ამ მრავალწლიანმა, თანდაყოლილმა ავადმყოფობამ საქართველოს უამრავი მარცხი აგემა დიპლომატიურ ფრონტზე ბოლო 20 წლის განმავლობაში. მათ შორის აფხაზეთის ომის დროს და მას შემდეგაც, როცა აფხაზი და ოსი სეპარატისტები (ბუნებრივია, რუსი კოლეგების მხარდაჭერით) ქართველ „მომლაპარაკებლებს" თავის ჭკუაზე აწრიალებდნენ, ხოლო დოკუმენტებში დაფიქსირებული დებულებები იოლად გადაიზრდებოდა ხოლმე გადამწვარ სოფლებსა და ყელგამოღადრულ მშვიდობიან მოსახლეობაში: 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით დაწყებული და კონფლიქტთა „დარეგულირების" ფორმატებით გაგრძლებული.
ხსენებული სინდრომი დღემდე გრძლდება და კიდევ ბევრ დამარცხებას გვიქადის, რისი კლასიკური მაგალითიცაა ის, რაც ამჟამად ხდება საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენასთან დაკავშირებით. უბრალოდ გამაოგნებელია „ხბოს აღტაცება", რომლითაც ზოგიერთი მოქმედი და ყოფილი დიპლომატი (აწ უკვე პარლამენტში გადაბარგებული) გვიყვება, რომ თურმე „პირველი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოში ეუთოს მისიის აღსადგენად". თანაც ისე, რომ „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი სრულად იქნება გათვალისწინებული". იმას კი ვერ ამჩნევენ თავიანთი მწირი ინტელექტისა და დიპლომატიური ცოდნის გადამკიდე, რომ ეს „პირველი ნაბიჯები" თვით რუსეთმა გადადგა, რაკი მოსკოვის მიზანი აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" კონფლიქტურ ზონებთან ევროკავშირის მისიის შეწყვეტაა. უფრო ზუსტად, ამ მისიის ჩანაცვლება - ეუთოს და გაეროს მისიებით!
დავაკვირდეთ რა ხდება: 2008 წლის აგრესიის შემდეგ, მოსკოვმა ვეტო დაადო „საქართველოში ეუთოს საველე მისიის" გაგრძელებას იმ მოტოვით, რომ მან უკვე სცნო სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, და, აქედან გამომდინარე, ერთიანი მისია საქართველოში ვეღარ იმოქმედებდა. მისი აზრით და მოთხოვნით, უნდა ყოფილიყო ორი მისია: „მისია საქართველოში" და „მისია სამხრეთ ოსეთში". ამას თბილისი, საბედნიეროდ, არ დათანხმდა, ისევე, როგორც არ დათანხმდენენ ევროპელები. ევროკავშირმა საქართველოში გამოაგზავნა თავისი დამკვირვებლები, რომლებიც გამყოფი ზოლის გასწვრივ განლაგდნენ როგორც აფხაზეთთან, ასევე სამხრეთ ოსეთთან. ისინი მუდამ მოითხოვდნენ (ახლაც მოითხოვენ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას, მაგრამ უარს იღებდნენ სეპარატისტებისა და მოსკოვისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ევროკავშირის მისია თითქოს უშედეგო ჩანდა, სინამდვილეში მან უდიდესი როლი შეასრულა ვითარების სტაბილიზებაში. ერთ-ერთი შედეგი, მაგალითად, ის გახდა, რომ მოსკოვმა დაშალა ე.წ. „სამხერთ ოსეთის არმია", რაკი ამ „არმიის" ნებისმიერი სასაზღვრო პროვოკაციის გამო, პასუხისმგებლობა ევროკავშირის წინაშე მას დაეკისრებოდა.
ევროკავშირის მონიტორებმა გაავლეს ზღვარი ევროპის პასუხისმგებლობის ზონასა და რუსეთის უშუალო გავლენის სფეროს შორის. ძალიან სუსტი, ჯერ კიდევ მყიფე, მაგრამ მაინც ზღვარი!
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში ევროკავშირის მისიის განლაგებით შეიქმნა მოსკოვისათვის ძალიან არასასიამოვნო (გარკვეულწილად სახიფათო) პრეცედენტი, როდესაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას თავისი „პრივილეგირებული ინტერესების ზონად" მიაჩნია, სამშვიდობო მისიას ახორციელებს საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია, რომლის წევრიც რუსეთი არ არის! რუსეთი არ არის ევროკავშირის წევრი და მისიის მოქმედებაზე ან დასკვნებზე მას არანაირი გავლენის მოხდენა არ ძალუძს. სამაგიეროდ რუსეთი ეუთოს წევრია, ეუთოში კი მას ნებისმიერი გადაწყვეტილების დაბლოკვა და მისიის ხელმძღვანელობაზე უშუალო (!) ზემოქმედება შეუძლია. ამიტომ, ტრადიციულად გაიძვერა რუსული დიპლომატიის მიზანი ამჟამად ისაა, „ხბოსავით აღტაცებული" ქართველი კოლეგები დაითანხმოს რაიმე კომპრომისზე ეუთოს მისიასთან დაკავშირებით, რაც მას საშუალებას მისცემს ერთის მხრივ ევროკავშირის მისია ჩაანაცვლოს, მეორეს მხრივ არაფერი დათმოს „სამხრეთ ოსეთის" აღიარებასთან დაკავშირებით.
მაგალითად, ასეთი „ვითომ კომპრომისი": ეუთოს მისია იყოს უსახელო, სათავო ოფისი განლაგდეს არა ცხინვალში ან თბილისში, არამედ ვენაში, მოქმედების არეალი განისაზღროს გეოგრაფიული სახეწლოდებებით: ვთქვათ „ეუთოს მონიტორთა ჯგუფი ლიახვის ზონიდან - გორამდე" და ა.შ. საუკეთესო შემთხვევაში (თუ ქართველი კოლეგები მთლად იდიოტები აღმოჩნდებიან) შესაძლოა იმასაც მიაღწიონ, რომ ვენის „ერთიანი მისია" ორ დეპარტამენტად გაიყოს: „ცხინვალისა" და „გორის" მისიებად. ამაზე ოს სეპარატისტთა დათანხმება გაუჭირდებათ (ისინი უეჭველად მოითხოვენ სახელწოდების შენარჩუნებას) მაგრამ იმათ რაიმენაირად დაარწმუნებენ. მთავარია ქართველები მოატყუონ.
იგივე განმეორდება აფხაზეთშიც - „გაეროს მისიასთან" დაკავშირებით, რომელსაც 2008 წელს მოსკოვმა თავზე გადაახია ყველა რეზოლუცია.
საბოლოოდ, ევროკავშირის ის ქვეყნები (პირველ რიგში გერმანია), რომელთაც ერთი სული აქვთ საქართველოს „აბეზარი პრობლემა" მოიშორონ, რუსეთი არ გააღიზიანონ და, იმავდროულად, სახეც არ დაკარგონ, შვებით ამოისუნთქავენ, „ევრომონიტორებს" გაიყვანენ, ხოლო ჩვენ დავრჩებით რუსეთის სრულ კონტროლს დაქვემდებარებული ეუთოს (და გაეროს) მისიებისა და კიდევ ერთხელ „გამარჯვებული" ქართული დიპლომატიის ამარა.
„ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი