ENG / RUS       12+

საქართველო ონიშჩენკოს ულტიმატუმს დაემორჩილა

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის მრავალმილიონიანი მხარდაჭერით აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორია (ოფიციალური სახელწოდებით „რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი") სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტად გადაკეთდა.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამ ინფორმაციაში არ არის: იყო ლაბორატორია და სამინისტრის დეპარტამენტი გახდა. მერე რა? მაგრამ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის, გენადი ონიშჩენკოს ულტიმატუმი, რომელმაც პირდაპირ დაუკავშირა ლაბორატორიის არსებობა - რუსულ ბაზარზე საქართველოს სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შეტანას. მისი თქმით „ეს ლაბორატორია მთლიანად ამერიკულ მხარეს ემორჩილება, საქართველოს ხელისუფლება მას ვერ აკონტროლებს, იქ მიმდინარეობს ბიოლოგიური შტამების წარმოება, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთს". ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ღორის ჭირის გავრცელება ჩრდილო კავკასიაში და იქვე აღნიშნა, რომ მოსკოვი „იძულებულია მიიღოს ზომები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად".

ძალიან შემაშფოთებელი განცხადებაა, რადგან ჩვენს შემთხვევაში სწორედ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ თუ ლაბორატორია არ დაიხურა, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს გამოიყენებს საქართველოს წინაარმდეგ ბიოლოგიური აგრესიის განსახორციელებლად, რომელიც პირველ ეტაპზე არა ადამიანების, არამედ საქონლის წინააღმდეგ იქნება მიმართული და ისედაც დაჩაჩანაკებულ სოფლის მეურნეობას საბოლოოდ გაანადგურებს.

ონიშჩენკოს თქმით „ამერიკული ლაბორატორიის არსებობა ხელს შეუშლის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორის ქვეყნის ურთიერთობათა შემდგომ გაღრმავებას". ანუ, სანამ ლაბორატორიას არ დახურავთ, არც ვაშლს შემოვუშვებთ ჩვენს ბაზარზე, არც ბოსტნეულს და არც მანდარინსო. ყველსა და ხორცზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. არადა, ამ პროდუქციის ექსპორტს რუსეთის ბაზარზე, რეალურად, ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საბრალო გლეხობისათვის, ვიდრე თუნდაც რამდენიმე მილიონი ბოთლი ღვინის გაყიდვას მოსკოვისა და პიტერის სუპერმარკეტებში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .


მაინც რატომ იწვევდა მოსკოვის ასეთ გაღიზიანებას ხსენებული ლაბორატორიის არსებობა? რა თქმა უნდა არანაირ „ბიოლოგიურ იარაღს" იქ ამერიკელები არ აწარმოებდნენ და ეს რუსებმა შესანიშნავად იციან. ლაბორატორია სტრატეგიული ბიოლოგიური რისკების ანალიზს ემსახურება, რასაც ამერიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. რასაკვირველია, ურჩევნიათ ამგვარი ლაბორატორია თვით ამერიკის ტერიტორიაზე კი არ იყოს, არამედ სადმე შორს - ზოგადად საინტერესო რეგიონში: ირანის, ისრაელის, სირიის, ანუ „დიდი ახლო აღმოსავლეთის" მეზობლად. სენატორი რიჩარდ ლუგარი ალტრუისტი ან ქველმოქმედი არ არის, ხოლო პენტაგონი ასეულობით მილიონ დოლარს მხოლოდ „ქართული ჯილეხის" გამო არ დახარჯავდა.

