ბოლოდროინდელი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ეკონომიკაში საქმე იმაზე ბევრად უარესედაა, ვიდრე თვით ყველაზე პესიმისტურად განწყობილ ექსპერტებს შეეძლოთ წარმოედგიანთ. უკვე საუბარია არა ეკონომიკური ზრდის შენელებაზე, არამედ ეკონომიკურ დამბლაზე: მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ ნული პროცენტი შეადგინა. ანუ, ქვეყანა, ფაქტობრივად, გაჩერდა! ლოგიკურად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სულ მალე ეკონომიკა მინუსშიც გადავარდება. ესე იგი დაიწყება რეცესია, რაც საქართველოს პირობებში სრულ კატასტროფას ნიშნავს. ევროპამ და ამერიკამ შეიძლება კიდევ გაუძლონ რეცესიას, ესე იგი ეკონომიკის შემცირებას, მაგრამ საქართველოსთვის ეს დაღუპვის ტოლფასია. ვსაუბრობთ არა განყენებულ ციფრებზე, არამედ ათიათასობით რეალურ სამუშაო ადგილზე, რომელიც უკვე დაიკარგა და ბევრად მეტი დაიკარგება; აგრეთვე საბანკო სისტემის მდგრადობაზე; ლარის სიმყარეზე და ა.შ და ა.შ. ერთი შეხედვით უცნაურია: 2008 წლიდან, როდესაც მთელი მსოფლიო რეცესიამ მოიცვა, საქართველოს ეკონომიკა მცირედ (3-4-5%) მაგრამ ყოველწლიურად მაინც იზრდებოდა. ამჟამად კი, როცა გლობალურმა ეკონომიკამ ზრდა დაიწყო, ჩვენი ეკონომიკა არათუ მცირდება, არამედ მინუსში ვარდება. რა არის ამის მიზეზი?
პირველ რიგში ის გავარკვიოთ, რატომ და რისი „წყალობით" იზრდებოდა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობები იმ ქვეყნის ეკონომიკა, რომლის 20 პროცენტი, ამასთანავე, ოკუპირებულია მეზობელი სახელმწიფოს მიერ. თუ გულწრფელნი ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ხდებოდა სწორედ იმ ავტორიტარული რეჟიმის და „ხელით მართვის" შედეგად, რომელიც ქვეყანამ მოიშორა 1 ოქტომბრის არჩევნებზე. ზრდა რეალური იყო, მაგრამ ამ ზრდას უზრუნველყოფდა ავტორიტარიზმი და პოლიტიკური პლურალიზმის ნაკლებობა.
ალბათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ სეტრეოტიპებზე უარის თქმა და მივეჩვიოთ პარადოქსულ აზროვნებას. ძალიან ძნელია, მაგრამ ამის გარეშე ჩავრჩებით ინტელექტუალურ ჭაობში, რომელიც სხვა ყოველმხრივ დაჭაობებასაც განაპირობებს: საქართველოს მაგვარი ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილურობის განცდა. ეკონომიკის ზრდას, სინამდვილეში, განაპირობებს არა მხოლოდ და არა იმდენად უცხოელი ინვესტორი, ვინც მზადაა ათი ან თუნდაც ასი მილიონის დოლარი ჩადოს რომელიმე პროექტში, არამედ ასიათასობით წვრილი ქართველი მეწარმე! მაგალითად ის, ვინც სესხს იღებს ბანკში, რათა სატვირთო მანქანა „გაზზე გადააკეთოს" ან „პრიცეპი" იყიდოს და კახეთიდან სამეგრელოში რამდენიმე ტონა საზამთრო ჩაიტანოს გასაყიდად, პატარა მაღაზია შეიძინოს ახალციხეში, საოჯახო ტიპის სასტუმრო ააშენოს მესტიაში და სხვა.
დღეს ეს „მასობრივი ინვესტორი" და აქტიური მეწარმე გაჩერდა, რაკი არ იცის რა იქნება ხვალ, არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები და არც გარისკავს სესხის აღებას. შესაბამისად, გაჩერდა ეკონომიკაც. ან მეორე მაგალითი: ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა პირობა და სასოფლო-სამეურნეო მიწები ბიუჯეტის ხარჯზე (!) მოხნა. მერე და რა - ამით? ამ მიწების დიდი ნაწილი დაუთესავი დარჩა, რადგან თესვა ხარჯებს მოითხოვს, მეპატრონე კი არ რისკავს, რაკი „კაცმა არ იცის, რა იქნება და როგორ იქნება ხვალ".
ვითარება სრულიად კატასტროფული გახდა პრემიერ-მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადების შემდეგ - პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. რა თქმა უნდა, ტაში დაუკრეს მათ, ვისაც ჰგონია, რომ საქართველოს პირობებში (ხაზს ვუსვამ: საქართველოს პირობებში) მეტი დემოკრატია, მეტი პლურალიზმი და ხელისუფლებათა ხშირი ცვლა მეტ სამუშაო ადგილს და მეტ შიდა თუ გარე ინვესტიციას ნიშნავს. არადა, ჩვენს რეალობაში საქმე საპირისპიროდაა. ივანიშვილის განცხადებამ საბოლოოდ მოუკლა შიდა თუ გარე ინვესტორს, წვრილ მეწარმეს რაიმე აქტივობის და გარისკვის სურვილი: „რა იცი ხვალ რა ხდება, რა იცი ხვალ რა იქნება?" რისკის გარეშე კი ბიზნესი არ არსებობს. ისევე, როგორც ნორმალური ეკონომიკა - ბიზნესის გარეშე.
აქედან გამომდინარე, საქართველოში პასუხისმგებელმა პოლიტიკოსმა დღენიადაგ ისეთი შთაბეჭდილება უნდა შექმნას, რომ უახლოესი 50 წლის განმავლობაში ის და მისი გუნდი არსად წასვლას არ აპირებენ! რომც აპირებდეს წასვლას - მაინც ამგვარი სურათი უნდა დახატოს. ივანიშვილმა კი, თავისი გამაოგნებელი განცხადებით, მომავლის და პერსპექტივის ხედვა მთლიანად დაანგრია. „სამაგიეროდ, მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატია ვხდებით" - ამბობენ პრიმიტიული სქემების მოყვარულნი. „მერედა ეს მრავალპარტიულობა და საპარლამენტო პლურალიზმი ვჭამოთ?" - პასუხობენ „ობივატელები", რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას შეადგენენ და ადრე თუ გვიან ყველას გააგებინებენ, რომ მათი ინეტრესების იგნორირება, - რაღაც პრიმიტიული სქემების სანაცვლოდ, - კიდევ უფრო სარისკოა, ვიდრე „მოდერნიზაციული ავტორიტარიზმის" მოდელი, რომელიც ქვეყანას მიშამ შესთავაზა.
მაგრამ როდესაც ეს პრობლემები წარმოიშობა, ბიძინა უკვე ძალიან შორს იქნება - პოლიტიკურადაც და ტერიტორიულადაც. გამაოგნებელი სიბრიყვეა მოსაზრება, თითქოს იგი „ქართველ დენ სიაოპინად" აპირებს ქცევას და თურმე „გვერდიდან" მართავს სიტუაციას ისე, რომ თვითონ ფორმალური პასუხისმგებლობა არ დაეკისროს. ჯერ ერთი, საქართველო არ არის ჩინეთი და ვერც ერთი ქართველი „დენ სიაოპინობას" ვერ მოახერხებს. აქ სულ სხვა კულტურაა, რომელიც ამგვარ საზიზღრობას საერთოდ გამორიცხავს. გარდა ამისა, ივანიშვილს სწორედ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უნდა (რაკი დარწმუნდა, რომ ვერც ერთ დაპირებას ვერ შეასრულებს) და მისთვის დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს, ფორმალური იქნება ეს პასუხისმგებლობა თუ არაფორმალური.
არავითარი „მილიარდების ჩადებას" საქართველოს ეკონომიკაში იგი არასდროს აპირებდა და არც ახლა აპირებს: „მადლობა მითხარით, რომ მიშა მოგაშორეთ და აწი კისერი გიტეხიათ!"
"ჯი-ეიჩ-ენი", გელა კალანდაძე