ENG / RUS       12+

რატომ მიდის ბიძინა?

პრემიერ მინისტრის განცხადებამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, მის თავგადაკლულ მომხრეებშიც კი არათუ დაბნეულობა, არამედ ძლიერი გაღიზიანება გამოიწვია: „რას ქვია მიდის? სად მიდის? ვის უტოვებს ქვეყანას ამათ? ამათ?!!! ამ „საპარლამენტო ბარდაკს", სადაც მთავარი პრობლემა ბუსუსებიანი პრეზერვატივები ჰგონიათ და ერთმანეთს ხვალვე დაჭამენ? ერთი დაპირება მაინც შეასრულა? ერთი საწარმო მაინც აამუშავა? . . . . " და ა.შ. და ა.შ.

რასაკვირველია, მუშაობს შიშის სინდრომიც. ეს არის „უხელისუფლებობის" ანუ ანაქრიის შიში და არა „მამა-მარჩენლისადმი" სწრაფვა, როგორც საქართველოს დამაქცევარი ქართული „პოლიტოკრატიის" ზოგიერთი წარმომადგენელი გვარწმუნებს. ხალხს მწარედ ახსოვს 90-იანი წლები და ის, თუ რა გამოიწვია „უხელისუფლებობამ".

არადა, ივანიშვილი აშკარად არ ხუმრობს: მოსაზრება, თითქოს იგი ეშმაკობს, სახელისუფლებო ტექნოლოგიებს იყენებს, უნდა რომ „დაუჩოქონ", გუნდის წევრებს აფრხილებს, სინამდვილეში კი „უახლოესი 20 წლის განმავლობაში არსად წასვლასაც არ აპირებს" - ასევე არ ჰგავს სიმართლეს: ბევრჯერ მოგვისმენია, რომ „ივანიშვილი არ არის სააკაშვილი". მაგრამ ივანიშვილი არც შევარდნაძეა! ყველა სიმპტომით (პირველ რიგში იმით, რომ საფრანგეთის მოქალაქეობას არ ელევა), იგი მართლა აპირებს წასვლას. იმიტომ, რომ, რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს რიგითი ქართველისთვის (ვინც, ქუჩაში შეხვედრისას რომ ქვეყნის პრეზიდენტობა შესთავაზო, აუცილებლად გკითხავს: „როგორ მომაგენიო") ბიძინა ივანიშვილს ეზიზღება საქმე, რომელსაც ხელი მოჰკიდა 2011 წლის 7 ოქტომბერს!

ხშირად გვსმენია, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და არ გააჩია პოლიტიკოსის თვისებები. რეალობა კი ბევრად უფრო რადიკალურია: ბიძინა ივანიშვილი არათუ პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკოსის უნარ- ჩვევებს ვერ ამჟღავნებს, არამედ არ გააჩნია ნორმალური პოლიტიკოსის მთავარი, ყოვლად აუცილებელი თვისება: ძალაუფლებით ტკბობის უნარი!


ჩვენ სტერეოტიპული აზროვნების საზოგადოებაში ვცხოვრობთ: „ცუდია, ადამიანს ძალაუფლება ხიბლავდეს". არადა, პოლიტიკოსისთვის ეს აბსოლუტურად აუცილებელი, ბუნებრივი და ჯანსაღი თვისებაა. ამის გარეშე კაცობრიობის ისტორია საერთოდ არ შედგებოდა. მაგრამ ადამიანს არ შეიძლება მოვთხოვოთ ის, რაც დაბადებით არ დაჰყვა: არ ხიბლავს ამ კაცს ის, რაც ხიბლავს სხვას. მორჩა და გათავდა. მას თავისი სამყარო აქვს, თავისი ღირებულებები, ცხოვრების წესი, პრიორიტეტები და ა.შ: პირველ რიგში, ფანატიკურად საყვარელი ოჯახი, გულუბრყვილო ჰობი (კაცობრიობისათვის ბავშვთა აღზრდის ახალი კონცეფციის შეთავაზება) მეგობრები, რომლებიც, განსახვავებით ნაძირალა პოლიტიკოსებისგან, მის ზურგს უკან არასდროს ილაპარაკებენ „ალბინოსებსა" და „კროვოსმეშანიაზე". ეს აუდიო ჩანაწერი დღესაც გველის ნაკბენივით ახსოვს და არასდროს დაავიწყდება.