ონიშჩენკოს განცხადებასთან ერთად, უცნაური დიპლომატიური ტექსტი გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც შეშფოთებაა გამოთქმული „ამერიკული არმიის ბიოლოგიური აქტიურობის გამო რუსეთის ფედერაციის საზღრებთან". ტექსტი რუსული დიპლომატიისათვის (ისევე, როგორც ზოგადად დიპლომატიისათვის) ჩვეული გაიძვერობითაა შედგენილი. დავაკვირდეთ: საქართველო ნახსენებიც არ არის, რათა ამერიკელებს და ქართველებს არ შეძლებოდათ ერთობლივი საპასუხო დემარშის განხორციელება. თუმცა, იმასაც მივაქციოთ ყუარდღება, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ისედაც ძალზე უცნაურად დუმს: თითქოს ვერ მიხვდნენ რაშია საქმე და ვითომ არც წაუკითხავთ ონიშჩენკოს „თანამდევი განცხადება". მიზეზი გასაგებია: ონიშჩენკოს რომ ბიოლოგიურ ლაბორატორიაზე გაკეთებულ განცხადებაში რუსულ ბაზარზე ამერიკული „ქათმის ბარკლების" იმპორტის აკრძალვაზეც მიენიშნებინა, სულ სხვა საქმე იქნებოდა. თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრები ხვდებიან, რომ სინამდვილეში, მოსკოვის სამიზნე საქართველოა და ონიშჩენკოს მუქარა მხოლოდ საქართველოს ეხება, ამიტომ ჩვენი გულისთვის აუტკივარი თავი რატომ აიტკივონ და მოსკოვთან დიპლომატიურ კინკლაობაში რატომ უნდა შევიდნენ? საქართველოს ემუქრება და საქართველომვე უპასუხოს - აბა ისინი არ შუაშია არიან? თითქოსდა, გენადი ონიშჩენკოს ან ლავროვის უწყებას საქართველო ეგულისხმათ „ბიოლოგიური იარაღის მწარმოებლად" და არა ამერიკა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სანქციებს მოსკოვი საქართველოს აკისრებს და სწორედ ქართულ პროდუქციას არ შეუშვებს ბაზარზე, ამერიკისთვის კი არაფერი იცვლება: ამერიკულ „ქათმის ბარკლებს" „როსპოტრებნადზორი" (ყოველ შემთხვევაში ამ საქმესთან დაკავშირებით) ჯერ-ჯერობით არ ემუქრება.


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვიდან გაჟღერებულ მუქარას საქართველოს ექს-ჯანდაცვის მინისტრ ამირან გამყრელიძის მედიდური პასუხი მოჰყვა: „ჩამოვიდეს გენადი და თავად დარწმუნდეს, რომ ლაბორატორიაში არანაირი ბიოლოგიური იარაღი არ იწარმოებაო". სინამდვილეში, ონიშჩენკოს გამყრელიძის ჭკუის სწავლება ნამვილად არ სჭირდება: ძალიან კარგად იცის, რომ არავითარი ბიოლოგიური იარაღი იქ არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ლაბორატორიას დიდი ხანია „ისკანდერებით" გაანადგურებდნენ. რეალურად, მოსკოვის გაღიზიანების მიზეზი არა „ბიოლოგიური საფრთხე", არამედ ის გარემოებაა, რომ ლაბორატორია ფაქტიურად (არა იურიდიულად, თუმცა ფაქტობრივად) ამერიკული არმიის სტრატეგიული ობიექტია კავკასიაში, რომელიც რუსებს საკუთარ გავლენის სფეროში შემავალ ტერიტორიად მიაჩნიათ. ამ ლაბორატორიის არსებობა ადასტურებდა, რომ თბილისი აგრძელებდა ამერიკასთან სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებში ექსკლუზიური თანამშრომლობის კურსს - მოსკოვის ნებართვისა და თანხმობის იგნორირებით. სწორედ ეს იწვევდა მოსკოვის გაღიზიანებას და ამიტომაც მოითხოვდნენ ამ ობიექტის დახურვას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი გვემუქრებოდნენ მოლაპარაკებათა შეწყვეტით სასოფლო-სამეურნეო პროდუციის ექსპორტის საკითხებზე.

როგორ მოიქცა ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება? მოიქცა აბსოლუტურად სწორად: რაკი შეატყო, ამერიკას თავი ისე ეჭირა მისი ფინასებითა და სამხედრო მხარდაჭერით შექმნილი, პირველ რიგში სამომავლოდ მისთვის სასარგებლო ლაბორატორიის თაობაზე ატეხილ დიპლომატიურ ომში, თითქოს ეს ყოველივე მას არ ეხებოდა, თბილისმაც მიიღო სრულიად გამართლებული და პრაგმატული გადაწყვეტილება: შეუცვალა ლაბორატორიას სტატუსი, დაუქვემდებარა ჯანდაცვის სამინისტროს და მოიწვია რუსი სპეციალისტები. ახლო მომავალში ეს ლაბორატორია „ქართულ-რუსულ კვლევათა ცენტრადაც" შეიძლება გადაკეთეს.

ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც მრავალმნიშვნელოვან (სინამდვილეში არაფრის მთქმელ) დუმილს ამჯობინებდნენ ონიშჩენკოსა და ლავროვის ანტიქართული განცხადებების გამო, ძალიან ნუ გაუკვირდებათ: ეს ქართული პოლიტიკის ახალი, პრაგმატული სტილია (ვსწავლობთ ამერიკისგან 2008 წლიდან), რომელიც კიდევ მრავალჯერ გამოვლინდება ამჟამინდელი ხელისუფლების დროს სხვადასხვა სფეროში, რათა ჩვენი პარტნიორები დავარწმუნოთ, რომ მოკავშირეობა მხოლოდ ცალმხრივ პასუხისმგებლობას ანუ ცალხრივ თავის ტკივილს არ ნიშნავს.

„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

ავტორი: . .