ზემოთმოყვანილ კითხვებს პასუხი სჭირდება, რადგან არც ისე ბევრია მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ფეხბურთი ასე თავდავიწყებით უყვართ. ამ მხრივ ზოგიერთ იმ სახელმწიფოსაც ვუსწრებთ (ინგლისს და ბრაზილიას არ ვგულისხმობ რასაკვირველია), რომელთა ნაკრებები რეგულარულად გამოდიან მსოფლიო ჩემპიონატებზე და სერიოზული წარმატებებიც აქვთ. მახსოვს, რუსულ НТВ-Футбол-ზე საქართველოდან ზარებიც კი შეზღუდეს შესანიშნავმა კომენტატორმა უტკინმა და მისმა კოლეგებმა, რაკი ისე გამოდიოდა, რომ ათიდან რვაჯერ ქართველები რეკავდნენ.
და მაინც რატომ ვერ (ვეღარ) ვთამაშობთ ფეხბურთს? პირველ რიგში მოარული ისტორიული მითის შესახებ უნდა ითქვას (1981 წლის თაობაზე): 30-40 წლის წინანდელ თბილისის „დინამოს" უზარმაზარი სახელმწიფოს რესურსები უმაგრებდა ზურგს და არც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იყო მთლად ხელწამოსაკრავი. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ამჟამინდელ „ეროვნულ ჩემპიონატს" ბევრად აღემატებოდა კლასით, როდესაც რეგულარულად ხვდებოდი მოსკოვისა და კიევის გუნდებს.
თუმცა ეს მესამეხარისხოვანი მიზეზია. მივაკუთვნოთ მხოლოდ მესამე ადგილი რეგულარულ საფეხბურთო წარუმატებლობათა მიზეზებს შორის. მით უმეტეს, რომ არსებობს სავსებით ლეგიტიმური კონტრკითხვა: თუკი მიზეზი რესურსები და ჩემპიონატის მაღალი კლასია, მაშინ ყირგიზეთმა, მოლდავეთმა და აზერბაიჯანმა რატომ ვერ მიაღწიეს მაშინ (!) ასეთივე წარმატებებს? სწორი პასუხი: იმიტომ, რომ უდავოდ არსებობს ისეთი საოცარი და ღვთისნიერი ფენომენი, როგორიცაა ნიჭი! მათ შორის ეროვნული სპორტული გენია, სკოლა, საზოგადოების ინტერესი და, შესაბამისი მოთხოვნა, რასაც იმდროინდელმა რეჟიმმა, სხვადასხვაგვარ რესურსთა კონცეტრაციით, გამოვლენისა და რეალიზაციის საშუალება მისცა. სხვაგან ამგვარი საზოგადოებრივი ინტერესი, მოთხოვნა, სულისკვეთება და ნიჭი უბრალოდ არ არსებობდა, შესაბამისად, ვერც რეალიზება მოხდებოდა, თუმცა რესურსები ჩვენზე არანაკლები და მეტიც ჰქონდათ.
ფეხბურთი პირველ რიგში ფული არ არის. ფეხბურთი უპირველესად სულისკვეთებაა! ასმილიონიან ბრაზილიაში, ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ „კოპაკაბანაზე" რომ პელე და გარინჩა დაიბადებოდნენ, გასაკვირი არაა. საოცრება ისაა, რომ სამმილიონ საქართველოში გაჩნდნენ დათო ყიფიანი და საშა ჩივაძე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ განა დამოუკიდებლობის დროს ნაკლები იხარჯებოდა და იხარჯება ფეხბურთზე? რა საგადასახადო შეღავათები არ დაწესდა, რა სტადიონები არ აშენდა, რა ბავშთა საფეხბურთო სკოლები არ გაიხსნა . . . . საქმეს კი მაინც არაფერი ეშველა. შედეგი, შეიძლება ითქვას, ნულოვანია. ისევ და ისევ, რატომ? რატომ?! რატომ?!!!
გადავიდეთ შემდეგ მიზეზზე:
რანგით მეორე მიზეზი ჩვენს უახლეს ისტორიაში უნდა ვეძებოთ, ანუ იმ საზარელ დარტყმაში, რაც ეროვნულმა ცნობიერებამ განიცადა ბოლო 25 წლის გაუთავებელი დამარცხებების შედეგად.
დავაკვიდრეთ: ათეულობით ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ევროპულ თუ რუსულ კლუბებში. შეიძლება ვარსკვლავებს არ წყვეტენ, თუმცა თამაშობენ ლაღად და პროფესიონალურად. მაგრამ საკმარისია ეროვნული ნაკრების ან „ეროვნული კლუბის" მაისური ჩაიცვან და მუხლების კანკალი ეწყებათ! იმიტომ, რომ არ შეიძლება წარმატებული იყოს ფეხბურთი, რომელიც დამარცხებული, დამცირებული, დაგლახავებული ეროვნული ცნობიერების მატარებელია!!! „დამარცხების კომპლექსი" აწვებათ ზურგზე, როგორც კი იმ მაისურს მოიცვავენ. ამიტომაც უკანკალებთ მუხლები. მით უმეტეს, როდესაც საზარელ მარცხთა მთელი კასკადის შემდეგ, რაც ბოლო ათწლეულებში განვიცადეთ, საზოგადოება საბრალო ფეხბურთელებს აკისრებდა და აკისრებს ერის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის დაუძლებველ ამოცანას. ეს კი მათთვის მეტისმეტი ტვირთია.