მტკნარი სისულელეა, თითქოს ივანიშვილი 2002 წლიდან საქართველოში ძალაუფლების მოპოვებას გეგმავდა და თურმე ამიტომ უხდიდა პენსიას ათასობით ინტელიგენტს, ამიტომ აშენებდა, აფინანსებდა პროგრამებს და სხვა. მისი „კარჩაკეტილობა", ფსიქოანალიზით გატაცება და ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრების წესი საპირისპიროს მეტყველებს: თვით ბიძინა ივანიშვილის ფსიქოტიპი კატეგორიულად გამორიცხავს საჯაროობას, მაშასადამე გამორიცხავს პოლიტიკოსობასაც!

რაც შეეხება კონკრეტულ, ანუ „გამომდინარე" მიზეზებს: პრემიერ-მინისტრი დარწმუნდა, რომ ვერც ერთ დაპირებას ვერ შეასრულებს გარდა „ნაციონალური მთავრობის" მოშორებისა, რომ საქართველოს სტრატეგიული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პრობლემები არ დაიყვანება „მიშაზე" ან მის პარტიაზე, რომ ოქტომბრის შემდეგ მას მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უკვე მიშას ვეღარ გადააბრალებს და დროთა განმავლობაში მასაც აუცილებლად მოუმრავლდებიან ასეთივე მტრები, მოძულენი . . . . . გალანძღავენ მასაც და მის ოჯახსაც (პირველი სიმპტომი იყო ინსინუაციები ცნობილი „ჯიჰად-ვიდეოების" ვითომდაც ბერას სტუდიაში დამზადების შესახებ) და სხვა.

ეს ყოველივე ბიძინა ივანიშვილს ჭირის დღესავით ეზარება. უბრალოდ, არ უღირს არაფერი „ამ ფასად!". კომფორტით მას ვერავინ გააკვირვებს, ხოლო ძალაუფლებით ტკბობის უნარი ბუნებრივად არ დაჰყვა, განსხვავებით სამივე წინა პრეზიდენტისგან. ივანიშვილი მტკივნეულად თავმოყვარეა, მაგრამ არ არის პატივმოყვარე. ამ ორ თვისებას ჩვენში ხშირად აიგივებენ, რაც დიდი შეცდომაა.

ამგვარი ფსიქოტიპის ხელისუფლებაში დარჩენა არათუ საცოდაობაა, არამედ საშიშიც კია ქვეყნისთვის: ბოლოს და ბოლოს, ჯერ კიდევ ბრძენი მაკიაველი მიანიშნებდა, რომ სწორედ ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ძალაუფლებით ტკბობის უნარი და მისი დაკარგვის შიში აიძულებს ხელისუფალს, იყოს პასუხისმგებელი, კრეატიული, გამოამჟღავნოს ლიდერის თვსიებები, (რაკი პოლიტიკოსი არ შეიძლება არ იყოს გუნდის ლიდერი), იბრძოლოს, იეშმაკოს, ზოგჯერ იმზაკვროს, შეურაცხყოფები და ცილისწამებები მოითმინოს, აუტანელი აიტანოს, სახელისუფლებო ტექნოლოგიები გამოიყენოს, ანუ ყველაფერი ის, რის გარეშეც პოლიტიკა არ არსებობს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი.

ივანიშვილს ეს ყოველივე ეზიზღება. ძალაუფლება მას არასდროს სწყუროდა. ამდენად, არც არანაირი „რეზონი" არ გააჩნია, თავი დაიტანჯოს. მით უმეტეს, რომ საკუთარ მისიად, სინამდვილეში, მხოლოდ „მიშას მოშორება" მიაჩნდა და მეტი არაფერი. ყველაფერი სხვა საარჩევნო რიტორიკა იყო.

ბიძინა ივანიშვილის, როგორც ხელისუფალისა და პოლიტიკოსის დღევანდელი მდგომარეობა იმას ჰგავს, კაცმა ცოლი მოიყვანოს და ცოლ-ქმრული ურთიერთობა უხამსობად მიაჩნდეს. მერედა გამოვა რამე ამ საქმიდან? რა თქმა უნდა არა!

„ჯი-ეიჩ-ენი", დავით ავალიშვილი

ავტორი: . .