პრემიერ-მინისტრმა და განათლების ახალმა თავქალმა მთავრობის სხდომაზე პატარა სპექტაკლი გაითამაშეს. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი - პრეზიდენტობის კანდიდატის პროტეჟეს, მოადგილედ დავით ზურაბიშვილის დატოვებას სთხოვდა. თუმცა ქალბატონმა თამარმა საკმაოდ მკვახედ იუარა და პრემიერიც განცვიფრებული გამომეტყველებით დაეთანხმა, თითქოსდა ასეთ სიმტკიცეს არ მოელოდა.
არადა, ძალზე საეჭვოა, გიორგი მარგველაშვილს ეს საკითხი წინასწარ არ შეეთანხმებინა კოალიციის ლიდერთან. ყოველ შემთხვევაში, ამაზე საუბრები აუცილებლად იქნებოდა, რადგან დავით ზურაბიშვილი დიდი ხანია ნერვებს უშლის კაბინეტის წევრებს გაუთავებელი ლანძღვით. არათუ კრიტიკით, არამედ ლანძღვით! აბა რომელ მთავრობას მოეწონება, ამავე მთავრობის წევრი (მინისტრის მოადგილე კი სწორედაც კაბინეტის წევრად ითვლება), კოლეგებს მედიდური ტონით რეგულარულად ამუნათებდეს და „იდიოტებს" ეძახდეს?
ზოგადად, რესპუბლიკელებისათვის ამგვარი პოზიცია დამახასიათებელია: მათ მიაჩნიათ, რომ აქვთ ინტელექტუალური რესურსი, ქედმაღლურად „აკრიტიკონ" სხვები მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმატი სოლიდარულ პასუხისმგებლობას ნიშნავს და საჯარო (!) ურთიერთბრალდებებს გამორიცხავს. მით უმეტეს, როცა საუბარია არა კოალიციურ მთავრობაზე, არმედ მმართველი საპარლამენტო კოალიციის მინისტრთა კაბინეტზე, რაც სულაც არ არის ერთი და იგივე.
წინა ხელისუფლებამ ამავე მოტივით „გაუშვა" მთავრობიდან გოგა ხაინდრავა მას შემდეგ რაც მან შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „გააკრიტიკა". ანუ ეს მართლაც სისტემური მოვლენაა და ლიდერის ვინაობაზე დამოკიდებული არ არის: თუ მთავრობას აკრიტიკებ, მაშინ მთავრობიდან უნდა წახვიდე და არ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს შენი მთვარობაში ყოფნისთვის სხვებმა მადლობა უნდა გიხადონ. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ბიძინა ივანიშვილის უშუალო გარემოცვის პოზიცია და პრემიერიც იძულებულია მას ანგარიში გაუწიოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეორე, ასევე „სისტემური გარღვევაა" მაჟორიტარებთან დაკავშირებული აურზაური: აღმასრულებელ ხელისუფლებას (განსაკუთებით რაიონებში) არ მოსწონს, რომ მაჟორიტარები ერევიან მის საქმეებში. მათ შორის საკადრო სფეროში. მიზეზი აქაც გასაგებია: გამგებელი პასუხს აგებს რაიონში შექმნილი ვითრებისთვის, ხოლო მაჟორიტარ დეპუტატს ბუნებრივად სურს, ყველაფერი აკონტროლოს, მისი მითითებები სიტყვაშეუბრუნებლად აღსრულებადი იყოს, მაგრამ პასუხი არაფერზე აგოს. აბა დეპუტატს ვინ რა პასუხი უნდა მოსთხოვოს?
სწორედ ამ ვითარებით უკმაყოფილო გამგებლებმა „ჩააწვეთეს" პრემიერს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მანაც „გააჟღერა" მორიგი პრეტენზია თანაგუნდელების მიმართ და მკაცრადაც გააფრთხილა, რასაც სოსო ჯაჭვლიანის ადეკვატური რეაქცია მოჰყვა: „ვერეოდი, ვერევი, კიდევ ჩავერევი" და ყურებზე ხახვსაც ვერავინ დამაჭრისო.