ამ პრობლემას საბიუჯეტო შეღავათები და სტადიონები ან თუნდაც საუკეთესო ბავშვთა სკოლები ვერაფერს უშველის - თავს ნუ მოვიტყუებთ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთავარი მიზეზი კი, ისევ და ისევ საფეხბურთო გენიიდან გამომდინარეობს. ფეხბურთი გენიალური ფენომენია. მისი გენია პირველ რიგში იმით მჟღავნდება, რომ სპორტის არც ერთი სხვა სახეობა არ მოითხოვს საზოგადო პასიონარობის და „კოლექტივისტური კულტურის" ასეთ დონეს. გარეგნული, ზედაპირული შთაბეჭდილების მიუხედავად, ფეხბურთი არა იმდენად პიროვნულ, რამდენადაც კოლექტიურ პასიონარობასა და კულტურას ეფუძნება.
სწორედ აქაა პასუხი კითხვაზე: არც თუ «ხელწამოსაკრავი» ტრადიციის და ნიჭის მიუხედავად, რატომ ვერ ვთამაშობთ დამოუკიდებლობის პირობებში (ანუ მაშინ, როდესაც ამ უდავო ეროვნული ნიჭის რეალიზაციისთვის ჭეშმარიტად ეროვნული პასიონარულობის რესურსია საჭირო და არა ფსევდოეროვნული-ფაქტიურად კი «საბჭოთა» რესურსი) ქართველები ფეხბურთსა თუ სხვა კოლექტიურ თამაშებს? ნამდვილად გვიჭირს კოლექტიური თამაშები. იმიტომ, რომ მათთვის მეტისმეტად ინდივიდუალისტები ვართ. საბჭოთა რეჟიმი ამ ინდივიდუალობას ჩარჩოებში აქცევდა და მიმართულებას აძლევდა. ეს კიდევ ერთი საოცრად „ქართული" პარადოქსია.
სამაგიეროდ, „დამოუკიდებლობის" პერიოდშიც გაგრძელდა წარმატებები სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში: მკლავჭიდში, ჭიდაობაში და ასე შემდეგ. მაშასადამე სკოლა არ ყოფილა განმსაზღვრელი, რადგან საფეხბურთო სკოლა და ტრადიცია ხომ არანაკლები გვქონდა, ვიდრე მაგალითად საჭიდაო?
მაგრამ რეგბი? რეგბის ხომ ვთამაშობთ? ესეც ხომ კოლექტიური თამაშია?!!! ერთი შეხედვით თითქოს ლოგიკური კითხვაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, რ(ა)გბის მსოფლიოში თამაშობს სულ 8-9 ქვეყანა. მათ შორის ინგლისი, უელსი, შოტლანდია, ირლანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და კიდევ ცალ ხელზე ჩამოსათვლელი რამოდენიმე მათ ასე თუ ისე უახლოვდება. დანარჩენი 70 ქვეყანა კი თამაშობს არა რაგბის, არამედ სულ სხვა თამაშს, რომელსაც სინამდვილეში რაგბისთან საერთო ბევრიც არაფერი აქვს, რაკი უფრო ინდივიდუალურ «კუნთ-მიწოლა-ჯან-ღონეს» ეფუძნება და არა კოლექტიური შეთამაშება-კომბინირების უნარს, როგორც ნამდვილი რაგბი, რასაც «ბარბაროსები» თამაშობენ: რამოდენიმე წლის წინ თბილისში რომ გვეწვივნენ და სპექტაკლი მოაწყვეს.
სხვა საქმეა, რომ იმ დანარჩენ 70 ქვეყანას შორის ნამდვილად ვართ პირველ ათეულში და პატარა ქვეყნისთვის ესეც დიდი წარმატება.
თუმცა, საკმარისი იყო (წინასწარ ატეხილი ბუკ-ნაღარის, უდიდესი მოლოდინისა და იმედის მიუხედავად) სამხრეთ აფრიკაში, 2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს შეხვედროდა და . . . ახლაც შემზარავია იმ თამაშის გახსენება. საქმე მხოლოდ კოლოსალურ ანგარიშში როდია, არამედ ნისკარტში ხელწავლებული წიწილის უმწეობაში.
CNN-ის უებ-საიტმა ის თამაში მაშინ ასე დაახასიათა: England terminated georgia! მართლაც, ცალ ბიბილოზე საყურეებიანმა ანგლო-საქსებმა, ეს ჩვენი «ყ....იანი მმამჩოები» . . . ისე Terminated ანუ გაანადგურეს, რომ ათწლეულობით არ დაგვავიწყდება. რაგბი კოლექტიური თამაშია და შესაბამისი კულტურის გარეშე იქ წარმატებას ისევე ვერ მიაღწევ, როგორც ფეხბურთში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა ვქნათ, რაღა გვეშველება? არაფერი. ვსვათ ცივი ლუდი, დავტკბეთ პრემიერ-ლიგით და პრიმერა-დივიზიონით, აგრეთვე ჩვენსავით პატარა შვეიცარიის ან სლოვენიის ღირსეული გამოსვლებით მსოფლიო ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირს აღარავინ აღგვიდგენს ტოტალიტარული მობილიზაციის მისეული რესურსით, ხოლო ეროვნული პასიონარობისა და კოლექტიური ძალისხმევის აუცილებელ უნართა დასაგროვებლად ისტორიული ევოლუციაა საჭირო. ესე იგი არათუ წლები, არამედ ათწლეულები. ან იქნებ უფრო მეტიც.
და ახალი თაობები, - ახალი, ძირფესვიანად განახლებულიეროვნული მენტალობით, ესე იგი ახალი იდენტობით.
„ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი