაძლოა დედაქალაქის თვითმმართველობამ აითვისოს, შესაძლოა დეველოპერულმა კომპანიებმა საკუთარი პროექტების განხორციელება დაიწყონ, მოხდეს ახალი სატრანსპორტო გზის მშენებლობა და ამ ტერიტორიის მოსაზღვრე მოსახლეობაც მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს. ასევე, სავსებით რეალურია, სავაჭრო ობიექტების მშენებლობა, საცხოვრებელი კომპლექსების და სხვა მრავალი ტიპის დაწესებულების.

- როგორ ფიქრობთ, აღნიშნული სარკინიგზო პროექტის მშენებლობის დასრულების და რკინიგზის დედაქალაქიდან გადატანის შემთხვევაში, რა პერიოდის შემდეგ შეიძლება მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტების ნახვა?

- რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი პროექტები ერთ დღეში არ აშენდება, ამას დრო სჭირდება. თანდათან მოხდება ამ ყველაფრის ათვისება და განხორციელება. მაგრამ ერთი რამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - არც ერთ დიდ ევროპულ ქალაქში და მეგაპოლისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქალაქის ცენტრში არ არის განლაგებული.

- თბილისის სარკინიგზო პროექტის შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულ გადაწყვეტილებას რა უკუშედეგები მოჰყვება საქართველოს ეკონომიკაზე იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების თითქმის 80% უკვე შესრულებულია?

- რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. მშენებლობაზე ძირითადად ვალით აღებული და სხვადასხვა ფონდებიდან მოზიდული თანხებია დახარჯული. ფაქტობრივად, 200 მილიონ დოლარამდე დახარჯული თანხა არაფრისმომტანი შედეგის მომცემი იქნება. მშენებლობის ამ ეტაზე მისული რკინიგზა აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს.

- აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს ჰქონდა თუ არა გარკვეული კოსულტაციები ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ექსპერტებთან?

- პირადად ჩემთვის არავითარ განხილვაში მონაწილეობა არ შემოუთავაზებიათ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დაიგეგმა მსგავსი ტიპის შეხვედრა, მე მზად ვარ მონაწილეობისთვის, თუმცა ჩემი პოზიცია გამაჩნია და ეს არის უცვლელი - პროექტი არ უნდა გაჩერდეს ან დაკონსერვდეს.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა გიორგი ხუხია

 

ავტორი: . .