ENG / RUS       12+

უკანასკნელი დღეების მისტერია - მიშას 96 საათი

ცნობილი გამონათქვამია, რომ ადამიანი - სტილია, ხოლო სტილი - ადამიანი. ფრანგი ბუნებისმეტყველის, ჟორჟ ლეკლერკ ბუფონის ეს გენიალური ფრაზა ორგზის ჭეშმარიტია, როცა საქმე პოლიტიკოსს ეხება.

ვინც იცნობს მიშას, ან მის პოლიტიკურ მოღვაწეობას აკვირდება თუნდაც იმ მომენტიდან, როდესაც ხარბად შესვა შევარდნაძის ჩაი პარლამენტის ტრიბუნაზე, დარწმუნებული იქნებოდა, რომ იგი იოლად და უხმაუროდ არ წავიდოდა პოლიტიკური სცენიდან. და რაღაცაში მაინც გამოამჟღავნებდა თავის სტილს, ანუ საკუთარ არსსა და იდენტობას.

როდესაც საქმე სტილს ეხება, იქ ლოგიკური კითხვები უაზრობად იქცევა: რა დანიშნულება ჰქონდა არჩევნების თარიღის შეცვლას პირველად ან მეორედ? ეს კითხვა მხოლოდ იმან შეიძლება დასვას, ვინც თავად არ შეხვრეპდა სხვის ჩაის, რათა ძალაუფლების ფანატიკური წყურვილი დაეოკებინა. თორემ ჩვენი პრეზიდენტის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია: როდესაც, ჯერ კიდევ 2003 წელს, ზოგიერთი „აბეზარი" ამბობდა, რომ მიშას იმპულსურობამ თავდაპირველად შეიძლება კიდეც მოიტანოს შედეგი (მაგალითად აჭარაში), მაგრამ საბოლოდ კატასტროფას მოასწავებს - ცოტა თუ ისმენდა. მათ შორის დღევანდელ „მეოცნებეთა" იდეოლოგნი.

ძნელი დასაჯერებელია, მანანა მანჯგალაძეს შეშლოდა, ანუ ნაცვლად „თვის ბოლო დღისა", „თვის ბოლო კვირა" ამოიკითხა: საკმაოდ ჭკვიანი და დაკვირვებული ქალბატონია. ყოველ შემთხვევაში, კითხვა არასდროს ეშლებოდა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ანდრო ბარნოვის ბრიფინგი მას შემდეგ შედგა, რაც მიშამ დამოკლეს მახვილით გადაჭრა პრეზიდენტის კარზე იურისტ-ექსპერტთა ორი ჯგუფის პაექრობა: ერთნი ეუბნებოდნენ: მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნები მხოლოდ უქმე დღეს შეიძლება გაიმართოს, თანაც მხოლოდ შაბათს ან კვირასო. ასეთ შემთხვევაში კი „ბოლო კვირა" 27 ოქტომბერია. ხოლო მეორენი ამბობდნენ იმას, რაც მიშას უნდოდა მოესმინა: „ბოლო დღესაც შეიძლება!". პრეზიდენტიც სწორედ მათ მიემხრო. დეკემბერში არ გამოდიოდა, თორემ 31 დეკემბერს დანიშნავდა არჩევნებს.

სანამ პრეზიდენტი თარიღს კიდევ ერთხელ შეცვლიდა, უამრავი მოსაზრება გამოითქვა: რაში დასჭირდა მას ეს ყოველივე და რა მნიშვნელობა აქვს, „ბოლო ბოლო" იმ ოთხ დღეს? რატომ არის ეს 96 საათი მისთვის ესოდენ საკრალური? რა ვერსია არ გაჟღერდა, რა არ დაიწერა. მათ შორის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ვერსიაა ვილნიუსის სამიტზე დასწრების სურვილი პრეზიდენტის რანგში. თუ ახალი პრეზიდენტის არჩევას მეორე ტური დასჭირდა (შეიძლება კიდეც დასჭირდეს, რაკი პრემიერი ივანიშვილი აგრძლებს აბსოლუტურად გაუგებარი განცხადებების გახმოვანებას საკუთარ წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით), მაშინ ის რამდენიმე დღე მართლაც იძენს მნიშვნელობას.

ევროკავშირის სამიტი, რომელზეც საქართველომ, შესაძლოა, ნანატრი „ასოციაცია" მიიღოს, ნოემბრის ბოლოს იმართება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე კი ქვეყანას ისევ მიშა წარმოადგენს. ევროპული ტრადიციის შესაბამისად, თითქმის გამორიცხულია ევროპელებმა პრემიერ-მინისტრი მიიწვიონ და არა პრეზიდენტი. მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც ვანო მერაბიშვილს პირველად უწოდეს „პოლიტპატიმარი".

თუმცა, ამ ვერსიას ის ნაკლი აქვს, რომ პირველიდან მეორე ტურამდე ფორმალურად ორი კვირაა და ოთხ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნებოდა. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ეს 96 საათი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის არა პრაქტიკულად, არამედ ფსიქოლოგიურად და სიმბოლურადაა მნიშვნელოვანი: „უკანასკნელ დღეს" წასვლით, ვადის ბოლომდე „ამოწურვით", იგი მთელ ქვეყანას ეუბნებოდა (ცდილობდა ეთქვა) რომ არ მიაჩნია თავი დამარცხებულად! და რომ არაფერს ნანობს, რაც 10 წლის განმავლობაში გააკეთა; არ თვლის, რომ რაიმესთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ან მოსანანიებელი - მათ შორის 2008 წლის აგვისტოსთვის: და რომ მტკიცედ სჯერა: ისტორიაში საბოლოოდ მაინც დადებით ფიგურად შევა.

ეს არის „ვარდების რევოლუციის სინდრომი", - ის დაუვიწყარი მომენტი, როდესაც CNN-ი პირდაპირ ეთერში გადასცემდა ძველი პარლამენტის კიბეებიდან მოზეიმე ხალხის წიაღში ჩასული ლიდერის თავისუფალ და ამაყ ცურვას მასაში. ეს ხომ ერთადერთია, რაც მას დარჩება ჯერ კიდევ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში: განა რა არის 46 წელი, მით უმეტეს მისთვის?

ოღონდ ისტორია სასტიკია. ისევე, როგორ პოლიტიკა. მათი ყველაზე დიდი სისასტიკე ისაა, როდესაც წამსვლელ პოლიტიკოსს უკანასკნელ „სათქმელსაც" აღარ უტოვებენ: არჩევნების თარიღის კიდევ ერთხელ შეცვლას ათასჯერ სჯობდა, მიშას თავდაპირველი გადაწყვეტილება დაეტოვებინა ძალაში; ასჯერ სჯობდა - 31 ოქტომბერი დაეჟინებინა. მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა, სრული კოშმარია და რაღაცით უკვე „გორის" ტრაგიკულ ეპიზოდს ემსგავსება. ამაზე დიდ საშინელებას ვერავინ მიაწყევლიდა - თვით თავგადაკლული მოძულენიც კი.

„საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო ვითარების შექმნა" მხოლოდ საბაბად თუ გამოდგება. „უკანასკნელ დღეთა მისტერიის" რაციონალური ახსნა სრულიად ფუჭია, ისევე, როგორც ნებისმიერი ლოგიკური მსჯელობა, როდესაც საქმე შექსპირულ ვნებათა მძვინვარებას ეხება.


„ჯი-ეიჩ-ენი", მიხეილ გეწაძე

ავტორი: . .