ნუთუ ვინმეს მართლა ეგონა, მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში კანონების საწერად მოვიდნენ? სინამდვილეში, მოვიდნენ იმისთვის, რათა გადაწყვიტონ, როგორ განაწილდეს ტრანსფერები და ვის რა ერგოს გემრიელი „ნამცხვრიდან". რა თქმა უნდა მსუყე ლუკმის „ჩამოჭრით".
ამ სისტემური წინაამდეგობის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი ორპალატიანი პარლამენტის შექმნა იქნებოდა, როდესაც მაჟრიტარები, - ესე იგი სენატის წევრები, - იმავდროულად რაიონთა გამგებლები იქნებოდნენ, მაგრამ „მტრისას და ავისას" საქართველოში ამგვარი კონფიგურაცია: ამან შეიძლება ცენტრალური ხელისუფლების სრული დამბლაც გამოწვიოს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ოცნების" საპარლამენტო მასა კი სულ უფრო იბნევა, რაკი მთავრობიდან მკაფიო მესიჯებს ვერ იღებს. „იპოთეკარების" შესახებ გადაწყვეტილებას უმრავლესობამ მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ ეგონა „ეს ბიძინასგან მოდიოდა" და პრემიერი, როგორც მინიმუმ, მდუმარედ ეთანხმებოდა მევალეთა გამოსახლების ექვსი თვით გადავადებას. პრემიერმა, უკვე „პოსტფაქტუმ", ჩვეული „განცვიფრება" გამოხატა, რაც უეჭველად იმას ადასტურებს, რომ მმართველ კოალიციაში საქმე იმაზე უარესადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: „პოსტფაქტუმ" ესოდენ პრინციპული გადაწყვეტილების კომენტირება, შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დაბარება და უკვე პირველი მოსმენით მიღებული კანონის „ჩავარდნა" ბევრად უარესია, ვიდრე ამ კანონის ინიცირებაზე და პირველი მოსმენით მიღებაზე უარის თქმა, ვინაიდან იმ ადამიანებისთვის, ვისაც იპოთეკართა პრობლემა არც ერთი თვალსაზისით არ აწუხებს (არც კრედიტორები არიან და არც მოვალენი) ეს ყოველივე ხელისუფლებაში არსებულ დომხალად და „ძაღლი პატრონის ვერცნობად" გამოიყურება.
თუ კოალიციის ლიდერებს ასე ძალიან უნდათ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძემ (როგორც ხალხისთვის „გასაგებმა" და „ძლიერი ხელის მქონე", პროგნოზირებადმა ხელისუფალმა) გაიმარჯვოს, ამგვარი „დემოკრატიული პროცედურები" და „მინისკანდალები" ხშირად უნდა მოაწყონ.
ცენტრალური ხელისუფლება რომ დასუსტდა, ეს „წარსულის ლანდებმაც" უმალ იგრძნეს. ამის მაჩვენებელია, მრავალწლიანი გაუჩინარების შემდეგ, სცენაზე ასლან აბაშიძის გამოჩენა. თუ ვინმეს ჰგონია, აჭარის ისტებლიშმენტსა და აჭარულ მასაში („ჩაზნექილ სკამებს" რომ მისტირის) მას დასაყრდენი არა აქვს, ანუ „დაბრუნების" არანაირი შანსი არ გააჩია, ძალიან მწარედ ცდება! გარეშე მხარდამჭერ ფაქტორებზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. ამგვარი ფაქტორებიც, სინამდვილეში, იმაზე მეტია, ვიდრე გვეჩვენება.
ასლანი და მისი მხოლოდშობილი ვაჟი თავად კი არ მიხვდნენ, არამედ ისინი „დაარწმუნეს", რომ „თბილისი" ისევ დასუსტდა და შევარდნაძისდროინდელ გაურკვევლობაში ჩაეფლო. ხოლო თუ ეს პროექტი განხორციელდა (ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ისევ და ისევ „მიშას ნარჩენებია"), მისალოცად იმავე „რესპუბლიკელებს" ექნებათ საქმე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძმებ ბერძენიშვილებს.
„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი