პარლამენტის თავმჯდომარის მეტაფორა ერთი შეხედვით არათუ საწყენი, არამედ საპატიოცაა: ფორვარდი-ფორვარდია და ყოველთვის დადებითად აღიქმება, მიუხედავად იმისა, „მოხეტიალეა" თუ არა. ამავე დისკურსში შეეძლო ეთქვა „კობა დავითაშვილი იაპონელი რონინი ან ამერიკელი კოვბოია . . . . "
მაგრამ შინაარსობრივად, კობას „მოხეტიალე ფორვარდობა" მაინც არასწორი შედარება გამოდის, ვინაიდან თამაშს გულისხმობს. დავითაშვილის სპეციფიკა კი სწორედ ისაა, რომ იგი არასდროს თამაშობს. ამიტომაც, მტკნარი სისულელეა აქა იქ გაელვებული აზრი, თითქოს „ჩაწყობილი იყო, რათა ბურჯანაძეს ხმები წაართვასო". ბევრს ვერაფერს წაართმევს, რადგან იმ ქალბატონს სულ სხვა კატეგორიის ამომრჩველი ჰყავს, თუმცა მთავარი (ვიმეორებ) მაინც ისაა, რომ დავითაშვილი არასდროს თამაშობს და ყოველთვის გულწრფელია, ანუ იმ თვისებათა მატარებელია, რომელიც არათუ მის რომელიმე პოლიტიკურ გუნდში მყარად დამაგრებას, არამედ საერთოდ, პოლიტიკოსობას გამორიცხავს.
დავაკვირდეთ ბეგრაუნდს: ჯერ კიდევ 1995 წელს, ახლადშეღერებული კასპელი ადვოკატი დავითაშვილი, რომელიც ედუარდ შვარდნაძის მახვილ თვალს არ გამოეპარა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში (არა დეპუტატის რანგში) ხმამაღლა აპროტესტებდა ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებას. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ „მხედრიონის" წევრი იყო. უბრალოდ, მიაჩნდა, რომ დეპუტატობის კანდიდატის დაპატიმრება არასწორია და შესაბამისი ნორმატიული აქტებიც მოჰყავდა საბუთად. „რა, რევოლუციური აუცილებლობაააააა?!!!!!!" - უყვიროდა იგი მაშინდელ იუსტიციის მინისტრ თედი ნინიძეს. ესე იგი კატეგორიულად ემიჯნებოდა პოლიტიკური აუცილებლობის მოსაზრებებს - ფორმალური იურიდიული პუნქტის სასარგებლოდ. თანაც ზუსტად იმ დროს და ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ამის იგნორირება ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
შევარდნაძის სტილიდან გამომდინარე, ვინც უფრო მეტ პრობლემას უქმნიდა, იმის გუნდში შემოყვანას უფრო ცდილობდა ხოლმე. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ კობა 1999 წლის პარალმენტის წევრი გახდა „მოქალაქეთა კავშირის სიით". მაშინ ლამის მთავარი სახელმწიფოებრივი პრობლემა ერგნეთის ბაზრობიდან მომდინარე კონტრაბანდის ნიაღვარი იყო, რაც ანგრევდა ეკონომიკას და ბიუჯეტს არარაობად აქცევდა. შევარდნაძის გასაცოდავებული ხელისუფლება კი თითის განძრევას ვერ ბედავდა - „წვრილი მოვაჭრეები მიტინგებს მომიწყობენო". ბოლოს, დიდი ყოყმანის შემდეგ, გადაწყვიტეს იმ სატრანსპორტო საშუალებათა ჩამორთმევა, რითაც მოვაჭრეები ერგნეთიდან კონტრაბანდას ეზიდებოდნენ. აბა თუ გამოცნობთ, „მოქკავშირიდან" ვინ წავიდა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ და ვინ აფრიალებდა კონსტიტუციას „საკუთრების უფლებს ხელყოფის" გამო? რა თქმა უნდა დავითაშვილი! ჩაშალა კიდეც ეს საქმე, ოღონდ კი თავად, მისეულად გაგებულ და წაკითხულ იურიდიულ ნორმასთან მართალი ყოფილიყო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ვარდების რევოლუციის" შემდეგ ძალიან გაუკვირდა, რომ ახალმა ხელისუფლებამ მინისტრთა კაბინეტი შემოიღო და პრეზიდენტს პარალმენტის დათხოვნის უფლება მისცა. ამას ზურაბ ჟვანიას აბრალებდა, აქაოდა, „როგორ შეიძლება კონკრეტულ ადამიანზე კონსტიტიციის მორგება?". ამიტომ „ნაციონალური მოძრაობაც" დატოვა, რომლის არათუ სიით მოხვდა პარალმენტში, არამედ იმ სიის პირველი ნომერი იყო 2 ნოემბერს.
კობას მისი მენტალობა არ აძლევდა საშუალებას მიმხვდარიყო, რომ სინამდვილეში ზურაბ ჟვანიას კი არ ერგებოდა ახალი სისტემა, არამედ „რევოლუციის შედეგად" წარმოშობილ აუცილებლობას. იმ რევოლუციისა, რომლის ერთ-ერთი იდიოლოგი და მებაირახტრეც თავად იყო: დავითაშვილი ვერ „ტვინავდა" (იმავე მენტალურ და ინტელექტუალურ მიზეზთა გამო), თორემ სააკაშვლს და ჟვანიას შესანიშნავად ესმოდათ: პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლება მაშინ აუცილებელი პირობა იყო ე.წ. „ძლიერი ხელისუფლების" შესაქმნელად, რომელიც სწრაფ რეფორმებს გაატარებდა და პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატებთან გაუთავებელი ვაჭრობა აღარ დასჭირდებოდა ბიუჯეტის მისაღებად - როგორც ეს შევარდნაძეს სჭირდებოდა ხოლმე. დავითაშვილისთვის საძულველი შევარდნაძე ხომ სულ იმის ცდაში იყო, როგორ მოელაპარაკა საპარლამენტო ლობისტურ ჯგუფებთან, როგორ მოესყიდა, მოეთაფლა, რით დაერწმუნებინა . . . . მიშას კი აბა ამის დრო და ნერვები ჰქონდა? არ დაუმტკიცებდნენ ბიუჯეტს, არ მიიღებდნენ რეფორმისტულ კანონებს და გარეკავდა! ამაზე ადვილი რა იყო?
დავითაშვილს რომ შესაბამისი რესურსები ჰქონოდა, რევოლუციამდე ან რევოლუციის დროს უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ პროცესის ნამდვილი მიზანი ქვეყანაში ძლიერი და ქმედითი ხელისუფლების შექმნა იყო, რაც „კორუფციის წინააღმდეგ" ბრძოლით შეიფუთა. დავითაშვილისგან განსხვავებით კი, მისი იმდროინდელი კოლეგები ხვდებოდნენ, რომ ხსენებულ კორუფციასა და „უძრაობას" სწორედ პლურალიზმი და დემოკრატიული სისტემა ქმნიდა, როდესაც ხელისუფლება იძულებულია ყველა ჯგუფის ინტერესები გაითვალისწინოს და გადაწყვეტილებებიც ლამის კონსენსუსით მიიღოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
იგივე ემართება დღესაც. ანუ ამჟამადაც ვერ ხვდება, რომ სისტემურად შეუძლებელია, მილიარდელი - ბიზნესის წინააღმდეგ წავიდეს! ამიტომ, უბრალოდ კომიკურია მისი გულწრფელი წყენა: „საბრალო სოციალურად დაუცველი ადამიანების ან იპოთეკარების გაჭირვებას რატომ უფრო ნაკლებად ითვალიწინებენ ვიდრე ბიზნეს-ჯგუფების ინტერესებსო". დალოცვილო, აბა მილიარდელი კომუნისტი გაგონილა? ბიძინა ივანიშვილი მის ამ ინტენციას ისევე ვერ (არ) შეასრულებდა, როგორც მიშა არ მოიშლიდა 2004 წელს ძლიერი, „ერთმმართველი" სისტემის შექმნას. მაგრამ კობას მთავარი პრობელმა ისაა, რომ ამას თავიდანვე კი ვერ ხვდება, არამედ მერე აწყობს ხოლმე პრეს-კონფერენციებს განცვიფრებისაგან გაფართოებული თვალებით და ყველანაირად ცდილობს თქვას: „მომატყუესო". სინამდვილეში, კი არ მოატყუეს, თავად ტყუვდება და საკუთარი, ასე ვთქვათ „გულუბრყვილო" ილუზიების ტყვეობაში იმყოფება.
მაგრამ ვის კარში იტანს ხოლმე გოლს? ყოველთვის იმათ კარში, ვისთან ერთადაც მონაწილეობდა მორიგ ეპოქალურ მოვლენაში - იქნება ეს რევოლუცია თუ „ამბოხი საარჩევნო ყუთებთან", როგორც 1 ოქტომბერს. კობას მორიგმა დემარშმა, თანაც არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, სერიოზულად დაასუსტა „ოცნება" და გააძლიერა ერთის მხრივ ბურჯანაძე, მეორეს მხრივ ბაქრაძე, რაკი „ მალე წასვლის" შესახებ პრემიერის გაუთავებელ განცხადებათა აკომპანიმენტით, ობივატელს (სინამდვილეში ქართველი ამომრჩევლის დიდი უმრავლესობაა) საბოლოდო განუმტკიცა რწმენა: „ამათთან ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და არაფრის გამკეთებლები ესენი არ არიან". ამიტომაც, ისევ მიშა (დათოს სახით) ან ნინო - მათ ხომ, იმ დაუვიწყარი „რევოლუციიდან" მოყოლებული, ყველას დაუმტკიცეს, რომ იციან მაინც, რა უნდათ!
„ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი